Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აჰმედ ზაკაევი: ბედნიერი ვარ, რომ ვიცნობდი ზვიად გამსახურდიას და ჯოხარ დუდაევს


აჰმედ ზაკაევი
აჰმედ ზაკაევი

29 ნოემბერს უკრაინელი პარლამენტარი და ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ვიცე-პრეზიდენტი, ალექსანდრ მერეჟკო, ვერხოვნა რადაში დეპუტატთა გაერთიანება „თავისუფალი იჩქერიის“ შექმნის ინიციატივით გამოვიდა. ეს მოხდა მას შემდეგ, რაც ოქტომბერს ვერხოვნა რადამ ჩეჩნეთი დროებით ოკუპირებულ ტერიტორიად ცნო.

მანამდე, ივლისში უკრაინის დროშის ქვეშ მებრძოლი ჩეჩნური ბატალიონების სამხედროებმა განაცხადეს, რომ მზად არიან ჩეჩნეთში შეიარაღებული იატაკქვეშა მოძრაობა გაშალონ კადიროვის რეჟიმის წინააღმდეგ.

ჩეჩნეთის დამოუკიდებლობისათვის ბრძოლის გაძლიერებაზე იყო საუბარი ნოემბრის ბოლოს საფრანგეთსა და ბელგიაში გამართულ ჩეჩნური დიასპორების წარმომადგენელთა ორ სხვადასხვა თავყრილობაზე. ერთ-ერთი შეხვედრის ინიციატორი იყო დევნილობაში მყოფი ჩეჩნეთის რესპუბლიკა იჩქერიის მთავრობის თავმჯდომარე აჰმედ ზაკაევი, რომელსაც რადიო თავისუფლება ესაუბრა იმის შესახებ, თუ რა სტადიაში იმყოფება უკრაინის მიერ ჩეჩნეთის რესპუბლიკა იჩქერიის აღიარების საკითხი, რამდენად ერთიანია ჩეჩნური დიასპორა ევროპაში და რა იდეას ემსახურებიან უკრაინაში მოქმედი ჩეჩნური ბატალიონები.

კობა ლიკლიკაძე: 18 ოქტომბერს ვერხოვნა რადამ მიიღო დადგენილება ჩეჩნეთის, როგორც რუსეთის მიერ დროებით ოკუპირებულ ტერიტორიად ცნობის შესახებ და ასევე დაგმო „ჩეჩენი ხალხის გენოციდი“. ნოემბრის დასაწყისში უკრაინის პრეზიდენტმა საგარეო საქმეთა სამინისტროს იჩქერიის დამოუკიდებლობის აღიარების საკითხის შესწავლა დაავალა. ბატონო ზაკაევ, მოგვაწოდეთ ბოლო ინფორმაცია იმაზე, თუ რა სტადიაში იმყოფება უკრაინაში იჩქერიის დამოუკიდებლობის აღიარების საკითხი?

დიახ, ჩვენი ქვეყანა ოკუპირებულია და არსებობენ ისეთი კოლაბორანტები, რომლებიც ემსახურებიან საოკუპაციო რეჟიმს და ხელს უწყობენ პუტინს იმაში, რომ განაგრძოს ჩეჩენი ხალხის მკვლელობა. ჩვენს მოწინააღმდეგეს წარმოადგენს პუტინი და მისი დაყენებული [კადიროვი]...

აჰმედ ზაკაევი: საქმე ისაა, რომ ჩეჩნეთის რესპუბლიკა იჩქერიის აღიარება ესაა დიპლომატიური პროცესი, რომელიც უკვე რამდენიმე წლის განმავლობაში გრძელდება, ხოლო ზოგიერთმა ქვეყანამ ეს მანამდე გააკეთა. სხვათა შორის, ერთ-ერთი პირველი ქვეყანა, რომელმაც ჩეჩნეთის რესპუბლიკა იჩქერიის დამოუკიდებლობა აღიარა და დიპლომატიური ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილება მიიღო, - საქართველო იყო. ეს მოხდა პრეზიდენტ ზვიად გამსახურდიას მეთაურობით და მაშინდელი პარლამენტის - საქართველოს უზენაესი საბჭოს მიერ. მაგრამ იმხანად ვერ მოხერხდა დიპლომატიური მისიების გაცვლა იმის გამო, რომ იქ სამოქალაქო ომი დაიწყო. მაგრამ უკვე 2004 წელს პრეზიდენტ სააკაშვილის მეთაურობით საქართველომ მიიღო დადგენილება, რომელიც იურიდიული ძალის მქონედ აღიარებს ყველა იმ დოკუმენტს და ნორმატიულ აქტს, რომლებიც გამსახურდიას დროს იქნა მიღებული. ამიტომ, როდესაც ჩვენ ვერხოვნა რადას ვუგზავნიდით დოკუმენტების პაკეტს წინადადებით, რომ ეცნო ოკუპირებულად ჩეჩნეთის რესპუბლიკა იჩქერიის ტერიტორია, - ამ დოკუმენტებში ჩამოვთვალეთ კიდეც ყველა ის მომენტი და პოლიტიკური პროცესი, რომელიც მანამდე იყო. და სწორედ ამ დოკუმენტებზე დაყრდნობით მიიღო რადამ 18 ოქტომბერს დადგენილება - „ჩეჩნეთის რესპუბლიკა იჩქერიის ტერიტორიის რუსეთის ჯარების მიერ დროებით ოკუპირებულად ცნობის შესახებ“. შემდეგ 25 ათასზე მეტმა უკრაინის მოქალაქემ პეტიციით მიმართა პრეზიდენტს, რომ შეესწავლა ეს [ჩეჩნეთის დამოუკიდებლობის აღიარების] საკითხი. შიდა კანონმდებლობის შესაბამისად, უკრაინის პრეზიდენტმა ეს დოკუმენტი გადაუგზავნა საგარეო საქმეთა სამინისტროს, რომელმაც განიხილა იგი და უკან დააბრუნა დასკვნით, რომ უკრაინის მოქალაქეთა მიმართვის საფუძველზე პრეზიდენტი უფლებამოსილია, მიიღოს საბოლოო გადაწყვეტილება ამ საკითხის გარშემო. მაგრამ დღევანდელ დღეს ჩვენთვის უფრო მნიშვნელოვანი იყო ჩვენი ტერიტორიის ოკუპირებულად ცნობა, ვიდრე უკრაინასთან დიპლომატიური ურთიერთობის დამყარება, რომელიც ამ ეტაპზე შეუძლებელია. ვიდრე ჩვენ არ მოვახდენთ ჩვენი ქვეყნის დეოკუპაციას, ვერ შევძლებთ დიპლომატიური მისიების გახსნას ვერც საქართველოში, ვერც უკრაინაში და ვერც სხვა ქვეყნებში, რომლებთანაც დიპლომატიურ ურთიერთობას დავამყარებთ.

კობა ლიკლიკაძე: ჩეჩნეთის დიასპორის წარმომადგენლებმა ევროპაში გასულ უქმეებზე იჩქერიის რესპუბლიკის დამოუკიდებლობისადმი მიძღვნილი ორი სხვადასხვა თავყრილობა გამართეს. პირველი შეხვედრა, როგორც „კავკაზ.რეალიი“ წერს, საფრანგეთში, 25-26 ნოემბერს მოძრაობა „ტოლამის“ თავმჯდომარის, ჯამბულატ სულეიმანოვის მიერ იყო ინიციირებული. ბელგიაში ჩატარებული კონფერენციის ორგანიზატორი კი თქვენ იყავით, ბატონო ზაკაევ. ეს ყრილობები მოინათლა თავისებურ პოლიტიკურ დუელად დიასპორის ორ ლიდერს შორის. რატომ ვერ ახერხებს ჩეჩნეთის ემიგრაცია საერთო ენის გამონახვას? რა ან ვინ უშლის ამას ხელს?

ამ ბატალიონებში შედიან როგორც ქართველები, ისე კავკასიის სხვა ხალხების წარმომადგენლები. ამით ჩვენ ვაჩვენებთ კავკასიურ სოლიდარობას, ვახდენთ იმის დემონსტრირებას, რომ კავკასია ჯერ კიდევ არ არის თავისუფალი და რომ კავკასიის ყველა ხალხების ამოცანა კავკასიის გათავისუფლებაა...

აჰმედ ზაკაევი: არა, არავითარი ორი ყრილობა არ ყოფილა. ერთი იყო ევროპაში მყოფი ჩეჩნური დიასპორის ყრილობა, რომელიც, როგორც თქვენ თქვით, პარიზთან ახლოს 25 და 26 ნოემბერს გაიმართა. და იყო კიდევ საერთაშორისო კონფერენცია, რომელიც 32 წლის წინ, ჩეჩნეთის რესპუბლიკა იჩქერიის დამოუკიდებლობის შესახებ სახელმწიფო დეკლარაციის მიღებას მიეძღვნა. ასე რომ, არ ყოფილა არავითარი დუელი და ევროპაში მცხოვრები ჩეჩნური დიასპორების დაპირისპირება, როგორც ამის წარმოდგენას „კავკაზ.რეალიი“ შეეცადა. 25-26 ნოემბერს დაფუძნდა საზოგადოებრივი ორგანიზაცია, რომელიც მხარს უჭერს ჩეჩნეთის სახელმწიფოს დამოუკიდებლობას, რაც არ მოდის წინააღმდეგობაში ჩვენთან მიმართებით შექმნილ რეალობასთან. ჩვენი ტერიტორია ოკუპირებულია და ეს ტერიტორია დეოკუპირებული უნდა იქნეს. ხოლო ის, თუ ვინ და როგორ მიიღებს მონაწილეობას დეოკუპაციის პროცესში, - ეს თითოეული ჩეჩენი მოქალაქის უფლებაა. ჩვენ 27 ნოემბერს ჩავატარეთ კონფერენცია, რომელიც დამოუკიდებლობის 32-ე წლისთავს მიეძღვნა. ეს იყო სამთავრობო ღონისძიება. ჩვენ ყოველწლიურად აღვნიშნავთ ამ მოვლენას, ვატარებთ მსგავს ღონისძიებას, ამიტომ არავითარი დაპირისპირება და დუელი ჩეჩნებს შორის არ არსებობს. ჩვენთვის მთავარ ამოცანას შეადგენს ჩვენი ქვეყნის დეოკუპაცია! დიახ, ჩვენი ქვეყანა ოკუპირებულია და არსებობენ ისეთი კოლაბორანტები, რომლებიც ემსახურებიან საოკუპაციო რეჟიმს და ხელს უწყობენ პუტინს იმაში, რომ განაგრძოს ჩეჩენი ხალხის მკვლელობა. ჩვენს მოწინააღმდეგეს წარმოადგენს პუტინი და მისი დაყენებული [კადიროვი]. სხვა არანაირი პოლიტიკური ოპონენტი ევროპაში ჩვენ არ გვყავს. ჩვენ შეიძლება გვქონდეს სხვადასხვა აზრი და სხვადასხვა ხედვა მთელი ამ პროცესისა, მაგრამ ეს არაფერს ნიშნავს. იგივე ხდებოდა ყველა სამართლებრივ სახელმწიფოში. და ხდება დღესაც. მიაქციეთ ყურადღება საქართველოს, ან თუნდაც ომში მყოფ უკრაინას. იქაც არის გარკვეული პოლიტიკური დინება და მოძრაობა. ჩვენ ვაშენებთ სამართლებრივ სახელმწიფოს. ჩრდილოეთ კორეას რომ ვაშენებდეთ, მაშინ როგორც ერთი, ისე ყველანი ერთ მწკრივში, სმენაზე ვიდგებოდით. მაგრამ ჩვენ თავისუფალი ქვეყანა გვაქვს.

კობა ლიკლიკაძე: ბოლო ხანს თქვენ ძალიან ხშირად იმყოფებით უკრაინაში, სადაც ნამდვილი ომია. უკრაინის მხარეზე იბრძვიან ჯოხარ დუდაევისა და შეიხ მანსურის სახელობის ჩეჩნეთის მოხალისეთა ბატალიონები. ივლისში თქვენი ბრძანებით შეიქმნა ჩეჩნეთის რესპუბლიკა იჩქერიის შეიარაღებული ძალების ცალკეული სპეციალური დანიშნულების ბატალიონი, რომელიც უკრაინის ტერიტორიული თავდაცვის „უცხოური ლეგიონის“ შემადგენლობაში მოქმედებს. სხვათა შორის, მასში არაერთი ქართველიც იმყოფება. რა ამოცანა დაუსახეთ მათ, ამ ცალკეულ ბატალიონებს?

თავის დროზე, მსოფლიოს ზვიად გამსახურდიასა და ჯოხარ დუდაევისათვის რომ მოესმინა, დღეს არ მოგვიხდებოდა იმ ვითარების გადატანა, რაც უკრაინაში გვიხდება; არ ვიდგებოდით იმ დილემის წინაშე და არ ვიმარჩიელებდით თემაზე, განახორციელებს თუ არა პუტინი ბირთვულ დარტყმას...

აჰმედ ზაკაევი: საქმე ისაა, რომ 26 [ივნისს] დეოკუპაციის სახელმწიფო კომიტეტმა მიიღო გადაწყვეტილება, რუსეთის აგრესიის მოგერიების მიზნით უკრაინის მხარდამჭერი ბატალიონების ფორმირების თაობაზე. 28-ში კი პრეზიდენტმა ზელენსკიმ „უცხოეთის ლეგიონის“ შექმნის შესახებ ბრძანებას მოაწერა ხელი. ამ დროიდან მოყოლებული იწყება ჩვენი თანამშრომლობა. 2 მარტს კი ხელი მოეწერა უწყებათაშორის შეთანხმებას უკრაინისა და ჩეჩნეთის რესპუბლიკა იჩქერიის თავდაცვის სამინისტროებს შორის. სხვათა შორის, ჩვენი თავდაცვის მინისტრი ამჟამად მუდმივად უკრაინაში იმყოფება. და იქ დავიწყეთ ჩვენ ამ საგანგებო დანიშნულების ცალკეული ბატალიონების ფორმირება. უკრაინასთან სამხედრო თანამშრომლობის შესახებ შეთანხმებაში შევიდა პუნქტი, რომლის თანახმად, უკრაინაში შექმნილი სიტუაციისდა მიხედვით, ეს ბატალიონები შესაძლოა ბრიგადამდე გაიზარდოს. რაც ძალიან სასიხარულოა, რაც თქვენც თქვით, ამ ბატალიონებში შედიან როგორც ქართველები, ისე კავკასიის სხვა ხალხების წარმომადგენლები. ამით ჩვენ ვაჩვენებთ კავკასიურ სოლიდარობას, ვახდენთ იმის დემონსტრირებას, რომ კავკასია ჯერ კიდევ არ არის თავისუფალი და რომ კავკასიის ყველა ხალხების ამოცანა კავკასიის გათავისუფლებაა; მისი გამოყვანა რუსეთის იმპერიის გავლენიდან; რათა კავკასიაში ჩამოყალიბდეს ახალი სახელმწიფოებრივი გაერთიანებები კონფედერაციების ან სხვა რომელიმე სახელმწიფოებრივი წარმონაქმნების სახით. მაგრამ ის, რომ კავკასია თავისუფალი უნდა იყოს რუსეთის გავლენისგან, ამაში ჩვენ დარწმუნებულები ვარ და ამისკენ ყველანი ერთად მივდივართ.

კობა ლიკლიკაძე: ბატონო ზაკაევ, მალე აღინიშნება მორიგი წლისთავი საქართველოს პირველი პრეზიდენტის, ზვიად გამსახურდიას ტრაგიკული დაღუპვიდან. სამხედრო გადატრიალებისა და სამოქალაქო ომის შემდეგ იგი თითქმის მთელი წელიწადი დევნილობაში ცხოვრობდა ჩეჩნეთში. რამდენადაც ვიცი, თქვენ შეხვედრიხართ და იცნობდით საქართველოს პირველ პრეზიდენტს. როგორ შთაბეჭდილება დატოვა მან თქვენზე, როგორც ადამიანმა და როგორც პოლიტიკოსმა? როგორ უყურებთ მის „იდეას ერთიანი კავკასიის“ შესახებ, რაც თქვენც ახსენეთ? ეს უტოპიური იდეაა, თუ იგი ოდესმე შეიძლება, რომ რეალურ ცხოვრებაშიც განხორციელდეს?

დღეს მსოფლიო უბრუნდება და ციტირებს ზვიად გამსახურდიასა და ჯოხარ დუდაევის სიტყვებს. მე გადაჭარბების გარეშე ვამბობ, რომ ისინი იყვნენ კავკასიის უდიდესი შვილები!..

აჰმედ ზაკაევი: იცით, პირადად მე ბედნიერი ვარ იმით, რომ ვიცნობდი ამ ლეგენდარულ ადამიანებს - ზვიად გამსახურდიასა და ჯოხარ დუდაევს. თავის დროზე, მსოფლიოს ზვიად გამსახურდიასა და ჯოხარ დუდაევისათვის რომ მოესმინა, დღეს არ მოგვიხდებოდა იმ ვითარების გადატანა, რაც უკრაინაში გვიხდება; არ ვიდგებოდით იმ დილემის წინაშე და არ ვიმარჩიელებდით თემაზე, განახორციელებს თუ არა პუტინი ბირთვულ დარტყმას. საქმე ისაა, რომ მსოფლიომ თავის დროზე ყური არ ათხოვა მათ [გამსახურდიასა და დუდაევის] ძახილს, მათ ლაპარაკს იმაზე, რომ რუსეთი ჯერ არ გამხდარა დემოკრატიული, რომ რუსეთიდან კვლავ მოდის საფრთხე, რომ რუსეთი აგრძელებს იმპერიულ პოლიტიკას და ცდილობს ჩაახშოს საქართველოსა და ჩეჩნეთის რესპუბლიკა იჩქერიის დამოუკიდებლობა და თავისუფლებაო. მაგრამ მაშინ, სამწუხაროდ, მსოფლიომ ყური არ ათხოვა. მაგრამ დღეს მსოფლიო უბრუნდება და ციტირებს ზვიად გამსახურდიასა და ჯოხარ დუდაევის სიტყვებს. მე გადაჭარბების გარეშე ვამბობ, რომ ისინი იყვნენ კავკასიის უდიდესი შვილები! და ყველა კავკასიელმა, ვინც მსოფლიოში დღეს ცხოვრობს, უბრალოდ უნდა მოახდინონ იმ იდეის რეალიზება, რომელსაც მათ ჩაუყარეს საფუძველი - საერთო კავკასიური სახლის იდეას. დარწმუნებული ვარ, რომ ეს არ არის უტოპიური იდეა. და დარწმუნებული ვარ, რომ როგორც არასდროს, ისე ახლოს ვართ ამასთან, რადგან ის ქვეყანა და იმპერია, რომელიც ხელს უშლიდა ამ ინიციატივის, ამ იდეის რეალიზებას, უკრაინაში მარცხის შემდეგ აღარ იარსებებს. და ჩვენ ბედისწერა გვიკარნახებს, რომ ვიცხოვროთ ერთად და ერთობლივი ძალისხმევით შევქმნათ ერთიანი მომავალი.

  • 16x9 Image

    კობა ლიკლიკაძე

    ჟურნალისტი. მუშაობს საერთაშორისო სამხედრო თანამშრომლობის, შეიარაღებული კონფლიქტების, ნატოს და ევროკავშირის სამეზობლოს სამხედრო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2001 წლიდან.

XS
SM
MD
LG