Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთში აჰმედ ზაკაევის წინააღმდეგ საქმე აღძრეს უკრაინაში შექმნილი ჩეჩნური ბატალიონის გამო


აჰმედ ზაკაევი
აჰმედ ზაკაევი

ჩეჩნეთში უშიშროების ფედერალურმა სამსახურმა სისხლის სამართლის საქმე აღძრა არაღიარებული ჩეჩნეთის რესპუბლიკა იჩქერიის პრემიერ-მინისტრის, აჰმედ ზაკაევის წინააღმდეგ, მისი ინიციატივით უკრაინის შეიარაღებულ ძალებში ჩეჩნური დანაყოფის შექმნის გამო.

საქმე აღიძრა ტერორისტული დაჯგუფების შექმნის მუხლით, იუწყება სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო TASS-ი, ჩეჩნეთის „ეფესბეს“ რეგიონული სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით.

„კავკაზ.რეალიის“ თანახმად, უკრაინის შეიარაღებული ძალების რიგებში იჩქერიის შეიარაღებული ძალების ცალკეული სპეციალური დანიშნულების ბატალიონის შექმნის შესახებ განცხადება ივლისში გაკეთდა. ქვედანაყოფის სარდლად დაინიშნა პოლკოვნიკი ჰაჯი მურად ზუმსო.

ეს მეოთხე დანაყოფია უკრაინის არმიის დასახმარებლად, რომლის შექმნაც საზღვარგარეთ მცხოვრებმა ჩეჩნეთის დამოუკიდებლობის მომხრეებმა გამოაცხადეს. ომის პირობებში ძნელია იმის შეფასება, რამდენად აქტიურია ეს დანაყოფები.

აჰმედ ზაკაევის წინააღმდეგ ერთი წლის წინაც აღძრეს სისხლის სამართლის საქმე ტერორიზმის საჯარო გამართლებისა და პროპაგანდის ბრალდებით. საქმის აღძვრის საბაბი გახდა ზაკაევის განცხადება, რომელშიც მან დაიცვა საველე მეთაურ ასლან ბიუტუკაევის სავარაუდო მეომრები, რომლებიც 2021 წლის იანვარში გაუსამართლებლად დახოცეს.

XS
SM
MD
LG