რაც არის, არის - დროს უნდა შეეგუო!
უნდა იგრძნო ტელევიზორსა თუ ლეპტოპში კინოს ყურების სიამოვნება. მთავარია, როგორ გაალამაზებ ამ რიტუალს: ლიმონიანი ჩაი, კათხა ლუდი, შეყვარებულის ზურგზე მიყრდნობა... ყველაფერი მოსულა. რა თქმა უნდა, შეგიძლია ონლაინ უყურო მოპარულ ფილმებს ქართულ საიტებზე, მაგრამ “ნეტფლიქსს” და “ამაზონს” მაინც არაფერი სჯობია - კარგი ხარისხი, ახალი ფილმი! თან, როცა გინდა გამორთავ, გადაახვევ, ტელეფონზე ილაპარაკებ.
ამას ჰქვია ყველაფერი ადამიანისთვის! (რუსულად - “Все для человека!”)
ყველაფერი ადამიანის კომფორტისთვის, მაგრამ არა ხელოვნებისთვის, არა კინოსთვის! - ასე ფიქრობენ, მაგალითად, კანის ფესტივალზე, სადაც 2 წლის წინ მკაცრად აკრძალეს “ნეტფლიქსის” ფილმების ჩვენება მთავარ სექციებში. სხვათა შორის, დირექციის ეს გადაწყვეტილება მაშინ არავის გაუპროტესტებია. “ნეტფლიქსის” იმ ორი ფილმის ჩვენებისას, რომლებიც ახალი გადაწყვეტილების მიღებამდე მოხვდნენ კანის კონკურსში, “ნეტფლიქსის” ლოგოს გამოჩენისთანავე ჟურნალისტებმა სტვენა დაიწყეს.
2 წლის წინ კანში ჯერ კიდევ დარწმუნებულნი ვიყავით, რომ ინტერნეტ-სატელევიზიო ბიზნესს ბოიკოტით მოვუგებდით ომს - არ გადავიხდიდით ფულს “ნეტფლიქსის” ფილმების სანახავად.
მაგრამ სადღაა რომანტიკოსის ადგილი ამ წყეულ მიწაზე! ბოიკოტზე უარი თქვა ჯერ ვენეციის კინოფესტივალმა, ახლა კი “ბერლინალემ”... სწორედ იმ “ბერლინალემ”, რომელიც დაარსების დღიდან ებრძოდა დიდ კორპორაციებს, მომხმარებლური საზოგადოების “ვნებებს”. ჰოდა, “ბერლინალეც” თუ აჰყვა ახალ ტექნოლოგიებს, იმ რეჟისორებს რას ვერჩით, ახალი ფილმებისთვის სწორედ “ნეტფლიქსიდან” და “ამაზონიდან” რომ იშოვეს ფული?! მით უმეტეს, თუკი ამ ფილმების ავტორებს ბედმა არ გაუღიმათ საკუთარ ქვეყანაში - არავინ მოინდომა მათი ფილმის დაფინანსება.
ავიღოთ, მაგალითად, “ბერლინალეს” კონკურსის ერთ-ერთი საუკეთესო ფილმი, მაკედონიური “ღმერთი არსებობს და მას ჰქვია პეტრუნია”. აბსოლუტურად დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენი ეროვნული კინოცენტრი არ მისცემდა ფულს რეჟისორ თეონა შტრუგარ მიტესკას ამ ფილმის გადასაღებად. უბრალოდ, საპატრიარქო აბობოქრდებოდა, მართლმადიდებელი შვილების დამცველები და ა.შ.
ფილმის გმირი, პეტრუნია, პროფესიით ისტორიკოსი (ამ პროფესიის ხალხი, როგორც აღმოჩნდა, პოსტკომუნისტურ მაკედონიაშიც “ჩაურეცხავთ”), იმ რელიგიური რიტუალის - უფრო სწორად, შეჯიბრების -გამარჯვებული გახდება, რომელსაც ყოველწლიურად ატარებენ მაკედონიაში მართლმადიდებლები: მღვდელი ისვრის მდინარეში ნაკურთხ ჯვარს და ის, ვინც პირველი ამოიღებს ჯვარს წყლიდან, ხდება “წლის კაცი” აქაური ეკლესიისთვის. დიახ, სწორედ ასეა - “კაცი”. ქალებს შეჯიბრებაში მონაწილეობა აკრძალული აქვთ. მაგრამ პეტრუნია - ეს უიღბლო, მარტოხელა 32 წლის ქალწული, მშობლებთან ერთად რომ ცხოვრობს მაკედონიის პატარა ქალაქში, დაარღვევს წესებს, გადახტება წყალსაცავში და ჯვარს დაეუფლება. მერე კი არც ეკლესიას დაემორჩილება და არც მრევლს, რომელიც მზადაა, იგი ფიზიკურად მოსპოს, როგორც ცოდვილი.
ეს კადრები - მღვდელი და ერი, რომელიც შეესევა ადამიანს, როგორც “ცოდვილს” - ყველას ნანახი გვაქვს 2013 წლის 17 მაისს. ვერასდროს წარმოვიდგენდი, თუკი მათ მაკედონიურ ფილმში ვნახავდი.
მაკედონიურ ფილმში ეკლესია ძალაუფლების ვერტიკალის თავშია. თვით პოლიცია და მედიაც კი უსუსურია წინააღმდეგობა გაუწიოს მრევლს იმ მიზეზით, რომ პოლიციაც და მედიაც თავად წარმოადგენს მრევლს.
პოსტკომუნისტურ სივრცეში ეკლესიამ ის ნიშა დაიკავა, რომელიც, წესით, სწორედ სახელმწიფოს ეკუთვნოდა - ასე ფიქრობს არაერთი კინემატოგრაფისტი და ზოგი ბედავს კიდეც ამ თემაზე კინოს გადაღებას. ყველას გვახსოვს “ბორცვებს მიღმა”, კრისტიან მუნჯიუს შედევრი. გვახსოვს კირილ სირებრენიკოვის “მასწავლებელი” - აქ ეკლესია ახალი ავტორიტარული ინსტიტუტია, რომელმაც, ფაქტობრივად, ჩაანაცვლა კომპარტია ყოფილ კომუნისტურ სივრცეში.
ეკლესია, რომელიც შორსაა ქრისტიანობისგან და რომელმაც, ჩემი სტუდენტის, ლევან ცხოვრებაძის, თქმისა არ იყოს (ლევანს და ალექსანდრე გაბელაიას მშვენივრად მიჰყავთ ინტერნეტრეპორტაჟები ბერლინის კინოფესტივალიდან), რელიგია “ცირკად” აქცია, ეკონომიკურად შედარებით ნაკლებად განვითარებულ პოსტკომუნისტურ ქვეყნებში კვლავაც მიმართავს ადამიანების მანიპულაციას. და, სხვათა შორის, არამარტო მართლმადიდებელი ეკლესია. თავის დროზე “ბერლინალეზე” უჩვენეს ბოსნიელი რეჟისორის, იასმილა ჟბანიჩის, ფილმი “გზაში”. ისევე როგორც სურათში “ღმერთი არსებობს და მას პეტრუნია ჰქვია”, ავტორი აქაც ქსენოფობიისა და ობსკურანტიზმის მიზეზებს სოციალურ უსამართლობაში ხედავს. რა ქნას უმუშევარმა ახალგაზრდა კაცმა? იქნებ იმ რელიგიურ ჯგუფს შეუერთდეს, რომელიც აზრს შემატებს მის სიცოცხლეს და თავისი მოუწყობელი ცხოვრების მიზეზს „ლიბერალურ მმართველობაში“ მიაგნებინებს? მაკედონიურ ფილმში ესაა ეკლესია, თავისი რიტუალებით, ჟბანიჩთან ესენი არიან “ახალი მუსლიმები”, თავისი ჯიჰადებით და, რა თქმა უნდა, ისევ და ისევ ცირკი-რიტუალებით.
ბერლინის ფესტივალის წლევანდელ პროგრამებში, საერთოდ, ჭარბობს რელიგიის თემა. თვით ცნობილმა ეროტომანმა ფრანსუა ოზონმაც კი მიმართა რელიგიას და ამხილა პედოფილია კათოლიკურ ეკლესიაში. მისი ახალი სურათი “ღვთის ნებით”, რამდენიმე ძლიერი სატირული სცენის მიუხედავად, მაინც მეტისმეტად სწორხაზოვანი მორალიზმია იმისთვის, რომ ახალი ფილმი ოზონის წარმატებად ჩავთვალოთ. არ გამოსდის ამ კაცს სოციალური კინო, აშკარად ეტყობა, რომ არ აინტერესებს ეს თემა, არ იცის კარგად! დაბოლოს, თავად იხრჩობა იმ დიდაქტიკის ჭაობში, რომელსაც მთელ თავის შემოქმედებაში ებრძოდა.
სამაგიეროდ, აქ, ბერლინის ფესტივალზე, იყოჩაღა მეორე ფრანგმა კლასიკოსმა (ოღონდ ახლა უკვე მართლა კლასიკოსმა), ანდრე ტეშინემ. მისი ახალი ფილმი “ღამის დამშვიდობება” ფესტივალის დირექციამ არ ჩართო კონკურსში. გაუგებარია, რატომ. ეჭვი მღრღნის მაინც, რომ “ბერლინალეს” ორგანიზატორებს სკანდალის შეეშინდათ. ტეშინეს არაპოლიტკორექტულობა ხომ გაკვირვებას იწვევს - ამბავი სოფლელ ბებიაზე, კატრინ დენევის შესრულებით(!), რომელიც შეიტყობს თავისი საყვარელი შვილიშვილის, 20 წლის ყმაწვილის, განზრახვას გაემგზავროს სირიაში “ჯიჰადისთვის”, მერე კი ცდილობს ყველანაირად შეუშალოს ხელი... არაა ფილმი ტერორიზმსა და ტერორიზმის მიზეზებზე. ესაა ფილმი ისევ და ისევ რელიგიაზე, ოღონდ ამჯერად ისლამზე. და ანდრე ტეშინეც თითქოს კითხულობს, დიდი ბოდიში, მაგრამ თუკი მაქვს უფლება გამოვხატო, მაგალითად, კათოლიკური ეკლესია, როგორც იარაღი ობსკურანტიზმისა, რატომ არ შემიძლია ასეთივე პათოსით წარმოვადგინო მუსლიმი მორწმუნეები, განსაკუთრებით ის ახალგაზრდა ფრანგები, რომლებიც ჯერ ინათლებიან, შემდეგ კი უერთდებიან ტერორისტების არმიას სირიაში?
ესეც “ჩვენი სიუჟეტია”, არა? ქართული. აგერ “ანარეკლებს” ვამზადებთ სწორედ პანკისელ ბიჭებზე, რომლებიც სირიაში მიდიან... იქ იღუპებიან. მათმა მშობლებმა, ცოლებმა ზოგჯერ ისიც არ იციან, სადაა ამ ახალგაზრდა ბიჭების საფლავები.
კი, ჩვენი სიუჟეტია. ეგაა რომ ქართული კინო დღეს სხვა “სიუჟეტებითაა” შევსებული. მღვდელზე ფილმი გადაიღეს და იმასაც საპატრიარქოს კურთხევა დასჭირდა. აქ, ცხადია, „სმაილიკი“ უნდა იყოს. სევდიანი. ყველაფერთან ერთად იმიტომაც, რომ ცირკი ბავშვობიდან არ მიყვარდა.