Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ზუგდიდის საბავშვო ბაღების ნაწილს საკუთარი შენობა არ გააჩნია


„საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ“ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საბავშვო ბაღებში არსებული მდგომარეობა შეისწავლა. როგორც არასამთავრობო ორგანიზაციაში აცხადებენ, მონიტორინგის შედეგად აღმოჩნდა, რომ სოფლების დიდი ნაწილის სააღმზრდელო დაწესებულებებს საკუთარი ფართი არ გააჩნიათ და დროებით სხვადასხვა დანიშნულების შენობებში იმყოფებიან.

„ჩვენ ვიყავით ზუგდიდის 48-ვე საბავშვო ბაღში. სამწუხაროდ, რამდენიმე სოფელს საერთოდ არ აქვს ბაღი. საბავშვო ბაღებში არსებული პრობლემები არის მწვავე, რადგან უმეტესი ნაწილი განთავსებულია ან ამბულატორიის შენობაში, ან, ზოგ შემთხვევაში, გამგეობის შენობაში. უმეტეს მათგანს არ გააჩნია ბაღებისთვის დამახასიათებელი ტიპიური შენობები და ნაწილი არის დაყადაღებული“, - განაცხადა საიას ზუგდიდის ოფისის წარმომადგენელმა, ინეზა შენგელიამ.

ორგანიზაციამ საბავშვო ბაღების მონიტორინგის შედეგები ზუგდიდში მოქმედ არასამთავრობო ორგანიზაციებს და გამგეობის შესაბამისი სამსახურების წარმომადგენლებს გააცნო.

განსაკუთრებით მწვავედ დაისვა საკითხი ზუგდიდის სოფელ ცვანესთან დაკავშირებით, რომელსაც საბავშვო ბაღი საერთოდ არა აქვს.

ცვანელმა ზურაბ მამფორიამ განაცხადა, რომ მოსახლეობა სოფლის ცენტრში უმოქმედოდ მდგარი შენობის საბავშვო ბაღისთვის გადაცემას ითხოვს, მაგრამ ის განათლების სამინისტროს ბალანსზეა და თხოვნაზე უარი მიიღეს:

„არ გვაძლევენ სოფლის მიერ, ხალხის მიერ აშენებულ შენობას, რომ გამოიყოს საბავშვო ბაღი. კონტინგენტი საკმარისია, მაგრამ არ გვაქვს უფლება ის შენობა გვქონდეს“.

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სკოლამდელ სააღმზრდელო დაწესებულებათა ცენტრის დირექტორმა ციცანა თოლორაიამ თქვა, რომ შეხვედრაზე წამოჭრილი პრობლემები მისთვის ცნობილია და მათ გადასაჭრელად მუშაობა მიმდინარეობს. მან აღნიშნა, რომ ბაღების ნაწილი სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში გარემონტდა, ნაწილი კი აღიჭურვა ახალი ინვენტარით.

„რაც შეეხება ცვანეს საბავშვო ბაღს, მესმის, შვიდი კილომეტრის მანძილზე ხდება ბავშვების გამოყვანა. სწორედ ცვანეში და ერგეტაში რომ არ დარჩენილიყო არც ერთი აღსაზრდელი ბაღის გარეშე, გაიხსნა მეორე ჯგუფი. იქ ორჯგუფიანი ბაღია, 50 აღსაზრდელია. ცვანეს პრობლემასთან დაკავშირებით ჩვენთანაც იყო მოსახლეობა მოსული. წერილობით მოგვმართეს, მაგრამ ჩვენს პრეროგატივაში არ შემოდის ეს, მუნიციპალიტეტმა იკისრა და განათლების სამინისტროს მიმართა, თუმცა მათგან, როგორც ვიცით, უარი მიიღეს“, - თქვა თოლორაიამ. მისივე განცხადებით, ცვანეს პრობლემაზე მუშაობა გაგრძელდება, რამდენიმე სოფელში კი ახალი საბავშვო ბაღი უკვე აშენდა.

საბავშვო ბაღებში არსებული პრობლემების განხილვა „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ“ მოაწყო პროექტის „მოქალაქეთა ჩართულობა ეფექტური თვითმმართველობისთვის“ ფარგლებში. პროექტის მიზანია პრობლემების ადვოკატირება, მოსახლეობის გააქტიურება და მათი ცნობიერების ამაღლება, გადაწყვეტილებების მიღების პროცესში ჩართულობის გაზრდა, ასევე კომუნიკაციის გაუმჯობესება ადგილობრივ ხელისუფლებასა და მედიასთან.

XS
SM
MD
LG