Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აუტისტური სპექტრის მქონე ბავშვების დაფინანსება იზრდება


თბილისის მერია აუტისტური სპექტრის მქონე ბავშვების დაფინანსებას 445 ათასი ლარით ზრდის. ახალი ბიუჯეტის მიხედვით, პროგრამა 1000 ბავშვის სარეაბილიტაციო კურსს დააფინანსებს. აუტიზმის სპექტრის დარღვევის მქონე ბავშვთა რეაბილიტაციის პროგრამის ბიუჯეტი 4 მილიონ ლარს გადააჭარბებს.

როგორც თბილისის მერმა კახა კალაძემ 6 თებერვალს გამართულ მთავრობის სხდომაზე განაცხადა, დაფინანსება ვაუჩერული სისტემით გადანაწილდება იმ ცენტრებზე, რომლებიც აუტისტური სპექტრის მქონე ბავშვებს ემსახურება:

„დღეს შვიდი დაწესებულება უწევს მომსახურებას აუტისტური სპექტრის მქონე ბავშვებსა და მოზარდებს. როგორც ვიცი, 130-ზე მეტი ბავშვი იყო მოლოდინის რეჟიმში, რომლებსაც არ ჰქონდათ წვდომა ცენტრების მომსახურებაზე. ბიუჯეტის ზრდის გადაწყვეტილება მივიღეთ ოპოზიციურ პარტიებთან კონსულტაციების შემდეგ და თუკი აქამდე მერია აფინანსებდა 850 ბავშვის მომსახურებას, ახალი ბიუჯეტით მათი რაოდენობა 1000-მდე გაიზარდა. დაახლოებით 445 ათასი ლარი გამოიყოფა იმისთვის, რომ ოჯახებს და ბავშვებს მაქსიმალურად შევუწყოთ ხელი სარეაბილიტაციო პროცესში“.

მარი კორკოტაძე, არასამთავრობო ორგანიზაცია „ოჯახები დისკრიმინაციის წინააღმდეგ“ ხელმძღვანელი და თავადაც აუტისტური სპექტრის მქონე მოზარდის დედა, ერთის მხრივ მიესალმება დედაქალაქის მერიის გადაწყვეტილებას პროგრამის ბიუჯეტის ზრდის შესახებ, თუმცა, იმასაც ამბობს, რომ აუტისტური სპექტრის მქონე ბავშვების მშობლებს ეს მიღწევები ხშირად დიდ წვალებად უჯდება. მარი კორკოტაძე ამბობს, რომ სახელმწიფო მსგავს გამოწვევებს მზად უნდა ხვდებოდეს, მით უმეტეს მაშინ, როდესაც უახლესი გამოკვლევების მიხედვით, სულ უფრო და უფრო იზრდება აუტისტური სპექტრის დიაგნოსტიკა:

„თუკი გასულ წლებში, ამერიკაში, ყოველი 65 ბავშვიდან ერთის დიაგნოზი იყო აუტისტური სპექტრი, 2018 წლის გამოკვლევების მიხედვით, ყოველი 40 ბავშვიდან ერთს აუტისტური სპექტრი აქვს. ძალიან კარგია, რომ გაიზარდა დაფინანსება, მაგრამ სამწუხაროდ, ჩვენ ყოველწლიურად გვიწევს ბრძოლა ჩვენი შვილების სარეაბილიტაციო დაფინანსების მოსაპოვებლად. დაუსრულებლად ვწერთ წერილებს, პერიოდულად ვმართავთ საპროტესტო აქციებს და მხოლოდ ამის შემდეგ ვაღწევთ ხოლმე შედეგს. არადა, ფაქტია, აუტისტური სპექტრის მქონე ბავშვების რაოდენობა სულ უფრო და უფრო იზრდება. სახელმწიფო ამ გამოწვევას მზად უნდა ხვდებოდეს და ჩვენ არ უნდა გვიწევდეს ბრძოლა დაფინანსების მოსაპოვებლად. მით უმეტეს მაშინ, როდესაც სახელმწიფო დაფინანსება ისედაც ზღვაში წვეთია. აუტისტური სპექტრის მქონე ბავშვების სარეაბილიტაციო პროცესი დიდ თანხებთანაა დაკავშირებული, რისი გაღებაც ხშირ შემთხვევაში, ოჯახებს ძალიან უჭირთ“.

მერიის დაფინანსებით განხორციელებული სარეაბილიტაციო პროგრამა მოიცავს ბავშვის მოტორული, შემეცნებითი, სოციალური განვითარების, თვითმოვლის და დამოუკიდებლად ფუნქციონირების უნარების ჩამოყალიბების ხელშეწყობას და სხვა.

პროგრამით სარგებლობა შეუძლიათ აუტისტური სპექტრის მქონე 2-დან 15 წლამდე ბავშვებსა და მოზარდებს. პროგრამის ფარგლებში ფინანსდება კომპლექსური თერაპიის 20 (მინიმუმ ერთსაათიანი) სეანსი. სეანსის ღირებულება შეადგენს 20 ლარს. ხოლო თვის ვაუჩერის ღირებულება 400 ლარს.

XS
SM
MD
LG