Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ახრა ავიძბა, „ვაგნერელი აბრაგი“ და „სომხური ბატალიონი“ დონბასში საბრძოლველად


ახრა ავიძბამ და „ვაგნერელმა აბრაგმა“, ჰაიკ გასპარიანმა მოსკოვში „სომხური ბატალიონი“ დააფუძნეს
ახრა ავიძბამ და „ვაგნერელმა აბრაგმა“, ჰაიკ გასპარიანმა მოსკოვში „სომხური ბატალიონი“ დააფუძნეს

შერეული საბრძოლო ხელოვნების (MMA) მებრძოლმა, ყარაბაღელმა ჰაიკ გასპარიანმა შეიარაღებული ძარცვის ბრალდებით 2019 წელს რუსულ ციხეში ამოყო თავი. 2022 წელს, უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ, სხვა ათასობით პატიმრის მსგავსად, ისიც „ვაგნერის“ რიგებს შეუერთდა - ციხიდან პირდაპირ ბრძოლის ველზე აღმოჩნდა.

ასე მოახერხა 7-წლიანი პატიმრობიდან თავის დაღწევა სულ რაღაც სამ წელიწადში. უკრაინაში ბრძოლის გამო მიიღო მედალი პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინისგან და სანქციები უკრაინისა და ევროკავშირისგან.

ახლა მან მოსკოვში სამხედრო დაჯგუფება „სომხური ბატალიონი“ („არბატი“) ჩამოაყალიბა საქართველოსთვის კარგად ნაცნობ ახრა ავიძბასთან ერთად. დაჯგუფება, ავიძბასა და გასპარიანის თქმით, უკრაინაში, რუსეთის მიერ ოკუპირებულ დონბასში გაემგზავრება და იქ რუსეთის მხარეს სომხეთის დროშით იბრძოლებს.

გიამბობთ, რა არის „არბატი“, ვინ არიან ახრა ავიძბა და ჰაიკ გასპარიანი და რა საერთო აქვთ რუსეთთან, სომხეთსა თუ აფხაზეთთან.

„არბატი - სომხური დროშით“

გასული კვირის ბოლოს რუსულ ტელეგრამარხებში გავრცელდა ინფორმაცია, რომ მოსკოვში შეიქმნა ეთნიკური სომხებით დაკომპლექტებული ახალი ბატალიონი, რომელიც უკრაინაში, ოკუპირებულ დონბასში, რუსეთის მხარეს ბრძოლისათვის ემზადება.

გამოქვეყნებულ ფოტოებში რადიო თავისუფლებამ ამოიცნო ეთნიკურად აფხაზი ახრა ავიძბა და სომხური წარმოშობის ჰაიკ გასპარიანი.

სხვადასხვა ტელეგრამარხზე ფოტოებისა და ინფორმაციის გავრცელების შემდეგ, 2 ივლისს, ავიძბას დაჯგუფების, „პიატნაშკის“ ტელეგრამარხმა დაადასტურა ფოტოების ნამდვილობა, ინფორმაცია და დამატებით ვიდეომასალაც გაავრცელა.

კადრები მოსკოვში, სომხური სამოციქულო ეკლესიის დაქვემდებარებაში მყოფ ტაძარშია გადაღებული. ახრა ავიძბა ინტერვიუში ამბობს, რომ, მართალია, დონეცკში, ქალაქ გორლოვკაში უკვე არსებობს „სომხებით დაკომპლექტებული რაზმი“, თუმცა „გადაწყდა, რომ უნდა შექმნილიყო სრულყოფილი სომხური ბატალიონი“.

მისი თქმით, ამიტომაც დაერქვა ახალ გაერთიანებას „არბატი“ [Армянский батальон, სომხური ბატალიონი] და „ბატალიონი იბრძოლებს სომხური დროშით“.

ავიძბა ამავე ვიდეოში ახსენებს „დონბასის ველურ დივიზიას“, - ამბობს, ჩვენ „დონბასის ველური დივიზია“ (Дикая Дивизия Донбасса) ვართო. „ველური დივიზია“ - საიდანაც ავიძბას ეს სახელი აქვს ნასესხები, - რუსეთის საიმპერატორო არმიის საკავალერიო დივიზია იყო. ფორმირების სრული სახელი „კავკასიური აბორიგენული ცხენოსანი დივიზია“ იყო და მეტწილად ჩრდილოკავკასიელი და სამხრეთკავკასიელი მუსლიმი მოხალისეებისაგან შედგებოდა.

ვიდეოში ასევე ჩანს სომხეთის სამოციქულო ეკლესიის რუსეთისა და ნოვო-ნახიჩევანის ეპარქიის წინამძღოლი, არქიეპისკოპოსი ეზრას ნერსისიანი, რომელიც დაჯგუფების წევრების კურთხევის ცერემონიას უძღვებოდა.

არქიეპისკოპოსი ერზას ნერსისიანი, - რომელიც პატრიარქ გარეგინ II-ის ძმა არის, - და „ვაგნერელი“ ჰაიკ გასპარიანი. 30 ივნისი
არქიეპისკოპოსი ერზას ნერსისიანი, - რომელიც პატრიარქ გარეგინ II-ის ძმა არის, - და „ვაგნერელი“ ჰაიკ გასპარიანი. 30 ივნისი

იგი საუბრობს „მშვიდობიანად, თანხმობითა და უსაფრთხოდ“ ცხოვრების საჭიროებაზე და ამბობს, რომ „ჩვენს ცხოვრებაში არ [უნდა] ჰქონდეს ადგილი არც ნაციზმს, არც შოვინიზმს, არც ფაშიზმს“.

ეზრას ნერსისიანი არის სომხური სამოციქულო ეკლესიის კათოლიკოსის, გარეგინ II-ის ძმა.

„სამშობლოს დაცვა“?

„პიატნაშკის“ ტელეგრამარხზე გამოქვეყნებულ ვიდეოში ინტერვიუს აძლევს ჰაიკ გასპარიანი - მთიან ყარაბაღში დაბადებული, სომხური წარმოშობის „ვაგნერელი“ მებრძოლი. „სომხები, ვინც რუსეთში ვიბრძვით, ამ ქვეყანას ჩვენს სამშობლოდ მივიჩნევთ“, - ამბობს ის.

გასპარიანის თქმით, „[ამ ბატალიონისთვის] თანამემამულეებსა და თანამოაზრეებთან ერთად შევაგროვეთ ხალხი, ვინც ჩვენსავით ფიქრობს“. მისი მტკიცებით, „მოტივაცია ძალიან მარტივია: სამშობლოს, კერისა და სახლის დაცვა“.

ჰაიკ გასპარიანი მოსკოვში, სომხურ ტაძარში. 2023 წლის 30 ივნისი
ჰაიკ გასპარიანი მოსკოვში, სომხურ ტაძარში. 2023 წლის 30 ივნისი

„არანაირი პროპაგანდა არ გვაქვს, არავის არ ვიტყუებთ, - გამოვაცხადეთ რომ არის ასეთი ბატალიონი და ხალხმა თავისით დაიწყო მოსვლა“, - ამბობს გასპარიანი და დასძენს, რომ „ვაგნერში“ მიღებულმა გამოცდილებამ მიახვედრა, - „რასაც ვაკეთებთ, სწორია“.

სომხეთის პოზიცია უკრაინის ომზე

ერევანში ჯერჯერობით კომენტარი არ გაუკეთებიათ „სომხური დროშის ქვეშ მებრძოლ „სომხურ ბატალიონთან“ დაკავშირებით. კომენტარი არ გაუკეთებია არც ეჩმიაძინს - სომხური სამოციქულო ეკლესიის წარმომადგენლობას. თუმცა უკრაინაში სომხური ეკლესიის მღვდელმთავარმა, მარკოს ჰოვანესიანმა სინანული და ტკივილი გამოხატა მოსკოვის ტაძარში ”ბატალიონის” დალოცვის გამო. “ჩვენთვის ეს მიუღებელია და ვგმობთ”, - განაცხადა მან და კიდევ ერთხელ გამოუცხადა მხარდაჭერა უკრაინელ მებრძოლევს სამშობლოს დაცვაში.

სომხეთი, - რომელიც რუსეთის ფედერაციის სტრატეგიულ პარტნიორად ითვლება, - ამბობს, რომ უკრაინის ომში ნეიტრალური პოზიცია აქვს. სომხეთი არის რუსეთის გარშემო შექმნილი „კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციის“ (კუხოს) წევრი, - თუმცა ბოლო პერიოდში, აზერბაიჯანთან კონფლიქტში კუხოს ჩაურევლობის გამო, დაძაბული ურთიერთობა აქვს ამ ბლოკთან.

ერთი თვის წინ, 1 ივნისს, ჩეხეთში, პრაღაში CNN Prima News-სთან ინტერვიუში პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა განაცხადა, რომ „უკრაინასთან ომში ჩვენ რუსეთის მოკავშირეები არ ვართ“ - „ამ ვითარებაში, არავის მოკავშირეები არ ვართ“.

ნიკოლ ფაშინიანი და ვლადიმირ პუტინი
ნიკოლ ფაშინიანი და ვლადიმირ პუტინი

ვინ არის გასპარიანი?

2019 წლამდე ჰაიკ გასპარიანი შერეული საბრძოლო ხელოვნებით (MMA) იყო გატაცებული - რუსეთში სპორტის ამ სახეობაში რამდენიმე ჩემპიონატი აქვს მოგებული.

2019 წელს ის შეიარაღებული ძარცვის ბრალდებით დააპატიმრეს და 7-წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს. უკრაინაში ომის პერიოდში იგი ციხეში უნდა ყოფილიყო.

თუმცა გასპარიანი მოხვდა იმ მსჯავრდადებულებს შორის, რომლებსაც „ვაგნერის“ მეთაურმა ევგენი პრიგოჟინმა, უკრაინაში ბრძოლის სანაცვლოდ, პატიმრობიდან გათავისუფლების პირობა მისცა.

32 წლის გასპარიანი 2022 წლის 31 დეკემბერს, წინასაახალწლოდ, პრეზიდენტმა პუტინმა როსტოვში ღირსების მედლით დააჯილდოვა „სიმამაცისათვის“. დმიტრი პესკოვმა განაცხადა, რომ გასპარიანი „მონაწილეობას იღებს სპეციალურ სამხედრო ოპერაციაში და გამოავლინა გმირობა“.

პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი აჯილდოებს ჰაიკ გასპარიანს. 2022 წლის 31 დეკემბერი
პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი აჯილდოებს ჰაიკ გასპარიანს. 2022 წლის 31 დეკემბერი

უკრაინის ხელისუფლების ცნობით, გასპარიანი, - მეტსახელად „აბრაგი“, - უკრაინაში „ვაგნერის“ შემტევ ძალებს მეთაურობდა და სწორედ ამ ამპლუაში აქვს მონაწილეობა მიღებული სოლედარის ბრძოლაში. რუსებმა ზამთარში ძლიერი შეტევა მიიტანეს დონეცკის ოლქის ქალაქ სოლედარზე. გასპარიანის თქმით, მან უკრაინაში 6 თვე დაჰყო.

2023 წლის 25 თებერვალს ევროკავშირმა იგი შეიყვანა სანქცირებულ პირთა სიაში და დაწერა, რომ იგი „პირდაპირ არის პასუხისმგებელი უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის აგრესიულ ომში ოპერაციების დაგეგმვასა და კოორდინირებაში“, რაც „ძირს უთხრის და საფრთხეს უქმნის უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობას, სუვერენიტეტსა და დამოუკიდებლობას“.

გასპარიანი ამბობს, რომ „ამაყობს“ სანქცირებულთა სიაში მოხვედრით.

ვინ არის ახრა ავიძბა?

ევროკავშირის სანქციებში მოხვედრის ბედნიერება ჯერ არ ჰქონია, თუმცა უკრაინაში რუსეთის მხარეს ბრძოლის დიდი სტაჟი აქვს 37 წლის ახრა ავიძბას, - ზედმეტსახელად „აფხაზს“. იგი 2014 წლიდან მონაწილეობს დონბასში საომარ მოქმედებებში.

  • იგი დღემდე მეთაურობს ძირითადად აფხაზებითა და რუსებით დაკომპლექტებულ მოხალისეთა ჯგუფს, „პიატნაშკას“, რომელიც 2014 წელს თავად დააარსა;
  • 2015 წელს მიიღო „დონეცკის სახალხო რესპუბლიკის“ გმირის სტატუსი. უკრაინის უსაფრთხოების სამსახურს ავიძბაზე ძებნა აქვს გამოცხადებული.

იგი სოჭში, კრასნოდარის მხარეში დაიბადა. მშობლები გუდაუთის რაიონიდან ჰყავს - მამა სოფელ ააციდან, დედა კი - ლიხნიდან. მისი თქმით, მამა და ბიძები აფხაზეთის ომში ცენტრალური ხელისუფლების წინააღმდეგ იბრძოდნენ. ცხოვრობს ხან აფხაზეთში, ხან დონბასში.

აფხაზური და რუსული მედიის ცნობით, იგი 2008 წლის აგვისტოს ომშიც წავიდა მოხალისედ, თუმცა, იმის გამო, რომ შეიარაღებული კონფლიქტი სწრაფად დასრულდა, საბრძოლო მოქმედებებში მონაწილეობა ვერ მოასწრო.

ახრა ავიძბა 2021 წელს აფხაზეთში დაბრუნების შემდეგ
ახრა ავიძბა 2021 წელს აფხაზეთში დაბრუნების შემდეგ

სწორედ ავიძბა იყო 2019-20 წლებში აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკაში პოლიტიკური კრიზისის ერთ-ერთი შემოქმედი (კერძოდ, ის იყო დე ფაქტო პრეზიდენტის ადმინისტრაციის შენობაზე შტურმის ორგანიზატორი). მრავალთვიანი კრიზისის შედეგად დე ფაქტო პრეზიდენტი რაულ ხაჯიმბა გადადგა და პრეზიდენტი ასლან ბჟანია გახდა.

ადგილობრივ პოლიტიკაში ოპოზიციურ ფლანგზე ახრა ავიძბას გააქტიურებას წინ უძღოდა სოხუმში, რესტორან „სან-რემოში“ მისი ბიძაშვილის, ე.წ კანონიერი ქურდის, ალხას (ხასიკ) ავიძბას მკვლელობა (მასთან ერთად მოკლეს კიდევ ერთი კრიმინალური ავტორიტეტი ასტამურ შამბა).

ბჟანიას გაპრეზიდენტების შემდეგ ავიძბას „ღვაწლი“ დაუფასეს და დანიშნეს დე ფაქტო პრეზიდენტის თანაშემწედ საერთაშორისო ურთიერთობების საკითხებში, თუმცა 2020 წლის ნოემბერში ეს პოსტი დატოვა „საერთო საქმისადმი რწმენის დაკარგვის გამო“.

ახრა ავიძბა, 2020 წლის 18 თებერვალი
ახრა ავიძბა, 2020 წლის 18 თებერვალი

2021 წლის 4 მარტს ავიძბა აფხაზეთში დააკავეს დონეცკელ მეგობრებთან ერთად. აფხაზეთის დე ფაქტო უსაფრთხოების სამსახურმა თავდაპირველად განაცხადა, რომ ავიძბა და მისი დაცვის წევრები „სახელმწიფო გადატრიალების მცდელობას გეგმავდნენ“. თუმცა ავიძბასთვის ამ მუხლით ბრალი არ წაუყენებიათ. ივნისში მას პირობითი მსჯავრი მიუსაჯეს იარაღის უკანონო შენახვა-გასაღების ბრალდებით და სასამართლო დარბაზიდან გაათავისუფლეს.

2022 წელს, უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი ომის დაწყების შემდეგ, იგი კვლავ დონბასში დაბრუნდა და რუსეთის მხარეს გააგრძელა ბრძოლა. სექტემბერში ირწმუნებოდა, რომ დონეცკიდან არ გაუშვეს, თუმცა თვის ბოლოს მოსკოვში ჩასვლა მოახერხა, იქიდან კი, 29 სექტემბერს, აფხაზეთში დაბრუნდა.

XS
SM
MD
LG