Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბავშვების ვიდეოები - ძალადობა რეაგირების გარეშე


შსს-მ გამოძიება დაიწყო ორ საქმეზე, რომელიც ინტერნეტში გავრცელებულ ვიდეოებს ეხება. ვიდეომასალებზე ასახულია, თუ როგორ ჩაგრავენ, სავარაუდოდ, არასრულწლოვან გოგონებს.

გავრცელებული ვიდეოებიდან ერთზე გოგონების ჯგუფი საქმეს ურჩევს თანატოლ გოგონას, რაც შემდეგ ფიზიკურ ძალადობაში გადადის. მეორე შემთხვევაში ორი გოგო მესამეს ცემს, კიდევ ერთი კი - იღებს. შსს-ში აცხადებენ, რომ ორივე შემთხვევაში საქმე აღძრულია 126-ე პრიმა მუხლით, რაც გულისხმობს ცემას ან სხვაგვარ ძალადობას, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია. დანაშაული ისჯება ჯარიმით, მაქსიმალური სასჯელი კი არის ორ წლამდე თავისუფლების აღკვეთა.

არავის მიმართვა არ სჭირდება. არ უნდა დაელოდოს იმას, რომ ვიდეოს ნახვა ავიდეს მილიონამდე და მერე რომელიღაცამ მოსთხოვოს რეაგირება, ეს ისედაც მათი მოვალეობაა...
მერი დაუშვილი

შსს არ აზუსტებს, როდის დაიწყო გამოძიება. ერთ-ერთ ვიდეოზე ბავშვებს საზაფხულო ტანსაცმელი აცვიათ. ამ ვიდეოს 22 ათასი ნახვა აქვს, 300-ზე მეტი კომენტარი და 200 გაზიარება. კომენტარებში ერთ-ერთი მომხმარებელი იმასაც კი წერს, რომ ვიდეო 2 წლის წინ აქვს ნანახი.

კიდევ უფრო მაღალია მეორე ვიდეოს სტატისტიკური მონაცემები: 174 ათასი ნახვა, 1000 კომენტარი და 3 ათასამდე გაზიარება.

კომენტარების აბსოლუტური უმრავლესობა უშვერი სიტყვებით გინებაა, არის შეფასებებიც:

„დარწმუნებული ვარ, არავინ დასჯის. ბავშვი გარეთ არ გაიშვება. ამას რა ვხედავ“.

„ხალხო, ამაზე მართლა გეცინებათ? ნეტავ, საერთოდ არ მენახა“.

ეს კი ადმინის პასუხია მოთხოვნაზე წაიშალოს ვიდეო:

„არც ფოტო წაიშლება და არც ვიდეო...“

იურისტი და უფლებადამცველი ანა თავხელიძე ამბობს, რომ ვიდეოს, რომელსაც 174 ათასი ნახვა აქვს, ფეისბუკზე ორი დღის წინ გადაეყარა, რის შემდეგაც მან და კიდევ რამდენიმე ადამიანმა შსს-ს მიმართეს.

შეიძლებოდა თუ არა ვიდეოს გავრცელების შეჩერება უფრო ადრე, ვიდრე მას ათიათასობით ადამიანი იხილავდა? მით უფრო, რომ ორივე ვიდეო დღემდე დევს ინტერნეტში.

„აუცილებელია არ არის, ვინმემ შეატყობინოს შსს-ს. საკუთარი ინიციატივითაც შეუძლიათ და პირველ რიგში თავად უნდა შეეცადონ მსგავსი შემთხვევების გამოვლენას. ძალიან ხშირად ვრცელდება ძალადობის ამსახველი კადრები და ამაზე სახელმწიფო არ რეაგირებს. ალბათ, არ მიაჩნია, რომ ეს არ არის მძიმე ფორმის დანაშაული“, - ამბობს ანა თავხელიძე.

ანა თავხელიძე
ანა თავხელიძე

მისივე თქმით, ბულინგის შემთხვევაში ორივე მხარე მსხვერპლად განიხილება და ფსიქოლოგმა ყველა ბავშვთან უნდა იმუშაოს.

ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის იურისტის მერი დაუშვილის განმარტებით კი, სისხლის სამართლის კოდექსის მე-100 მუხლი საგამოძიებო ორგანოს ავალდებულებს დაიწყოს გამოძიება, მათ შორის მასმედიაში გავრცელებულ ინფორმაციაზე დაყრდნობითაც.

„არავის მიმართვა არ სჭირდება. არ უნდა დაელოდოს იმას, რომ ვიდეოს ნახვა ავიდეს მილიონამდე და მერე რომელიღაცამ მოსთხოვოს რეაგირება, ეს ისედაც მათი მოვალეობაა“, - ამბობს მერი დაუშვილი.

სამართალდამცავი ორგანოების პასუხისმგებლობასთან ერთად, ექსპერტები ასევე მიუთითებენ საზოგადოების პასუხისმგებლობაზეც. მათი თქმით, პრობლემას ვერც ერთი სახელმწიფო სტრუქტურა ვერ მოერევა თუ თავად ინტერნეტმომხმარებელს არ აღმოაჩნდა საკმარისი მოქალაქეობრივი თვითშეგნება იმისთვის, რომ მსგავსი ვიდეოები არ გაავრცელოს.

  • 16x9 Image

    თეა თოფურია

    რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2012 წლიდან. აშუქებს როგორც მიმდინარე მოვლენებს, ასევე საკითხებს ახლო წარსულიდან. არის ათამდე პროზაული და პოეტური კრებულის ავტორი.

XS
SM
MD
LG