პირველად ისტორიაში საქართველოს გარემოსდაცვითი ომბუდსმენი ჰყავს. დევიდ მორისონი საზოგადოებას დღეს პრემიერ-მინისტრმა წარუდგინა. გარემოსდამცველები აცხადებენ, რომ ეს ინსტიტუცია მათგან დამოუკიდებლად ჩამოაყალიბეს და ბევრი კითხვა მათთვის პასუხგაუცემელი რჩება.
დევიდ მორისონი წლების განმავლობაში კავკასიის ბუნების ფონდის ხელმძღვანელი იყო. დღემდე რჩება ასევე„Georgia Capital“-ის არააღმასრულებელი დირექტორის პოსტზე.
„11 წლის განმავლობაში პარკები, დაცული ტერიტორიები იყო ჩემი მისია. სხვადასხვა ინსტიტუტებს ვთხოვდი მხარდაჭერას. მიუხედავად იმისა, რომ ქართული არ ვიცი, ქართული ბიზნესის ენაზე ვსაუბრობ. მე ვიცი, რომ საქართველოს სჭირდება მდგრადი მწვანე ეკონომიკა. მწამს, რომ ეს ორი რამ ერთმანეთთან თანხმობაშია...“ - განაცხადა დევიდ მორისმა წარდგენისას.
მისივე თქმით, ომბუდსმენის ფუნქციაა მოუსმინოს ყველას - მთავრობას, ექსპერტებს, არაექსპერტებს და ასევე გაითვალისწინოს სხვა ქვეყნების გამოცდილება ამ სფეროში.
თუმცა გარემოსდამცველები აცხადებენ, რომ მათ უკვე არ მოუსმინეს.
„მწვანე ალტერნატივის“ წარმომადგენელი ქეთი გუჯარაიძე აცხადებს, რომ ომბუდსმენთან დაკავშირებით გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ორჯერ შეხვდა სფეროს ექსპერტებს, თუმცა ვერც ერთმა შეხვედრამ მათ კითხვებს პასუხი ვერ გასცა.
„ერთი კვირის წინ მოგვიწვიეს და ვერაფერი გვითხრეს, მხოლოდ იდეის გარშემო ტრიალებდნენ. ვთხოვეთ, დაწერილი გვაჩვენეთ რამე, რომ მასზე გამოვთქვათ ჩვენი აზრიო. გუშინწინ ისევ შევხვდით და რაღაც 6-პუნქტიანი ფურცელი გვიჩვენეს, რომლიდანაც ისევ არაფერი ირკვეოდა. ასევე გვქონდა კითხვა, მხოლოდ ერთი კანდიდატი იყო თუ სხვებიც. არც ამაზე ჰქონდათ პასუხი. საბოლოოდ, მივხვდით, რომ ამ ერთ კაცზე მორგებული ინსტიტუცია იქმნებოდა“, - ამბობს ქეთი გუჯარაიძე.
ის ყურადღებას ამახვილებს იმ ფაქტზეც, რომ დევიდ მორისონი არ არის საქართველოს მოქალაქე, აქვს ინტერესები ბიზნესში, არის „ჯორჯიან კაპიტალის“ არააღმასრულებელი დირექტორი.
„ამ ჯგუფის შემადგენლობაში შედის „საქართველოს ბანკი“, „ემ კვადრატი“, „ჯორჯიან უოთერ ენდ ფოუერი“, „მესტია ჭალაჰესი“.... როგორ შეიძლება ის ყველას ინტერესების დამცველი იყოს? „ემ კვადრატთან“ უამრავი მწვავე გარემოსდაცვითი საკითხებია, ასევე „მესტია ჭალაჰესთან“ მოსახლეობას სერიოზული დავა აქვს“, - ამბობს ქეთი გუჯარაიძე.
„პარტიზანული მებაღეობის“ ხელმძღვანელი ნატა ფერაძე აცხადებს, რომ ის ომბუდსმენთან დაკავშირებული არც ერთი პროცესის მონაწილე არ ყოფილა.
„გარემოს დაცვას ჩვენთან ომბუდსმენი კი არა, ქმედითი პოლიცია სჭირდება. დასახულია უამრავი პრობლემა და მათი გადაჭრა უნდა დაიწყონ. კი, შესწავლაც საჭიროა და ანგარიშების წერაც, მაგრამ ჩვენს სიტუაციაში უკვე სასაცილოდ გამოიყურება ეს ყველაფერი“, - ამბობს ნატა ფერაძე.
გარემოსდაცვითი არასამთავრობო ორგანიზაციების ქსელის (CENN) წარმომადგენელი რეზო გეთიაშვილი კი ამბობს, რომ გარემოსდამცველებს უამრავი კითხვა დარჩათ.
„პროცედურულად როგორ იმუშავებს ეს ინსტიტუცია, ჩვენთვის ბუნდოვანია. სამინისტრო დაგვპირდა, რომ ამ საკითხებს განვიხილავდით, მაგრამ შემდეგ არჩიეს ერთპიროვნულად მიეღოთ გადაწყვეტილება. ალბათ, თანდათან გამოიკვეთება ამ გადაწყვეტილების რეალური მოტივიც და ამ ახალი ინსტიტუციის სახეც“, - ამბობს რეზო გეთიაშვილი.
მისივე თქმით, პრობლემაა ისიც, რომ ფუნქციები, რომლებიც იმ ექვს პუნქტში იყო ჩამოთვლილი, ყველა სხვა სახელმწიფო სტრუქტურისაც აქვს და გაურკვეველი ხდება, რა არის, კონკრეტულად, ამ ინსტიტუციის სპეციფიკური ფუნქცია.
გარემოსდაცვითი ომბუდსმენის ინსტიტუტის დაფუძნების ინიციატივით მამუკა ბახტაძე 2018 წლის ზაფხულში გამოვიდა და გარემოს დამცველები მაშინაც დაახლოებით იგივე შენიშვნებს გამოთქვამდნენ ამ იდეის მიმართ, რასაც დღეს, როცა უკვე არსებობს გარემოსდაცვითი ომბუდსმენი.