Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბრძოლა 17 მაისისთვის


16 მაისს დეკანოზ გიორგი კიკვიძის პრესკონფერენციაზე გახლდით, სადაც ის „ოჯახის სიწმინდის დღეს“ დაგეგმილ ღონისძიებებზე ლაპარაკობდა. სიყვარულს ქადაგებდა. ამბობდა, სიძულვილს ვგმობთ, არავის ვერჩით, უბრალოდ ოჯახის სიწმინდეს ვზეიმობთო.

ნეტა ყველა ეგრე ფიქრობდეს. მართლა მხოლოდ მაგაზე რომ იყოს, ამ დღეს ყველა ერთად აღვნიშნავდით. ოჯახი ხომ ჩვენი უმეტესობისთვის - ქვიარისთვისაც და არაქვიარისთვისაც - მართლაც წმინდაა. პარალელურად სხვები ჰომოფობიასთან საბრძოლველ აქციას ჩაატარებდნენ. არც აგრესია იქნებოდა, არც არაფერი.

თუმცა, ცხადია, ყველამ იცის, რომ 17 მაისს ხალხი უბრალოდ ოჯახის სიყვარულის გამოსახატავად არ იკრიბება. უმეტესობისთვის შეკრების მიზანი ისაა, რომ „იმათ“ არ მისცენ ქუჩაში აქციის ჩატარების საშუალება.

ამას, მაინცდამაინც, არც არავინ მალავს. 16 მაისსავე ჩატარებულ პრესკონფერენციაზე სანდრო ბრეგაძემ „მამათმავლებზე“ მეტი ილაპარაკა, ვიდრე ოჯახზე. („ჩვენ ვცხოვრობთ ცისფერი დიქტატურის პირობებშიო“ - თქვა. „თუკი იქნება რაიმე ტიპის ძალადობრივი აქტები, ჩვენ მზად ვართ დავიცვათ, უპირველეს ყოვლისა, ჩვენი უფლებებიო“ - ესეც დაამატა. ხომ იცით, როგორ ესხმიან ხოლმე „პირსისხლიანი ცისფრები“ მშვიდობიან მსვლელობის მონაწილეებს.)

ქუჩაში ადგილისთვის ბრძოლა, ერთი შეხედვით პირწმინდად ჰომოფობებმა მოიგეს. შარშანდელი 17 მაისი ყოვლად უღიმღამოდ და უბადრუკად ჩატარდა. კანცელარიის წინ შეკრებილ რამდენიმე ათეულ აქტივისტს ათი იმდენი პოლიციელი იცავდა. აქციაზე შესვლა - ფეისკონტროლით. გამოსვლა - ავტობუსებით. ყველა უკმაყოფილო იყო. ამის შემდეგ მსჯელობას, თუ როგორ უნდა, რა უნდა გაეკეთებინათ ან არ უნდა გაეკეთებინათ, ამ დღეს აქტივისტებში სერიოზული განხეთქილება მოჰყვა, რომელიც დღემდე გრძელდება და დროდადრო ფეისბუკზე კომენტარების ომში გადაიზრდება ხოლმე. ვერ გაიგებ, ვინ ცდება და ვინ მართალია.

წელს მგონი, ძალადობის შიშზე უფრო შარშანდელი აქციის გამოცდილებამ ააღებინა ხელი ხალხს ჰომოფობიასთან წინააღმდეგ ბრძოლის დღის აღნიშვნაზე.

თუმცა შეიძლება, ეს არ იყოს ყველაზე დიდი უბედურება. მართალია, ძალიან ცუდია, როდესაც კონკრეტულ ჯგუფს კონკრეტული თარიღის მშვიდობიანად აღნიშვნის საშუალება არა აქვს, მაგრამ მათ ნაცვლად ამას დღეს ათასობით თუ ათიათასობით სხვა ადამიანი აკეთებს. (არ ვიცი, რამდენი ადამიანი იღებს მსვლელობაში მონაწილეობას. უამრავი.)

საქმე ისაა, რომ 17 მაისი დღესაც თავდაპირველი კონტექსტის 17 მაისია. მართალია, ხალხი ქუჩაში ჰომოფობიასთან საბრძოლველად კი არა, პირიქით, ჰომოფობიასთან მებრძოლებთან საბრძოლველად გამოდის, მაგრამ, აი, ეგ თემატიკა კვლავაც წინა პლანზეა.

ოდესმე 17 მაისი იქნებ მართლა ოჯახის სიწმინდის აღმნიშვნელ დღედ გადაიქცეს და არა „გეებთან ბრძოლის მსვლელობად“. მაშინ ყველა თავისთვის გადაწყვეტს, მაგ მსვლელობაში მიიღოს მონაწილეობა, ცალკე აქციაზე ჰომოფობიას ებრძოლოს თუ ჯერ ერთგან მივიდეს და მერე - მეორეგან.

მანამდე კი 17 მაისი, ჰომოფობიასთან, ტრანსფობიასთან და ბიფობიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღე, მსოფლიოში ყველაზე მასშტაბურად საქართველოში აღინიშნება. მას დიდწილად ჰომოფობები აღნიშნავენ, მაგრამ, მაინც...

ჰომოფობიის პრობლემა 17 მაისს კი არ იჩქმალება, არამედ უფრო ხმამაღლა განსახილველი და განსასჯელი ხდება.

ამ ორიოდე წლის წინ, რადიოში გვინდოდა ერთგვარი ვიდეოკოლაჟი გაგვეკეთებინა, თუ როგორ აღნიშნავენ ჰომოფობიასთან ბრძოლის დღეს იმ ქვეყნებში, სადაც რადიო თავისუფლება მაუწყებლობს - სულ ჩვენ გარდა 22 ბიურო არსებობს. მივწერეთ, იქნება თქვენთან ჩატარებული 17 მაისის ღონისძიებების ვიდეომასალა გამოგვიგზავნოთ.

პასუხი ძირითადად ერთნაირი იყო - 17 მაისი რა არის არც ვიცით და არც არანაირი ღონისძიება არასდროს ჩატარებულა ჩვენთანო.

ჩვენთან კი 17 მაისი კიდევ დიდხანს არავის დაგვავიწყდება. სხვა თუ არაფერი, ქუჩაში გამოსული ზღვა ხალხი არ მოგვცემს ამის საშუალებას.

  • 16x9 Image

    ნიკო ნერგაძე

    ჟურნალისტი, ბლოგერი, პოდკასტერი; გადაცემების „ნიკო ნერგაძე vs“ და „განკითხვის დღე“ თანაავტორი; 2016 წლიდან "ნიკოს პოდკასტის" ავტორი. რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2006 წლიდან.

ბლოგერები

ყველა ბლოგერი
XS
SM
MD
LG