Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბზარი თუ განხეთქილება ოპოზიციურ ერთობაში


ოპოზიციური პარტიების შეხვედრა "ლეიბორისტული პარტიის" ოფისში, 18 მაისი
ოპოზიციური პარტიების შეხვედრა "ლეიბორისტული პარტიის" ოფისში, 18 მაისი

იმისთვის, რომ „ქართული ოცნება“ დაამარცხონ, ოპოზიციურმა პარტიებმა ერთმანეთთან კოორდინირებულად, შეთანხმებულად უნდა იმოქმედონ - დღემდე ასეთია ოპოზიციურ ერთობაში შემავალი პარტიების დეკლარირებული პოზიცია.

მაგრამ რამდენად მტკიცეა მათი შეთანხმება? ემთხვევა თუ არა პარტიათა ამჟამინდელი მიზნები ოპოზიციური ერთობის მიერ შეთანხმებულ მიზნებს? რაზე მიანიშნებს ბოლოდროინდელი მოვლენები?

თვითნებურად და შეუთანხმებლად?

„გიორგი ვაშაძის კანდიდატურა პრემიერის პოსტზე არც განიხილებოდა, არც განიხილება და არც მომავალში იქნება განხილული“, - განაცხადა „ნაციონალურიმა მოძრაობამ“ და თანაც იმ ეტაპზე, როდესაც გაერთიანებას - „ძალა ერთობაშია“ მომავალი მთავრობის შემადგენლობაზე მსჯელობა ჯერჯერობით არც კი დაუწყია.

რატომ მოუჭრეს გზა ასე ხისტად გაერთიანებაში შემავალი პარტიის - „ახალი საქართველოს“ ლიდერს - გიორგი ვაშაძეს, „ნაციონალურ მოძრაობის“ წარმომადგენლებს აღარ დაუკონკრეტებიათ და არც კეთილი სიტყვა გაუმეტებიათ ვაშაძის მისამართით - ხისტი მიდგომის დასაბალანსებლად. მეტიც, არცთუ ძნელი შესამჩნევი იყო მათ განცხადებებში სიბრაზეც.

გაბრაზებული არ ვარო, მაგრამ სიბრაზე შეინიშნებოდა თავად გიორგი ვაშაძის განმარტებებშიც.

„გულწრფელად გეტყვით, ძალიან გამიკვირდა ეს რადიკალური განცხადებები... ერთი მხრივ, საუბარია - არ განგვიხილავსო და, მეორე მხრივ, ასეთი რადიკალური განცხადებებია... ხალხო, მე ჯერ ჩემი კანდიდატურა არ დამიყენებია გაერთიანებული ოპოზიციის ფორმატში“, - განაცხადა ვაშაძემ 2 ივნისს გამართულ საგანგებო ბრიფინგზე.

  • მიუხედავად იმისა, რომ „ნაციონალურმა მოძრაობამ“ თემა დახურა, ვაშაძე მაინც იმედოვნებს, რომ საკითხი საბოლოოდ პრაიმერის ან საზოგადოებრივი აზრის კვლევის შედეგების მიხედვით გადაწყდება;
  • ვაშაძე არ გამორიცხავს, რომ პრემიერობის კანდიდატად თავადაც დასახელდება - „რა თქმა უნდა, არ გამოვრიცხავ... რატომ უნდა გამოვრიცხო?!“

2 ივნისს გიორგი ვაშაძემ თქვა, რომ - გაერთიანების („ძალა ერთობაშია“) ერთიანობას საფრთხე არ ემუქრება და ის ყველაფერს გააკეთებს ამ ერთიანობის შესანარჩუნებლად - „ყველას ვთხოვ, რომ ნუ შევიტანთ დისონანსს გაერთიანებაში; ნუ გავაკეთებთ იმ საქმეს, რაც ჩვენს ოპონენტებს, ჩვენს მტერს უნდა... ვიმსჯელოთ ცალსახად და წყნარად აბსოლუტურად ყველაფერზე“.

  • გიორგი ვაშაძის გაპრემიერების იდეა თაკო ჩარკვიანს ეკუთვნის - ლიდერს გაერთიანებაში („ძალა ერთობაშია“) შემავალი კიდევ ერთი პარტიისა - „კანონი და სამართალი“.
  • ეს იდეა ჩარკვიანმა რამდენიმე კვირის წინ გაახმაურა და რადგანაც მისი შესაბამისი ციტატები „ახალმა საქართველომ“ გაავრცელა, აშკარად ჩანდა, რომ - ვაშაძეც თანახმა იყო.

რადიო თავისუფლებამ, მცდელობის მიუხედავად, ვერ მოახერხა თაკო ჩარკვიანთან დაკავშირება. თუმცა საკმარისია გადავხედოთ მის ფეისბუკგვერდს, რომ ცხადი ხდება მისი მტკიცე მხარდაჭერა გიორგი ვაშაძის მიმართ და ასევე ძლიერი უკმაყოფილება „ნაციონალური მოძრაობის“ რეაქციების გამო.

„კოლეგებო მინდა შეგახსენოთ, რომ ეგ იმპერატიული ტონია-ტონალობა, რომელსაც ოლიგარქი -ფეოდალი ოპოზიციის წინააღმდეგ იყენებს, რას ნიშნავს “არ განიხილება , არც ახლა და არც მომავალში”??????????არა ასეთი აპრიორი სამომავლო იმპერატიულობა ჩაკეტვა - ასეთი ტონალობა არა!!! თუ ძალა ერთობაშია და უეჭველად არის, იმპერატიულობა გადავდოთ, კარგს არაფერს მოუტანს პროცესს!!!“ - წერს ჩარკვიანი სოციალურ ქსელში და იმედოვნებს, რომ კოლეგების დარწმუნებას სამომავლოდ მაინც შეძლებს.

გიორგი ვაშაძესთან დაკავშირებული უთანხმოება მხოლოდ გაერთიანების „ძალა ერთობაშია“ შიდა საქმეა. ამ გაერთიანებაში ამჟამად 12 პარტია შედის. „ძალა ერთობაშია“, თავის მხრივ, იმ ოპოზიციური ერთობის ნაწილს წარმოადგენს, რომელიც ტრადიციულად ლეიბორისტული პარტიის ოფისში მართავს შეხვედრებს.

სავარაუდოდ, თავ-თავიანთ პრემიერობის კანდიდატსა და სამთავრობო გუნდის წევრებს დაასახელებენ სხვა პოლიტიკური ძალებიც. თუმცა ამ ეტაპზე, ამას ისინი ნაადრევად მიიჩნევენ. ჯერ არაერთი პრობლემური საკითხია მოსაგვარებელი.

ოპოზიციური ერთობის რიგებში გაჩენილ ბზარზე ლაპარაკობს სოციოლოგი იაგო კაჭკაჭიშვილი. როგორც მან უთხრა რადიო თავისუფლებას, სრულიად ეკლექტურმა ოპოზიციურმა ერთობამ უკვე მიაღწია უზარმაზარ წარმატებას - ხელისუფლების უკან დახევისა და 8 მარტის შეთანხმების გაფორმების სახით, მაგრამ ახლა სხვა ინტერესები იჩენს თავს.

„ახლა, როდესაც უკვე საკითხი შეეხება ძალაუფლების ცენტრების სამომავლო განაწილებასა და მაჟორიტარი კანდიდატების დასახელებას, რაღაც ბზარი გაუჩნდა ამ ერთიანობას, მაგრამ ეს ბზარი არ ქცეულა ნაპრალად და განხეთქილებად...

რიტორიკა და მაჟორიტარ კანდიდატებზე შეთანხმებაა ძირითადი გამოწვევები ამ ეტაპზე. არ არის ეს მიუღწეველი ამოცანა, მაგრამ ჩანს, რომ რაღაც გამოწვევები არსებობს. 30 ოლქიდან უმრავლესობაზე რომ შეთანხმდნენ, ესეც მიღწევა იქნება, თუკი უკვე მეორე ტურში ყველა მხარს დაუჭერს ოპოზიციის იმ კანდიდატს, რომელსაც უკეთესი შედეგი ექნება“.

ასევე იაგო კაჭკაჭიშვილის თქმით:

  • „ამ ეტაპზე ოპოზიციისთვის ერთობა განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს, რადგან კოვიდთან ბრძოლის წარმატებული შედეგების გამო, ხელისუფლებამ დაიწერა მნიშვნელოვანი ქულები“;
  • „მართალია, ოქტომბრამდე შესაძლოა მზარდმა ეკონომიკურმა პრობლემებმა ხელისუფლებას დააკარგვინოს ის პოზიცია, რაც მას კოვიდთან წარმატებულმა ბრძოლამ მოუტანა, მაგრამ ამ ეტაპისთვის ოპოზიციური კოალიციის ხელისუფლებაში მოსვლის შანსები შემცირებულია კორონავირუსამდე არსებულ პერიოდთან შედარებით“;
  • „სამომავლო პრემიერისა და მთავრობის წევრების დასახელება სწორი პრაქტიკაა და ეს გამართლებული იქნება ოპოზიციური პარტიებისთვისაც, თუკი, ცხადია, ეს საკითხი დაპირისპირების საგნად არ იქცევა“.

პოლიტიკური სიხარბე?

მაჟორიტარი კანდიდატების შეთანხმებასთან დაკავშირებით პრობლემები რომ არსებობს, ამაზე „ევროპული საქართველოს“ ლიდერის, გიგა ბოკერიას კომენტარებიც მეტყველებს. ის პოლიტიკურ სიხარბეზეც ლაპარაკობს და ამბობს, რომ საკითხი სწრაფად უნდა გაირკვეს.

„ზოგი ძალიან პატივცემული პოლიტიკოსი ცდება და გვინდა, რომ დისკუსია გვქონდეს სასწრაფოდ... ზოგ შემთხვევაში შეიძლება საქმე გვქონდეს უფრო ღრმა პრობლემასთან - პოლიტიკურ სიხარბესთან და აი, ამ კონსენსუსის დარღვევასთან, რომ არავის აღარ უნდა ჰქონდეს ერთპიროვნული ძალაუფლება... მაჟორიტარების პროპორციულად და არსებითად განაწილება, თუნდაც ოლქების ნაწილში, ესეც ფაქტორია იმისთვის, რომ ივანიშვილი დავამარცხოთ ქვეყნისთვის ნაკლები რისკებით... ეს (მაჟორიტარების) საკითხი სწრაფად უნდა გაირკვეს“, - აცხადებს ბოკერია.

„ევროპული საქართველო“ კვლავაც მომხრეა, რომ მაჟორიტარების საკითხი პირველივე ტურისთვის შეთანხმდეს მაქსიმალურად და საქმე მეორე ტურამდე საერთოდ არ მივიდეს;

  • ოპოზიციურ ერთობაში შემავალი პარტიების თავდაპირველი განცხადებებით, მიზანი იყო მაქსიმალური შეთანხმება მაჟორიტარი კანდიდატების გარშემო და ჩანდა ისე, რომ ყველა ოლქის საკითხი უნდა შეთანხმებულიყო;
  • ბოლო პერიოდის განცხადებების მიხედვით თუ ვიმსჯელებთ, პარტიებმა თანდათან დაიწყეს ლაპარაკი იმის შესახებ, რომ ეს ასე შესაძლოა აღარ მოხდეს და კოორდინირების ალბათობა, დიდწილად, მხოლოდ მეორე ტურს დაუკავშირდეს;
  • მაგალითად, „ნაციონალური მოძრაობა“ არ გამორიცხავს შესაძლებლობას, რომ - პარტიებმა თავ-თავიანთი კანდიდატები წარადგინონ და შემდეგ უკვე, მეორე ტურის შემთხვევაში მოხდეს საუკეთესო შედეგის მქონე ოპოზიციონერი კანდიდატის მხარდაჭერა;
  • თავიდანვე განსხვავებულ პოზიციაზე იყო „ლელო“, რომელიც აცხადებდა, რომ ყველა ოლქში საკუთარი კანდიდატურით იქნებოდა წარმოდგენილი;
  • 2 ივნისს „ლელომ“ განაცხადა, რომ ოპოზიციურ ერთობასთან კოორდინაციაში რჩება და თუკი ჩატარდება მეორე ტური, მზად არის კონსოლიდაციისთვის ოპოზიციური კანდიდატის გარშემო.

ოპოზიციური პარტიები ახლა მრავალნაირ სცენარზე ფიქრობენ, რადგანაც მართლმსაჯულების პოლიტიზებასთან დაკავშირებული საკითხის გამო ჯერ ისევ ბოლომდე გადაუწყვეტელია 8 მარტს შეთანხმებული საარჩევნო სისტემის ბედი. შესაბამისად, დარწმუნებით ვერავინ იტყვის, რამდენი მაჟორიტარი იქნება ასარჩევი ახალი პარლამენტისთვის - 73 თუ 30.

როდის შეხვდებიან პარტიები „ლეიბორისტების“ ოფისში, ჯერ უცნობია.

როგორც პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა, გიორგი გუგავამ უთხრა რადიო თავისუფლებას - ოპოზიციის საერთო გამარჯვებისთვის კვლავაც მნიშვნელოვანია მაჟორიტარი კანდიდატების შეთანხმება თავიდანვე და შემდეგ უკვე - მეორე ტურშიც, თუკი ასეთი საჭიროება გაჩნდება. გუგავას იმედი აქვს, რომ წინააღმდეგობები დაიძლევა:

„განსხვავებული აზრები და კამათი ბუნებრივი მოვლენაა... მაღალი პასუხისმგებლობა აქვთ პოლიტიკურ ძალებს და დარწმუნებული ვარ, ბოლოს აუცილებლად შეთანხმდებიან და ერთიანი ფრონტით მიიყვანენ საქმეს ბოლომდე - ამ ხელისუფლების შესაცვლელად“.

  • 16x9 Image

    ლელა კუნჭულია

    რადიო თავისუფლების ჟურნალისტი. ძირითადად მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს ეკონომიკისა და ადამიანის უფლებების თემებს. მუშაობდა პრაღაში, რადიო თავისუფლების სათავო ოფისში. სხვადასხვა დროს მიჰყავდა გადაცემები. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში დოკუმენტური ფილმისთვის "პანკისის სტიგმა".  რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2000 წლიდან.

XS
SM
MD
LG