Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ქალი, რომელიც "ბუტკაში" დარჩა


ის ნიცშეს მოძღვრებას აკრიტიკებს. პიკასოს, შილესა და დემიენ ჰერსტის ნამუშევრებს აგროვებს. ასწლოვან ხეებს დაატარებს და უკბილო ანეკდოტებს ჰყვება. „ქალო შედი ბუტკაში“ - მისი ყველაზე ცნობილი ანეკდოტია. საქართველოში, ალბათ, არ დარჩა ადამიანი, ვისაც ზერელედ მაინც აინტერესებს პოლიტიკა და არ იცის ამ ანეკდოტის შინაარსი, თუმცა შეიძლება ყველას არ ახსოვს კონტექსტი, თუ რატომ მოჰყვა საჯაროდ ბიძინა ივანიშვილი ზეპირსიტყვიერების ამ შედევრს ჭიათურელ ქალზე, რომელიც მაღაროების აფეთქების ზონაში მოყვა.

„შედი, ქალო, ბუტკაშიო, ეძახიან ქალს, რომელიც მიდის... იქ აფეთქებაა. ეს ქალი პასუხობს, არ ვარ იმნაირიო. უმეორებენ, შედი ბუტკაშიო. არ ვარ იმნაირიო, პასუხობს ისევ. შედი, რანაირიც გინდა იყავი, არ აქვს მნიშვნელობა, არ დაიღუპოო.“ - პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა, 2012 წლის 16 ოქტომბერს, ამ ანეკდოტის პერსონაჟს შეადარა მის მიერ შერჩეული მინისტრობის კანდიდატები, რომლებსაც, მისივე თქმით, ისე აძალებდა მთავრობაში შესვლას, როგორც ანეკდოტში აძალებდნენ ქალს ჯიხურში შესვლას.

ამ პირველი, „ბუტკის მთავრობიდან“ დღეს მხოლოდ დავით სერგეენკო და თეა წულუკიანი დარჩნენ. აშკარაა, რომ თეა წულუკიანს მოხსნას უპირებდნენ. მთავარი პროკურორისა და პრემიერ-მინისტრის გადადგომის შემდეგ ცხადი გახდა, რომ ცვლილებების ეს ტალღა ძველ, ოცნების პრეისტორიულ მინისტრებსაც შეეხებოდა. შეეხო გიორგი კვირიკაშვილს, შეეხო სოზარ სუბარს, მაგრამ არ შეეხო თეა წულუკიანს.

არადა, როგორც ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარე სულხან სალაძე ამბობს, სწორედ იუსტიციის მინისტრს ეკისრება პასუხისმგებლობა მართლმსაჯულების სისტემაში ჩავარდნილი რეფორმების გამო, ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოში წარდგენილი მოსამართლეობის კანდიდატის ორჯერ ჩავარდნის გამო.

სულხან სალაძე
please wait

No media source currently available

0:00 0:02:17 0:00
გადმოწერა

სულხან სალაძის თქმით, მხოლოდ მართლმსაჯულების რეფორმის პირველი ტალღა იყო წარმატებული, არსებითად კი მართლმსაჯულების სისტემაში არაფერი შეცვლილა, რაზეც მეტყველებს კიდეც "საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს" მიერ გამოქვეყნებული საზოგადოებრივი აზრის კვლევის შედეგები, რომელთა მიხედვითაც: გამოკითხულთა 58% ფიქრობს, რომ სასამართლო სისტემა მმართველი პარტიის გავლენის ქვეშაა, ხოლო 51% თვლის, რომ ის მიკერძოებულია. 80% მიიჩნევს, რომ სისტემაში არ უნდა მუშაობდნენ ის მოსამართლეები, რომლებიც წარსულში ზეწოლის შედეგად უსამართლო გადაწყვეტილებებს იღებდნენ; გამოკითხულთა უმრავლესობა მიიჩნევს, რომ მმართველი პარტიის ინტერესებს ემსახურებიან პროკურატურა (57%), შინაგან საქმეთა სამინისტრო (55%) და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური (55%).

თეა წულუკიანის შერჩეულია ყველა მთავარი პროკურორი 2012 წლიდან დღემდე, მათ შორის ყველაზე სკანდალური ოთარ ფარცხალაძე და ირაკლი შოთაძე, რომლის პროკურორების საცოდაობას პარლამენტის დროებით საგამოძიებო კომისიაში მთელი საზოგადოება უყურებს.

არადა, ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმე სულაც არ არის ერთადერთი და უნიკალური. უბრალოდ, სარალიძის საქმემ გამოაჩინა სახე სისტემისა, რომელსაც მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის პირობებშიც კი არ შეუძლია საქმის კვალიფიციურად და მიუკერძოებლად გამოძიება. ამ და სხვა მნიშვნელოვანი ჩავარდნების გამო თეა წულუკიანს უნდა დაეტოვებინა თანამდებობა. დაატოვებინებდნენ კიდეც, მაგრამ, როგორც საქართველოს დემოკრატიული ინიციატივის ხელმძღვანელი გიორგი მშვენიერაძე ვარაუდობს, თეა წულუკიანმა ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ თანამდებობაზე დარჩენილიყო ანუ, ბატონ ბიძინას რომ დავესესხოთ, დარჩენილიყო "ბუტკაში".

გიორგი მშვენიერაძე
please wait

No media source currently available

0:00 0:01:36 0:00
გადმოწერა

ალბათ, ბიძინა ივანიშვილმაც იგრძნო, რომ კრიზისმა, რომლის ფონზე გადადგა მთავარი პროკურორი, გადაიარა და საზოგადოების სამართლიანი რისხვის დასაცხრობად აღარ გახდა საჭირო უფრო დიდი მსხვერპლის გაღება, თუმცა თეა წულუკიანის მთავრობაში დარჩენა, თავისთავად რისკის შემცველ ფაქტორად მიაჩნიათ ივანიშვილის კეთილისმყოფელებსაც.

მიუხედავად ამ არგუმენტებისა, ყველაფერი იმაზე მიუთითებს, რომ თეა წულუკიანი კიდევ დიდხანს არ გამოვა მთავრობიდან. ყოველ შემთხვევაში იმდენ ხანს მაინც, სანამ ბიძინა ივანიშვილის "ბუტკა" იდგება.

  • 16x9 Image

    ჯიმშერ რეხვიაშვილი

    ჟურნალისტი, ბლოგერი; პროზაული, პოეტური და დოკუმენტური კრებულების ავტორი. მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს კულტურის თემებს. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში და ლიტერატურული პრემია „ლიტერა“. რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2003 წლიდან.

ბლოგერები

ყველა ბლოგერი
XS
SM
MD
LG