ორი დელეგატი რუსეთიდან მონაწილეობას ვერ მიღებს მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეის სხდომაში, რომელიც თბილისში 19-22 ივნისს იმართება. მათ დარღვეული აქვთ კანონი ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ, თუმცა აკრძალვა არ ეხება სერგეი გავრილოვს, რომელიც თავის განცხადებებში აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთს დამოუკიდებელ სახელმწიფოებად აღიარებს.
„საუბარია სერგეი გავრილოვზე, რომელიც რუსეთის კომუნისტურ პარტიას წარმოადგენს. ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაციით, გავრილოვი აფხაზეთში ომის მიმდინარეობის დროს იმყოფებოდა და საქართველოს წინააღმდეგ ომში მონაწილეობდა“, - განაცხადა „ევროპული საქართველოს“ წევრმა გიორგი კანდელაკმა 17 ივნისს გამართულ პრესკონფერენციაზე.
ასამბლეა 4 კონტინენტის 25 სახელმწიფოს აერთიანებს. თბილისი მას წელს პირველად მასპინძლობს. ღონისძიებები საქართველოს პარლამენტის შენობაში გაიმართება. ასამბლეის ერთ-ერთი მონაწილე, ზაქარია ქუცნაშვილი, აცხადებს, რომ ვერ დატოვებენ მართლმადიდებლურ სამყაროს იმის გამო, რომ მისი ერთი წევრი რუსეთის ფედერაციაც არის.
„ეს იქნებოდა პოლიტიკური სიბეცე. ამ ლოგიკით, უნდა მივატოვოთ შავი ზღვის ქვეყნების საპარლამენტო ასამბლეაც, რადგან რუსეთი წევრი ქვეყანაა. ამავე ლოგიკით, უნდა მივატოვოთ გაერო, რადგან გაეროს უშიშროების საბჭოს წევრია რუსეთი. პირიქით, ჩვენ ყველა პლატფორმაზე უნდა ვიჭიდაოთ ჩვენი ეროვნული ინტერესების დაცვით და არა იმის შიშით, რომ ოპოზიცია იტყვის, რატომ თანამშრომლობთ იმ ორგანიზაციასთან, რომლის წევრიც რუსეთიაო“, - თქვა მან.
ზაქარია ქუცნაშვილი განმარტავს, რომ ასამბლეის სხდომას გამოიყენებენ საიმისოდ, რომ დანარჩენ სამყაროს გააგებინონ, რა ხდებოდა 2008 წელს და როგორი იყო იმდროინდელ მოვლენებში რუსეთის როლი.
„გვაქვს კონკრეტული მერკანტილური ინტერესებიც, რაც გამოიხატება რელიგიური ტურიზმის განვითარებაში. ჩვენ ამ პლატფორმას ვიყენებთ იმისთვის, რომ ვუთხრათ რუსეთს, წაიღოს თავისი აღიარება. მოგეხსენებათ, რუსეთის საპატრიარქო აღიარებს საქართველოს ეკლესიის კანონიკურ საზღვრებს, ხოლო რუსეთის სახელმწიფო არღვევს საქართველოს სახელმწიფო საზღვრებს. ჩვენ ვეუბნებით, რომ დაუჯერონ რუსეთის ეკლესიას, აღიარონ საქართველოს სახელმწიფოს საზღვრების ურღვეობა და ეს ორგანიზაციაც ამას მიანიშნებს“, – განაცხადა ზაქარია ქუცნაშვილმა მედიაცენტრ „მთავარში“.
ასამბლეის ჩატარების თარიღი ემთხვევა თბილისში ლგბტ პრაიდის ჩატარების პერიოდს. ზაქარია ქუცნაშვილი ამბობს, რომ ეს ორი თარიღი განზრახ არავის დაუმთხვევია. უბრალოდ, გენერალური ასამბლეა ყოველთვის ივნისის ბოლოს იმართება.