Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

„გაყინული პროცესი“ - როგორ მიდის ბოლნისის პოლიციაში ნაწამები მოზარდის საქმის გამოძიება


„არ გვინდა ამაზე ლაპარაკი, დაგვანებეთ თავი. დაანებეთ ბავშვს თავი. ყველა პოლიციელი დაისჯება“, - ამბობს რადიო თავისუფლებასთან საუბრისას 16 წლის მოზარდის მამა. მისი შვილი რამდენიმე თვის წინ, ბოლნისის რაიონულ სამმართველოში ქურდობის აღიარების მიზნით აწამეს, ხელი მოტეხეს და გაუპატიურებით ემუქრებოდნენ.

დღეს მოზარდის მშობლები მომხდარზე აღარ ლაპარაკობენ. რამდენიმე თვის წინ, მოზარდის დედა ამბობდა, რომ პოლიცია მათ გაჩუმებას სთხოვდა და სანაცვლოდ ფულსაც სთავაზობდნენ:

„მოდიოდნენ, ფულებს გვაძლევდნენ, რომ არ გვიჩივლოთ, გეხვეწებით, ასე ვიზამთ, ისე ვიზამთ, პატარა ბიჭი სკოლაში ვეღარ გამიშვია. არ ილაპარაკოთ არაფერზეო, პოლიციამ მოგვიტანა 200 ლარი, დაგვიდო მაგიდაზე და წავიდნენ. მაშინვე დავურეკე ჩემს მეუღლეს, ეს ფული მოაცილე სახლიდან მეთქი, რად გვინდა, მაგათი ფული“.

შსს-ს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის ბოლნისის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა 16 წლის მოზარდზე 10 თვის წინ იძალადეს:

„გამიყვანეს პოლიციაში. შემიყვანეს უკნიდან, როდესაც შემიყვანეს, იქ დამხვდა თორნიკე ონიანი, რომელიც არის, მგონი, პოლიციის უფროსი. ის დაახლოებით, 10-15 წუთის განმავლობაში მცემდა. როდესაც ვერაფერი მათქმევინა, თან ეჩქარებოდა, უთხრა ბიჭებს, მიხედეთ და თქვენ ათქმევინეთო. ბოთლი მოიტანეს. შარვალს როდესაც მხდიდნენ, ამ ბოთლს მადებდნენ, თან, ვიდეოსაც იღებდნენ მაგ დროს. როდესაც წინააღმდეგობა გავუწიე, დამაგდეს, მცემეს, ვყვიროდი, ხელი მომტყდა, არავის სჯეროდა და უფრო მირტყამდნენ“...

მოზარდის წამების ფაქტი 10 აპრილს ქვემო ქართლის საოლქო პროკურატურამ დაადასტურა და ის დაზარალებულად სცნო. საქმესთან დაკავშირებით სამსახურიდან გათავისუფლდა ორი პოლიციელი. დააკავეს ერთი პოლიციელი. გამოძიება კვლავ მიმდინარეობს.

მოზარდის წამების საქმეზე მიმდინარე გამოძიების დეტალებზე, 20 დეკემბერს რადიო თავისუფლება გენერალურ პროკურატურას დაუკავშირდა. უწყება მხოლოდ მცირე კომენტარით შემოიფარგლა: „საქმეზე დაკავებულია ერთი პოლიციელი (კ.ჩ). სასამართლოში მიმდინარეობს საქმის არსებითი განხილვა. გამოძიება გრძელდება ქვემო ქართლის საოლქო პროკურატურის საგამოძიებო ნაწილში“.

ბოლნისის პოლიციაში მომხდარი შემთხვევის შესახებ კომენტარს არ აკეთებენ შსს-ში.

მოზარდის ადვოკატი, ფრიდონ სიხუაშვილი, რადიო თავისუფლებასთან ამბობს, რომ „მოზარდის წამების საგამოძიებო პროცესი გაყინულია“.

მოზარდის ადვოკატი უკვე თვეებია მოითხოვს იმ 10-მდე პოლიციელისა და გამომძიებლის დაკავებას, რომლებიც მისი განცხადებით, პირადად იღებდნენ მონაწილეობას არასრულწლოვნის წამებაში და ასევე მტკიცებულებების გაყალბებას უწყობდნენ ხელს:

„გამოძიება არაფერს აკეთებს, გარდა იმისა, რომ ერთი პოლიციელია დაკავებული, რომელმაც ხელი მოტეხა ბავშვს. დანარჩენი პროცესი გაყინულია. რამდენიმე პირი გაათავისუფლეს, მათ შორის, პოლიციის უფროსი, თუმცა, დანარჩენები, გამომძიებლები, რომლებმაც ჩაიდინეს სავარაუდო დანაშაული, მტკიცებულებების გაყალბებასთან დაკავშირებით, კვლავ თავის პოზიციებზე რჩებიან. თანამდებობებზე რჩებიან ასევე ის პირები, რომლებმაც ფიზიკურად იძალადეს და აწამეს ბავშვი“.

ინფორმაცია, რომ მოზარდი ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის ბოლნისის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა ქურდობის აღიარების მიზნით სავარაუდოდ აწამეს, მომხდარიდან რამდენიმე თვის შემდეგ, 16 მაისს გასაჯაროვდა.

ამ ფაქტის შემდეგ, 10 თვეზე მეტია გასული. როგორია მოზარდის ფსიქოლოგიური მდგომარეობა, უცნობია. ამის შესახებ არ საუბრობენ მისი მშობლები. იმის გამო, რომ სოციალური მომსახურების სააგენტოში მოზარდისთვის ფსიქოლოგიური დახმარების მოთხოვნით არანაირი მიმართვა არ შესულა, არაფერი იციან მისი მდგომარეობის შესახებ არც ქვემო ქართლის სოციალური მომსახურების სააგენტოს თანამშრომლებმა.

როგორც სოციალური მომსახურების სააგენტოში განუმარტეს რადიო თავისუფლებას, არავის მიუმართავს მათთვის ფსიქოლოგის მომსახურების მოთხოვნით: „არც ოჯახისგან, არც სკოლისგან, არც პოლიციისგან სოციალური მომსახურების სააგენტოს ქვემო ქართლის განყოფილებაში შეტყობინება არ შესულა. შესაბამისად, სოციალური სამსახური ამ პროცესში ჩართული ვერ იქნებოდა“.

შსს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის ბოლნისის რაიონული სამმართველოს თანამშრომლების მიერ ჯგუფურად, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, არასრულწლოვან თ. ა.-ს მიმართ განხორციელებული წამების ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 144 პრიმა მუხლის მეორე ნაწილის ,,ა“, ,,ბ“, ,,ე“ და ,,ზ“ ქვეპუნქტებით, რაც გულისხმობს მოხელის ან მასთან გათანაბრებული პირის მიერ სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით ჯგუფურად წამებას და რაც ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ცხრიდან თხუთმეტ წლამდე, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით ხუთ წლამდე.

XS
SM
MD
LG