Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რელიგიური ტურიზმი საქართველოში


თბილისი
თბილისი

ტურიზმის სფეროს წარმომადგენლები ამბობენ, რომ საქართველოს აქვს პოტენციალი განავითაროს პილიგრიმობა, როგორც რელიგიური ტურიზმი, მაგრამ ამ კუთხით ბევრი არაფერი კეთდება.

კატალოგები მომლოცველთათვის

  • 2017 წელს ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ გამოსცა კატალოგი მართლმადიდებელ მომლოცველთათვის.
  • კატალოგი ქართულად, ინგლისურად და რუსულად არის გამოცემული. გაკეთდა, ასევე, ებრაული მემკვიდრეობის კატალოგი.
  • თუ რამდენი მომლოცველი შემოდის საქართველოში, ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციას მონაცემები არა აქვს.
    ვარძია
    ვარძია

ილიაუნის ასოცირებული პროფესორი გიორგი ქემერტელიძე ამბობს, რომ საქართველოში 12 000-ზე მეტი ეკლესია-მონასტერია, ასევე, არის სიწმინდეები - ქრისტეს კვართი და წმინდა ნინოს ჯვარი, რაც რელიგიური ტურიზმის გასავითარებლად კარგ პირობას იძლევა.

„არ ვიცი, რამდენად ხშირად სთავაზობენ ტურისტული კომპანიები ტურისტებს ჩვენს ქვეყანას ამ კუთხით, მაგრამ, ვფიქრობ, საკმარისად არა... თუნდაც, იტალიას რომ შევადაროთ, იქ 30 მილიონი კაცი მხოლოდ მოსალოცად ჩადის“.

გიორგი ქემერტელიძე ლაპარაკობს, ასევე, იმ დაბკოლებებზე, რომელთაგან ერთ-ერთი არის ტაძრების გადაკეთება, მის არქიტექტურაში ჩარევა:

„ახლახან ვიყავი დარიალის ხეობაში. იქ არის ახალი, დიდებული ტაძარი, მაგრამ კარი აქვს რკინის, წითელი, რომელიც საერთოდ არ შეესაბამება“.

ტურიზმის სპეციალისტი მთვარისა თარხნიშვილი შენიშნავს, რომ დღეს მომლოცველებს ძირითადად აინტერესებთ მთის ეკლესიები (სვანეთი, ყაზბეგი), ასევე თბილისი, მცხეთა, ვარძია და გელათი. ამასთან, აინტერესებთ მამა გაბრიელის საფლავი და ვლაქერნობა ზუგდიდში. მისი თქმით, იყო შემთხვევები, როდესაც ტურისტებმა უკვე ჩამოსულებმა შეიტყვეს დავით გარეჯის შესახებ და იქაც წავიდნენ.

„ყველა ტაძარს აქვს თავისი დღესასწაული, რამე განსაკუთრებული, რის შესახებაც შეუძლიათ უფრო მეტად გაავრცელონ ინფორმაცია, რომ ტურისტებმაც გაიგონ და მივიდნენ. ეკლესიამაც უნდა იაქტიუროს.

რაც შეეხება პირობებს, ინფრასტრუქტურა ცუდია, ძვირია სასტუმროებიც, ტუალეტები - საშინელი“.

გელათი
გელათი

მთვარისა თარხნიშვილი ამბობს, რომ პილიგრიმები ხშირად ესწრებიან წირვას. თუ წირვა არ არის, დაუჯდომელსა და პარაკლისს კითხულობენ. მოსალოცად ჩამოსული ტურისტი იმითაც განსხვავდება, რომ საღამოს გასართობად წასვლას არ გთხოვს, უფრო ის აინტერესებს, ამ დროს ლოცვა სად ტარდება. არის შემთხვევები, როცა უშუალოდ რომელიმე სასულიერო პირთან შესახვედრადაც ჩამოდიან.

„ძალიან აინტერესებთ ქართველი წმინდანების ცხოვრება, სად ვინ არის დაკრძალული. უნდათ მივიდნენ და მოილოცონ. სულ ფურცელი და კალამი უჭირავთ, ოღონდ ვინმე წმინდანი უხსენო. სამწუხაროდ, ბუკლეტებიც არ არის უცხო ენებზე, სადაც მათ შესახებ ინფორმაცია იქნება, ან თუ არის რამე წიგნი, ძალიან ძვირია. მაგალითად, ერთი 80 ლარი ღირდა“.

ბათუმის საკათედრო ტაძარი
ბათუმის საკათედრო ტაძარი

მართლმადიდებლების გარდა, უცხოეთიდან ჩამოდიან სხვა კონფესიის წარმომადგენლებიც და ისინიც - მოსალოცად: მუსლიმები ახალციხის ციხის, ბათუმისა და ხულოს მეჩეთების სანახავად, ებრაელები - ონისა და ახალციხის სინაგოგის. ასევე, მოდიან კათოლიკეებიც, რადგან საქართველოში ძველი კათოლიკური ტაძრებიც საკმაოდაა, მაგალითად, თბილისში, ქუთაისში, გორსა და სოფელ უდეში.

კომპანია „თიემ ტური საქართველოს“ წარმომადგენელი თინათინ მოსიაშვილი ამბობს, რომ რელიგიური ტურიზმის თვალსაზრისით განსაკუთრებით საინტერესო ადგილია თბილისი, სადაც სხვადასხვა კონფესიის სალოცავები ერთად იყრის თავს.

ალავერდი
ალავერდი

„შეიძლება დაგიკავშირდნენ რუსეთიდან, უკრაინიდან, ბელორუსიიდან და ჩამოვიდეს ჯგუფი, ხშირად მოძღვართან ერთად. ეს ჯგუფი მხოლოდ ტაძარს კი არ ნახულობს, ლოცვებსაც ესწრება“.

რაც შეეხება პრობლემებს, თინათინ მოსიაშვილი ამბობს, რომ ხშირად პრობლემაა გიდების განათლება. ამასთან, მასპინძელმა ორგანიზაციამ უნდა გაითვალისწინოს, თუნდაც, კვების საკითხი, მაგალითად, სამარხვო და „ქაშერული“ საჭმელი. თავის მხრივ, მთვარისა თარხნიშვილიც აღნიშნავს, რომ ებრაელები რამდენჯერაც ჩამოვიდნენ, თავიანთი ჭურჭელი ჩამოიტანეს და სამზარეულოშიც თავად მოამზადეს საჭმელი.

რაბათი
რაბათი

2017 წელს ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ დაბეჭდა კატალოგი მართლმადიდებელ მომლოცველთათვის. კატალოგი ქართულად, ინგლისურად და რუსულად არის გამოცემული. გაკეთდა, ასევე, ებრაული მემკვიდრეობის კატალოგი.

იმის შესახებ, თუ რამდენი მომლოცველი შემოდის საქართველოში, ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციას მონაცემები არა აქვს. სააგენტოს ტურისტული პროდუქტისა და მცირე ინფრასტრუქტურის განვითარების სამმართველოს უფროსი თამარ მაისურაძე ამბობს, რომ ადმინისტრაციის მარკეტინგული კამპანია მხოლოდ ერთი მიმართულების პოპულარიზაციას კი არ ისახავს მიზნად, არამედ, ზოგადად, ქვეყნისა და მათ შორის მისი კულტურისა და ხუროთმოძღვრების წარმოჩენას ცდილობს.

  • 16x9 Image

    თეა თოფურია

    რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2012 წლიდან. აშუქებს როგორც მიმდინარე მოვლენებს, ასევე საკითხებს ახლო წარსულიდან. არის ათამდე პროზაული და პოეტური კრებულის ავტორი.

XS
SM
MD
LG