Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ზუგდიდის ბიუჯეტში ცვლილებების შეტანამ დავა გამოიწვია


უმრავლესობის მიერ დამტკიცებული დოკუმენტი ბიუჯეტში ცვლილებების შეტანის შესახებ საკრებულოში მოქმედი ოპოზიციის უკმაყოფილებას იწვევს. „ერთიანი ნაციონალური მოძრაობისა“ და „თავისუფალი დემოკრატების“ დეპუტატების განცხადებით, მერიის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტის თანახმად, თანხები უმცირდება სააღმზრდელო დაწესებულებებს, ხიდის რეკონსტრუქციის პროექტს და ეზრდება სხვა პროგრამებს. ოპოზიციური პარტიები განსაკუთრებით აღაშფოთა იაკობ გოგებაშვილის ძეგლის დასამზადებლად 20 ათასი ლარის გამოყოფის გადაწყვეტილებამ. მწვავე დისკუსიის შემდეგ ცვლილებების დოკუმენტს მხარი არ დაუჭირეს ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებმა, „თავისუფალმა დემოკრატებმა“ კი თავი შეიკავეს.

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრის ბათლომე შელიას თქმით, უმრავლესობის მიერ მიღებული ცვლილებები მთელი რიგი სამუშაოების შეფერხებას იწვევს:

„საქმე ეხება სამასი ათას ლარს სკოლამდელი სააღმზრდელო დაწესებულებებიდან. მე ვიკითხე, თუ საჭირო არ იყო ეს სამასი ათასი ლარი, რატომ ჩაისვა წლის დასაწყისში. სასიცოცხლო დანიშნულების ხიდზე ამბობენ უარს და თუნდაც...მე არაფერი საწინააღმდეგო არ მაქვს გოგებაშვილს ძეგლთან მაგრამ, გოგებაშვილის ბიუსტის დამზადებისკენ მიდის თანხა“.

„წლის ბოლომდე მიმდინარე ხარჯებს დააკლდება სამასი ათასი ლარი. ორმოცი ათასი გამოაკლდა ხიდის მშენებლობას, რომელიც არის „თავისუფალი დემოკრატების“ მაჟორიტარი დეპუტატის ნუგზარ სარიას უბანი. ჩვენ დაპირება გვქონდა, რომ ამას გავაკეთებდით. სამწუხაროდ, ამ ეტაპზე ამ ხიდის მშენებლობა გადაიდო“, - აცხადებს ლაშა ფარცვანია, თავმჯდომარე „თავისუფალი დემოკრატების“ ფრაქციისა „ზუგდიდის მომავლისთვის“.

დამტკიცებული ცვლილებების თანახმად, თანხები უმცირდება შემდეგ პროგრამებს: 300 ათასი ლარი უნდა მოაკლდეს სააღმზრდელო დაწესებულებების განვითარების პროგრამას, 20 ათასი - საჯარო სკოლების ხელშეწყობის პროგრამას. იმავე რაოდენობის თანხა მუზეუმებისა და კულტურის მემკვიდრეობის დაცვის ხელშეწყობის პროგრამას მოაკლდება,50 ათასი ლარი - სამუსიკო სკოლის სუბსიდირებას,7 ათასამდე ლარი - საბიბლიოთეკო დარგის განვითარების პროგრამას, 70 ათასი - კულტურული ღონისძიებების დაფინანსებას, 6 ათასამდე - ახალგაზრდული პროგრამების დაფინანსებას, 40 ათასი ლარი - ხიდების მშენებლობა-რეკონსტრუქციას. აღნიშნული თანხები მოხმარდება, როგორც უმრავლესობაში განმარტავენ, ამჟამად ყველაზე პრიორიტეტულ საკითხებს, მაგალითად, 6 საბავშვო ბაღის სრულ რეკონსტრუქციას, სამუსიკო სკოლის სარემონტო სამუშაოებს, 20 ათასი კი იაკობ გოგებაშვილის ბიუსტის დამზადებას, იმავე ოდენობის თანხაა გათვლილი გზების შეკეთებისთვის.

როგორც საკრებულოს თავმჯდომარე მერაბ ქვარაიამ განაცხადა, არც ერთი ის პროექტი, რომელიც კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენა ოპოზიციამ, არ დარჩება ყურადღების მიღმა და ყველა დაპირებული პროექტი შესრულდება:

„მოხდა, დაახლოებით, 500 ათასი ლარის გამოთავისუფლება და მიმართვა კაპიტალური მშენებლობის სამუშაოებზე. სოლიდური თანხა - დაახლოებით, 300 ათასი ლარი -იქნება გამოყენებული ბაღების რეაბილიტაციისთვის. შევთანხმდით, რომ უახლოეს პერიოდში ბიუჯეტის გაზრდასთან დაკავშირებით აღნიშნული ხიდის სამუშაოები იქნება ჩადებული ამ ბიუჯეტში. წლის ბოლომდე ეს ხიდი გაკეთდება“.

ცვლილებების მიხედვით, ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის 2015 წლის ბიუჯეტის მოცულობა განისაზღვრა 21 121 ლარით (ოცდაერთი მილიონ ას ოცდაერთი ათასი), ნაცვლად 21 187-ისა (ოცდაერთი მილიონ ას ოთხმოცდაშვიდი ათასი).

XS
SM
MD
LG