ქალაქ ზუგდიდის საკრებულოში უახლოეს სხდომებზე ელოდებიან მერიის ანგარიშს ბიუჯეტის შესრულების შესახებ. როგორც ოპოზიციურ პარტიებთან გასაუბრების შემდეგ ირკვევა, 2015 წლის ბიუჯეტის დამტკიცებიდან ექვსი თვის თავზე ბევრი კითხვა დაგროვდა. ბიუჯეტის შესრულების შესახებ ინფორმაციას საკრებულოში „ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან“ ორი და „ბურჯანაძე - ერთიანი ოპოზიციიდან“ ერთი დეპუტატი განსაკუთრებული ინტერესით ელოდება. მათ ჯერ კიდევ დეკემბერში არ მისცეს ხმა ბიუჯეტის დამტკიცებას იმის გამო, რომ მიაჩნდათ, პრიორიტეტები სათანადოდ არ იყო განსაზღვრული. „ერთიან ნაციონალურ მოძრაობაში“ აცხადებენ, რომ ამ მიმართულებით უკვე იკვეთება პრობლემები. პარტიის წარმომადგენელი ბათლომე შელია, რომელიც საკრებულოს საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის წევრია, აცხადებს, რომ 3 ივლისს საკრებულოში შევიდა მერიის დოკუმენტი ბიუჯეტში ცვლილებების შეტანის შესახებ, რომლის თანახმადაც, მერიას სურს თანხები სხვადასხვა სფეროების მიხედვით გადაანაწილოს - მაგალითად, გარკვეული თანხა მოაკლოს სააღმზრდელო დაწესებულებების განვითარების პროგრამას და მოახმაროს სხვა პროექტს და ა.შ.:
„ახლა რა ხდება? 300 000 ლარს ართმევენ ბაღების განვითარების პროგრამას, სადაც ისედაც გაწერილი იყო, რომ სჭირდებოდათ ეს 300 000 ლარი. ბაღს ართმევენ და ისევ ამ ფულით აკეთებენ იმ საბავშვო ბაღების რეაბილიტაციას, რომელიც მათ დაპირებაში იყო და რომელიც ისედაც მოძიებული თანხებით უნდა გაეკეთებინათ. ანუ ერთი ჯიბიდან იღებენ და მეორეში იდებენ. თუ არ სჭირდებოდა, მაშინ თავის დროზე რატომ დაუმტკიცდა სკოლამდელ სააღმზრდელო დაწესებულებებს ეს 300 000 ლარი?! - ეს კითხვა არსებობს“.
ბათლომე შელია დადებითად აფასებს იმ ფაქტს, რომ დეპუტატების დიდმა ნაწილმა ბიუროს სხდომაზე უარყოფითად შეაფასა მერიის დოკუმენტი და ხელახლა დასამუშავებლად უკან გაუგზავნა ავტორს. საკრებულოს წევრს „ბურჯანაძე - ერთიანი ოპოზიციიდან“ თენგიზ ხარჩილავას კი ბიუჯეტში ცვლილებების ხშირად შეტანა არ უკვირს, რადგან, მისი თქმით, ის თავიდანვე არასწორად და გაურკვევლად იყო შედგენილი:
„ბიუჯეტში ცვლილებები საკმაოდ იქნა შეტანილი. რა ობიექტური მიზეზები აქვს ამას?! ამ კითხვაზე პასუხი, ალბათ, ექნებათ და პასუხს მოვისმენთ მერიის თანამშრომლებისგანაც, რომლებიც ანგარიშვალდებული არიან საკრებულოს წინაშე“.
დეპუტატების საპასუხოდ ქალაქ ზუგდიდის საკრებულოს თავმჯდომარე მერაბ ქვარაია განმარტავს, რომ თავის დროზე ძალიან ბევრი ადამიანი იყო ჩართული ბიუჯეტის განხილვის პროცესში, მათ შორის, საკრებულოს წევრები, საკრებულოსა თუ მერიის შესაბამისი სამსახურები და არასამთავრობო ორგანიზაციები. საკრებულოს თავმჯდომარის მტკიცებით, ყველა მათგანის რეკომენდაციები მაქსიმალურად იქნა გათვალისწინებული და მაშინ ბიუჯეტი განისაზღვრა, დაახლოებით, 16 მილიონი ლარით, რაც შემდგომში სამჯერ გაიზარდა საქართველოს რეგიონალური განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროდან გადმორიცხული თანხების ხარჯზე. შედეგად, დღეის მდგომარეობით, ზუგდიდის 2015 წლის ბიუჯეტი შეადგენს, დაახლოებით, 21 მილიონ 200 ათას ლარს:
„ეტაპობრივად ხორციელდება ბიუჯეტით გათვალისწინებული სამუშაოები. ძირითადად შესრულდა დაპროექტების სამუშაოები. ქალაქის მერიის ინფორმაციით, მთავრდება ტენდერები, მიმდინარეობს ხელშეკრულების გაფორმების პროცესები და, შესაბამისად, რაიმე ტიპის ნეგატიური ცვლილებები ამ მხრივ არ შეიმჩნევა“.
რაც შეეხება ბიუჯეტში განხორციელებულ ცვლილებებს, საკრებულოს თავმჯდომარის სიტყვებით, ბიუჯეტი ცოცხალი ორგანიზმია და წლის განმავლობაში მასში ცვლილებების შეტანა ბუნებრივი პროცესია. მისი განცხადებით, ხელისუფლება გამჭვირვალედ მუშაობს და, შესაბამისად, 2016 წლის ბიუჯეტის განხილვაც წარიმართებასაჯაროდ და არასამთავრობო სექტორის ჩართულობით.