მოდი, დავიწყოთ ბოდიშით!
გიორგი გახარია ჭკვიანი კაცი იყო, ბოდიშის თქმას ვერ დაასწრებდი. ბოდიშის მოხდა მართლაც არასოდეს არის გვიანი და, მით უმეტეს, ნაადრევიც ვერ იქნება. ასე რომ, წინსწრებით, პრევენციითაც შეიძლება ბოდიშის მოხდა, რაც „პატარა ბერას“ ნერვებსაც დაზოგავს და „დიდი ანზორის“ - დროსაც.
მოკლედ, ბოდიში, პატარა ბერავ!
რატომ „პატარა“, როცა აგერ 26 წლისა მოყრილა?
იმიტომ, რომ „პატარა ბერა“, როგორც ბერა ივანიშვილს გია ვოლსკიმ უწოდა, ათი წლის შემდეგაც პატარაა. დედა მისთვის ისევ დედიკოა, დედიკოს ღირსების დასაცავად კი კვლავ მამიკოს დაქირავებული ძიების იმედი აქვს.
პატარა და იზოლირებულ ბერას შესაძლოა არაფერი სმენია მართლმსაჯულებასა და კანონის უზენაესობაზე, მაგრამ ირაკლი ღარიბაშვილი [იგივე „იკა“, იგივე „ტრიი“, იგივე „ანტონი“], ხომ „დიდი ბიჭი“ იყო და ახლა ხომ საერთოდაც მეორედ პრემიერ-მინისტრია? რომ არაფერი ვთქვათ სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსსა და ვინმე „ვახოზე“, რომელიც ახლა სავარაუდოდ შს საქმეთა მინისტრია და ყველაფერს აკეთებს ქვეყნის სტაბილურობიზა?
ისე, როგორ არ შეახსენა ძია ანზორმა, ბერა, GRASSARI JURE, შვილო, NON VI-ო ანუ, იმოქმედეო სამართლით და არ ძალითაო?!
გინება რომ ცუდია და დედის გინება რომ მით უმეტეს, ამაზე არავინ კამათობს, მაგრამ რადგან დემოკრატიული სახელმწიფო გვქვია და შენც ბერა ხარ და არა ბერია, მხოლოდ ინსტინქტებისა და თავმოყვარეობის იმედად არ უნდა ვიყოთ. ისე, რაღა მაინც და მაინც დეიდა მანანა კობახიძის მიდგომა დააჩნდა ცხოვლად შენს სულს საშვილიშვილოდ?
ალბათ გახსოვთ, ზურაბ ჭიაბერაშვილს რომ დაესხნენ თავს „ლიტერატურულ კაფეში“, პარლამენტის მაშინდელმა ვიცე-სპიკერმა, მანანა კობახიძემ აღშფოთების ნაცვლად იკითხა, რა მოხდა კონკრეტულად, არ ვიცი, იქნებ, დედა შეაგინა ჭიაბერაშვილმაო.
დეიდა მანანა დღეს საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეა და, ალბათ, ახლა იქ სვამს უცნაურ კითხვებს...
ლანძღვა-გინება (რომელიც ვიღაცისთვის უზრდელობაა, ვიღაცისთვის უგემოვნობაა, ხოლო ვიღაცისთვის - გამოხატვის თავისუფლება), მხოლოდ საზოგადოებრივ ადგილებში ითვლება წვრილმან ხულიგნობად და ისჯება კიდეც 500-დან 1000 ლარამდე ჯარიმით, მაგრამ, როგორც იურისტები განმარტავენ, საჯარო სივრცეში გინება იმიტომ კი არ არის გადაცდომა, რომ კანონი ვინმეს ღირსებას იცავს, არამედ იმიტომ, რომ შეურაცხყოფა, როდესაც საჯარო სივრცეში და პირისპირ ხდება, წარმოშობს საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევის რისკს. „საჯარო სივრცე“ სწორედ ისეთ სივრცეს გულისხმობს, სადაც ფიზიკური დასწრება ხდება, ნებისმიერ სხვა საჯარო სივრცეში, მათ შორის ინტერნეტში, გინება, არ არის გადაცდომა ისევე, როგორც არ არის გადაცდომა სახლში გინება ტელევიზორის ყურების დროს...
სახლზე გამახსენდა. პატარა სახლი, პატარა საზრუნავიო, ასეთი გამოთქმაც არსებობს. 2012 წლის 1 ოქტომბრიდან მთელი საქართველო ბერას მამიკოს სახლია. ამ „დიდ სახლში“ თუ გაივლის, დაცვისა და ამალის გარეშე, ყოველ ნაბიჯზე გაიგონებს, რომ ქვეყანას დედა აღარ ჰყავს, რომ დედა ეტირა ათასობით ოჯახს, რომ ათასობით დედა წლებია საქართველოდან არის გადახვეწილი და კიდევ ბევრი ქალი და კაცი გაიქცეოდა ქვეყნიდან გაქცევის შესაძლებლობა რომ ჰქონდეს.
ვის მოსთხოვოს პასუხი იმ ხალხმა, რომელიც ფიქრობს, რომ დედა უტირეს?
როგორ ფიქრობთ, ვისთან გაგზავნიდა ეს ხალხი „ბატონ ანზორს“ ბოდიშის მოსახდელად?
თუ ყველა დედიკო დედიკო არ არის?
„პირდაპირ ვიტყვი, რომ მე თუ ვინმე დედას შემაგინებს, ოჯახს შეეხება, რაც ყველაზე წმინდაა, მე ასეთ ადამიანს პასუხს მოვთხოვ დღესაც. მანახეთ ქართველი კაცი, რომელიც ამ საკითხზე სხვანაირად ფიქრობს” – ბერა ივანიშვილის ამ ნათქვამს ვინც ეთანხმება (ხელისუფლების ლამის ყველა წარმომადგენელი), ის, ალბათ ასევე ფიქრობს, რომ სახელმწიფო მხოლოდ იმისთვის გვჭირდება, რომ მისმა ძალოვანმა წარმომადგენლებმა ბერას მაგინებლებს მოსთხოვოს პასუხი გინდა ფორმალურად და გინდა არაფორმალურად.
„მანახეთ ქართველი კაცი, რომელიც ამ საკითხზე სხვანაირად ფიქრობსო” – აქ, როგორც ჩანს, პატარა ბერას კვლავ უფროსი ძიები წამოეშველნენ და ერთად შეარხიეს კავკასიური მენტალიტეტის მგრძნობიარე სიმები.
ჩანაწერში (რომლის ფაბრიკაციაზე საუბრები შენელდა) პატარა ბერა ასაკისათვის შეუსაბამო ლექსიკით ლანძღავს სხვის დედიკოებს, რაც იმაზე მეტყველებს, რომ მხოლოდ მისი დედიკოა „ყველაზე წმინდა“ და საკრალური და არა - ზოგადად დედა.
„დედის მაგინებელს პასუხს არ მოსთხოვ?“ - ამ კითხვაზე ემოციურად, ალბათ, ბიჭების აბსლუტური უმრავლესობა დადებითად უპასუხებს. მეტიც, „პასუხის მოთხოვნაში“ სავარაუდოდ ფიზიკური ანგარიშსწორების შინაარსსაც ჩადებს: „შემაგინებს? დავამტვრევ თავ-პირს!“
თითქოს როგორი სამართლიანი და მარტივი გამოსავალია, მაგრამ სინამდვილეში, ყველაფერი სხვაგვარად იქნება: დაგამტვრევენ თავ-პირს „ანზორი ძიები“ (ბევრი რამის გამო) და „მანანა დეიდები“ იტყვიან, იქნებ დედა შეაგინაო...
დროა, გავიზარდოთ. ინტერნეტში გინება, უზრდელობაა და მორჩა! პასუხის მოთხოვნა, სადამსჯელო რაზმების გაგზავნა და ჩაფსმევინება - დანაშაული!
დროა, გაიზარდოს „პატარა ბერაც“ და გაიაზროს, რომ ვარსკვლავობის საფასურიც (ნაყიდიც რომ არ იყოს) ეს არის: მილიონი თაყვანისმცემლის წილ, ვიღაც რომ გაგინებს. არ მოგწონს? წაშალე, დაბლოკე, ბოლოს და ბოლოს გათიშე ინტერნეტი და დარჩი სახლში. როგორც ვთქვით, პატარა სახლი, პატარა საზრუნავიო, მით უმეტეს, რომ შენი პატარა სახლი სულაც არ არის პატარა.
ბლოგში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ავტორს და შეიძლება ყოველთვის არ ემთხვეოდეს რედაქციის პოზიციას.