Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ზუგდიდის საკრებულოს პირველად ქალი თავმჯდომარე ჰყავს


ნატალია შეროზია
ნატალია შეროზია

ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ქალი თავმჯდომარე ჰყავს. დეპუტატთა ხმების უმრავლესობით აღნიშნულ პოზიციაზე საკრებულოს ჯანდაცვის და სოციალურ საკითხთა კომისიის ხელმძღვანელი ნატალია შეროზია აირჩიეს. ახალი თავმჯდომარის არჩევა მას შემდეგ დადგა დღის წესრიგში, რაც ეს თანამდებობა პარლამენტის არჩევნებში მონაწილეობის მიღების სურვილით დატოვა ახლა უკვე მაჟორიტარმა დეპუტატმა, მერაბ ქვარაიამ. მას შემდეგ თავმჯდომარის მოვალეობას მისი მოადგილე გიორგი თოდუა ასრულებდა, რომელიც ახლა თავმჯდომარის მოადგილის თანამდებობაზე რჩება.

გადმოწერა

ფარულ კენჭისყრაზე ნატალია შეროზიას კანდიდატურას მხარი დაუჭირა საკრებულოს 11-მა წევრმა, 2 -მა კი ხმა წინააღმდეგ მისცა. ფრაქცია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ მიერ წარდგენილ კანდიდატს მხარი არ დაუჭირა ფრაქცია „ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ“. მისი წევრის, ანა წითლიძის, თქმით, ჰქონდათ კითხვები, თუ როგორია კანდიდატის ხედვები ზუგდიდის მომავალთან, მის განვითარებასთან დაკავშირებით, რაზეც პასუხი ვერ მიიღეს:

„ახლად არჩეულმა საკრებულოს თავმჯდომარემ არ იცის , თუ როგორი უნდა იყოს ზუგდიდის განვითარების გეგმა, მას არ აქვს წარმოდგენა, რატომ მოდის საკრებულოს თავმჯდომარედ. შესაბამისად, ჩვენ მას არ მივეცით ხმა“, - აღნიშნა დეპუტატმა.

ამავე ფრაქციის წევრმა და „ევროპული საქართველოს“ წარმომადგენელმა ბათლომე შელიამ ნატალია შეროზიას უსურვა, თავისუფალი იყოს პარტიული ვალდებულებებისგან.

„გისურვებთ, რომ, თქვენი წინამორბედებისგან განსხვავებით, პარტიულ ინტერესებზე არ იყოთ მხოლოდ ორიენტირებული და ოპოზიციასთან თანამშრომლობით, ერთად შევძლოთ ქალაქის ინტერესებზე ზრუნვა“, - განაცხადა ბათლომე შელიამ.

ოპოზიციონერი დეპუტატებისგან განსხვავებით, საკრებულოს წევრი ნათია ფიფია ღრმად არის დარწმუნებული, რომ ნატალია შეროზია დაიცავს ზუგდიდელების ინტერესებს და ყველა განხორციელებული პროექტი იქნება ეფექტური. მანვე სოლიდარობა გამოუცხადა ახალ თავმჯდომარეს, როგორც ქალს, და წარმატებები უსურვა:

„დარწმუნებული ვარ, თქვენ, პირველ რიგში, დაიცავთ მოქალაქეების ინტერესს და ყოველი განხორციელებული პროექტები იქნება ეფექტური და ნაყოფიერი“.

თავის მხრივ, ნატალია შეროზიამ მხარდაჭერისთვის დეპუტატებს მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ ეს მისთვის ძალიან დიდი პასუხისმგებლობაა.

„იყო ქალაქ ზუგდიდის საკრებულოს თავმჯდომარე, ნიშნავს ემსახურო ხალხს, იზრუნო მათ კეთილდღეობაზე, სოციალურ და ყოფით პირობებზე, ქალაქის იერსახეზე. ჩვენ ვითანამშრომლებთ და გავაგრძელებთ კოორდინირებულ მუშაობას მთავრობასთან, გუბერნიასთან, მერიასთან და მაქსიმუმს გავაკეთებთ ქალაქის წარმატებისთვის“, - აღნიშნა მან.

ნატალია შეროზია 2014 წლის თვითმმართველობის არჩევნებიდან დღემდე საკრებულოს წევრი და ჯანდაცვის და სოციალურ საკითხთა კომისიის ხელმძღვანელი იყო. საკრებულოში ნატალია შეროზია მოხვდა „ქართული ოცნების“ პარტიული სიით.

XS
SM
MD
LG