ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულომ ახალი წევრის, თაზო ფაცაციას, უფლებამოსილება ცნო. ის უკვე ე.წ. პრესოვკა-მახარაძის უბნის მაჟორიტარი დეპუტატი იქნება ქალაქის საკრებულოში.
თაზო ფაცაცია ოქტომბერში გამართულ საკრებულოს შუალედურ არჩევნებში გახდა გამარჯვებული. მან 1 854 ხმა მიიღო, რაც 43.84 %-ია.
2014 წლიდან, 2016 წლის აგვისტოს ჩათვლით, ზუგდიდის საკრებულოში ე.წ. პრესოვკა-მახარაძის უბანს საკრებულოს ყოფილი თავმჯდომარე მერაბ ქვარაია წარმოადგენდა. მან თანამდებობა და საკრებულოს წევრობის მანდატი მიმდინარე წლის 17 აგვისტოს დატოვა, რადგან ის „ქართულმა ოცნებამ“ ქალაქ ზუგდიდის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატად დაასახელა.
საკრებულოს ახალი წევრმა ამომრჩეველს ნდობისთვის მადლობა გადაუხადა და განაცხადა, რომ ის საკრებულოში აქტიური მუშაობით ამ ნდობას გაამართლებს:
„წინასაარჩევნო პერიოდში მოსახლეობასთან კარდაკარ ვიმყოფებოდი და ვიცი მათი საჭიროებები. მიცნობს თითოეული მოსახლე. მე მაქსიმალურად ვეცდები, რომ მათი პრობლემები მოგვარებული იყოს“.
საკრებულოს წევრები ახალ წევრს ტაშით შეხვდნენ და წარმატებები უსურვეს. ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრებმა კი მას უსურვეს, რომ იყოს უკეთესი მაჟორიტარი საკუთარი უბნის, ვიდრე იყო მისი წინამორბედი მერაბ ქვარაია.
ახალი წევრის უფლებამოსილების ცნობის შემდეგ საკრებულომ ქალაქის ბიუჯეტში ცვლილების შეტანის საკითხი განიხილა და დაამტკიცა კიდევაც. ოთხასი ათას თორმეტი ლარი მოაკლდა რამდენიმე მუხლს და გადანაწილდა სხვა პროგრამებზე. მათ შორის შემცირდა მერიის ადმინისტრაციული ხარჯებისთვის გათვლილი თანხა, კეთილმოწყობის სამსახურის და ტურიზმის განვითარებისთვის გათვლილი ბიუჯეტის ოდენობა. შედეგად, გაიზარდა ჯანდაცვის პროგრამების და სააღმზრდელო დაწესებულებათა ცენტრის პროგრამებისთვის გათვლილი ბიუჯეტი.
ფრაქცია „ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ“ ბიუჯეტის ცვლილებებს მხარი არ დაუჭირა და განმარტა, რომ რეალურად ზუგდიდის მერია ცდილობს აუთვისებელი თანხების წლის ბოლომდე განაწილებას, რაც თავიდანვე მოსალოდნელი იყო თანხების არასწორად გადანაწილების გამო. ფრაქციის წევრ ანა წითლიძის განცხადებით, სწორედ ამ მიზეზით არ დაუჭირა მხარი თავის დროზე „ნაციონალურმა მოძრაობამ“ ზუგდიდის ბიუჯეტს მხარი, ხარვეზებმა კი ახლა იჩინა თავი. დეპუტატის სიტყვებით, თავიდანვე ხელოვნურად იყო გაზრდილი მერიის ადმინისტრაციული ხარჯები და დღეს ასი ათასზე მეტი ლარი დაუხარჯავი დარჩა.
„ჩვენ მაშინ ვითხოვდით ამ თანხების შემცირებას და ზუგდიდისთვის პრობლემური საკითხების მოგვარებას. დღეს ამ პრობლემის წინაშე დადგა მერია და ამიტომაც არ მივეცით ჩვენ ხმა. ჩვენ ვთვლით, რომ ის თანხა, რაც ახლა გადაანაწილა მერიამ, მოხდა ერთადერთი პრინციპით, რომ ბიუჯეტში თანხები არ დარჩეს დაუხარჯავი“, - განმარტა ანა წითლიძემ.
ქალაქის მერმა ოპოზიციას სხდომაზევე უპასუხა. ირაკლი გოგოხიას განცხადებით, ის ვერ გაიზიარებს პრეტენზიას, რადგან რეალურად თანხა 10 თვის განმავლობაში სხვადასხვა პროექტებზე გამოცხადებულ ტენდერებში ეკონომიის შედეგად დაიზოგა. განსხვავებული შემთხვევა იყო კეთილმოწყობის ცენტრთან დაკავშირებით. მერის სიტყვებით, კეთილმოწყობის ცენტრს 170 ათასი ლარი ჰქონდა გათვლილი საჭირო ტექნიკის შესაძენად, თუმცა ის საჩუქრად მიიღო და თანხაც დაიზოგა:
„ჩვენ ვიყავით ერთადერთი მუნიციპალიტეტი, რომელსაც სპეცტექნიკა არ გააჩნდა, მაგრამ ერთმა არასამთავრობო ორგანიზაციამ ერთი ტრაქტორი გადმოგვცა და სოფლის მეურნეობის სამინისტროდან კიდევ ველოდებით მეორეს საჩუქრად. აქედან გამომდინარე, თანხა, რაც ტექნიკისთვის იყო გათვლილი, გადმოვიტანეთ ჯანდაცვის პროგრამებში“, - განაცხადა მერმა.
ამასთან, დაზოგილი თანხის ნაწილი გადავიდა სკოლამდელ სააღმზრდელო დაწესებულებათა ცენტრის ბიუჯეტში. როგორც მერი განმარტავს, ის საბავშვო ბაღების რეკონსტრუქციას მოხმარდება.