საპარლამენტო უმრავლესობამ 3 აპრილს პარლამენტში ოფიციალურად დაარეგისტრირა ე.წ. აგენტების შესახებ კანონი, ასევე, ლგბტ უფლებების შემზღუდველი საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტი და საქართველოს კონსტიტუციური კანონი „ოჯახურ ღირებულებათა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ“.
საქართველოს კანონის პროექტის „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ წარდგენისას, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა მამუკა მდინარაძემ განმარტა, რომ კანონპროექტის ტექსტი შარშანდელია, მხოლოდ ერთი განსხვავებით, ნაცვლად ტერმინისა „უცხოური გავლენის აგენტი“ გამოყენებულია - „უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელი ორგანიზაცია“.
შეიძლება დაჩქარებული წესის გამოყენება?
არა. ეს კანონპროექტი დაჩქარებული წესით ვერ განიხილება. დაჩქარებული წესით მიღება გულისხმობს მის სამივე მოსმენით განხილვასა და დამტკიცებას ერთი კვირის განმავლობაში. ამ პროცედურის გამოყენება მხოლოდ იმ შემთხვევაში შეიძლება, როდესაც მოქმედ კანონში შედის ცვლილებები. ახლა კი სრულიად ახალი კანონის მიღება იგეგმება.
სტანდარტული წესი როგორია?
სტანდარტულად, კანონპროექტის დამტკიცებას, მისი დარეგისტრირებიდან, საბოლოოდ მიღებამდე (კომიტეტსა და პლენარულ სხდომაზე სამ-სამი მოსმენით განხილვა და მიღება), დაახლოებით, 45 კალენდარული დღე სჭირდება, თუკი მაშინვე დაიწყება მისი განხილვა. ამ დროისთვის უცნობია, როდის გაიხსნება ოფიციალური მსჯელობა.
მამუკა მდინარაძემ თქვა, კანონპროექტის სამივე მოსმენაზე მიმდინარე სესიაზე მეტ დროს არ დავხარჯავთო. რეგლამენტის თანახმად, საგაზაფხულო სესია ივნისის ბოლო პარასკევს (28 ივნისს) სრულდება.
ლგბტ უფლებების შემზღუდავი პროექტები
„საქართველოს კონსტიტუციაში ცვლილების შეტანის შესახებ“ კანონის პროექტის ინიციატორი საპარლამენტო უმრავლესობის („ქართული ოცნება“, „ხალხის ძალა“) 83 დეპუტატია.
კანონპროექტი საქართველოს კონსტიტუციის 30-ე მუხლში (ქორწინების უფლება, დედათა და ბავშვთა უფლებები) შესწორებას ითვალისწინებს. კონსტიტუციის მოქმედ რედაქციის 30-ე მუხლში წერია:
1. ქორწინება, როგორც ქალისა და მამაკაცის კავშირი ოჯახის შექმნის მიზნით, ემყარება მეუღლეთა უფლებრივ თანასწორობასა და ნებაყოფლობას.
2. დედათა და ბავშვთა უფლებები დაცულია კანონით.
პროექტის თანახმად, ამ მუხლს დაემატება მე-3 პუნქტი: „ოჯახურ ღირებულებათა და არასრულწლოვანთა დაცვა უზრუნველყოფილია საქართველოს კონსტიტუციური კანონით, რომელიც საქართველოს კონსტიტუციის განუყოფელი ნაწილია“.
პროცედურულად, სწორედ, ამ შესწორების მიღების შემდეგ იქნება შესაძლებელი ახალი კონსტიტუციური კანონის მიღება, რომლის ინიციატორიც ასევე საპარლამენტო უმრავლესობის 83 წევრია.
„ქართული ოცნების“ გადაწყვეტილებით, ერთდროულად დაიწყება ორივე პროექტის განხილვა. კონსტიტუციური კანონის პროექტი კი კენჭისყრაზე მხოლოდ კონსტიტუციის 30-ე მუხლში შესწორების შეტანის შემთხვევაში დადგება.
„საქართველოს კონსტიტუციური კანონი ოჯახურ ღირებულებათა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ“ პროექტი რვა პუნქტისგან შედგება.
1. კანონმდებლობით შეიძლება მოწესრიგდეს ქორწინებასთან მიმსგავსებული მხოლოდ იმგვარი ურთიერთობა, რომელიც არანაკლებ 18 წლის ერთი გენეტიკური მამაკაცისა და ერთი გენეტიკური ქალის კავშირს ითვალისწინებს.
2. არასრულწლოვანის შვილად აყვანა ან მინდობით აღზრდა დასაშვებია მხოლოდ საქართველოს კონსტიტუციისა და კანონმდებლობის შესაბამისად ქორწინებაში მყოფი მეუღლეების ან ჰეტეროსექსუალი პირის მიერ.
3. აკრძალულია ადამიანის სქესის შეცვლასთან დაკავშირებული ნებისმიერი სამედიცინო ჩარევა.
4. სახელმწიფოს ან ადგილობრივი თვითმმართველობის მიერ გაცემულ დოკუმენტში მიეთითება მხოლოდ მდედრობითი ან მამრობითი სქესი, რომელიც მის გენეტიკურ მონაცემებს შეესაბამება.
5. ბათილია საჯარო ხელისუფლების ან კერძო პირის ნებისმიერი გადაწყვეტილება, რომელიც სქესობრივი ნიშნით განსაზღვრული ცნებების გამოყენებას პირდაპირი ან ირიბი ფორმით ზღუდავს.
6. აკრძალულია იმგვარი შეკრება, რომელიც ერთნაირსქესიანი ოჯახური ან ინტიმური ურთიერთობის, ინცესტის, ერთნაირსქესიანი წყვილის ან არაჰეტეროსექსუალი პირის მიერ არასრულწლოვანის შვილად აყვანის ან მინდობით აღზრდის, სქესის შეცვლასთან დაკავშირებული სამედიცინო ჩარევის ან სქესობრივი ნიშნით განსაზღვრული ცნებების არგამოყენების პოპულარიზაციისკენ არის მიმართული.
7. აკრძალულია იმგვარი შინაარსის ნაწარმოების, პროგრამის ან სხვა მასალის გავრცელება, რომელიც ერთნაირსქესიანი ოჯახური ან ინტიმური ურთიერთობის, ინცესტის, ერთნაირსქესიანი წყვილის ან არაჰეტეროსექსუალი პირის მიერ არასრულწლოვანის შვილად აყვანის ან მინდობით აღზრდის, სქესის შეცვლასთან დაკავშირებული სამედიცინო ჩარევის ან სქესობრივი ნიშნით განსაზღვრული ცნებების არგამოყენების პოპულარიზაციისკენ არის მიმართული.
8. აკრძალულია საჯარო ან კერძო საგანმანათლებლო დაწესებულების სასწავლო პროცესში იმგვარი ინფორმაციის მიწოდება, რომელიც ერთნაირსქესიანი ოჯახური ან ინტიმური ურთიერთობის, ინცესტის, ერთნაირსქესიანი წყვილის ან არაჰეტეროსექსუალი პირის მიერ არასრულწლოვანის შვილად აყვანის ან მინდობით აღზრდის, სქესის შეცვლასთან დაკავშირებული სამედიცინო ჩარევის ან სქესობრივი ნიშნით განსაზღვრული ცნებების არგამოყენების პოპულარიზაციისკენ არის მიმართული.
პარლამენტის ბიურომ 4 აპრილს გამართულ სხდომაზე საკონსტიტუციო ცვლილებების და კონსტიტუციური კანონის პროექტებს მსვლელობა მისცა. პირველ ეტაპზე ისინი საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტს გადაეცა. მას ერთი კვირა აქვს 83 ხელმოწერის ნამდვილობის გადასამოწმებლად. ამის შემდეგ პარლამენტის ბიურო საკითხს შეიტანს პარლამენტის უახლოესი პლენარული სხდომის დღის წესრიგში, რომელიც გადაწყვეტს პროექტის გამოქვეყნებისა და საყოველთაო-სახალხო განხილვის საორგანიზაციო კომისიის შექმნის საკითხს.
პარლამენტი საკონსტიტუციო ცვლილებების განხილვას იწყებს მისი გამოქვეყნებიდან ერთი თვის შემდეგ. მანამდე კი საყოველთაო-სახალხო განხილვის კომისია 30 დღის განმავლობაში, პროექტის განხილვის მიზნით, „მოსახლეობის მაქსიმალური ინფორმირებისა და ჩართულობის პრინციპის გათვალისწინებით“, გამართავს შეხვედრებს საქართველოს სხვადასხვა ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულში.
განხილვის დასრულებიდან ათი დღის ვადაში კომისია შემაჯამებელ ოქმს გამოაქვეყნებს.
ამის შემდეგ პროექტების განხილვას შეუდგებიან საქართველოს პარლამენტში. ბიუროს მიერ განსაზღვრული კომიტეტები არაუგვიანეს ერთი თვის განმავლობაში იმსჯელებენ.
ამას მოჰყვება პლენარულ სხდომაზე პროექტის პირველი მოსმენით განხილვა და კენჭისყრაზე დაყენება. თუ პროცედურას მივყვებით, ეს ივნისში იქნება შესაძლებელი. თუმცა საქმე ის არის, რომ „ქართულ ოცნებას“ საკონსტიტუციო ცვლილებებისთვის საკმარისი ხმები არ აქვს.
კონსტიტუციური კანონის მისაღებად პარლამენტის სრული შემადგენლობის სამი მეოთხედის (113 დეპუტატის) მხარდაჭერა არის საჭირო. იმ შემთხვევაში, თუ ცვლილებას ორი მესამედით (100 ხმით) დაამტკიცებენ, ის მხოლოდ მაშინ ჩაითვლება მიღებულად, თუკი მომდევნო მოწვევის პარლამენტში, ამავე რაოდენობის დეპუტატი მხარდაჭერას კიდევ ერთი კენჭისყრით დაადასტურებს.
დღეის მონაცემებით, საპარლამენტო უმრავლესობაში 83 წევრია. ხოლო დეპუტატთა მაქსიმალური რაოდენობის (93 ხმა) მობილიზება მან გასული წლის მაისში შეძლო.