წალენჯიხის მუნიციპალიტეტის სოფლების საჩინოსა და მედანის მოსახლეობა ცენტრალური გზის შეკეთებასა და წყლის სისტემის დამონტაჟებას ითხოვს. მოქალაქეთა ნაწილი ამ მოთხოვნით წალენჯიხის გამგეობის წინ შეიკრიბა და საპროტესტო ააქცია გამართა. აქციის მონაწილეების განცხადებით, სხვადასხვა ხელისუფლების პირობებში გაცემული არაერთი დაპირების მიუხედავად, ამ დრომდე უშედეგოდ ელოდებიან საჩინოსა და მედანის ცენტრალური გზების შეკეთებას.
„კაცისშვილი ვერ გაივლის, მანქანა ვერ გაივლის, ისეთ სოფელში ვცხოვრობთ. გვპირდებიან, ვაკეთებთ, ვაკეთებთო, მაგრამ ჯერჯერობით არაფერი არ არის“, - განაცხადა სოფელ საჩინოს მცხოვრებმა რუბენ აბრალავამ.
„უკიდურეს მდგომარეობაში ვართ. ბავშვი სკოლაში არ დადის, ბაღში არ დადის. ვეღარ დადიან მანქანები. ხუთი წლის წინ დაიწყეს შეკეთება, მაგრამ მიატოვეს პროექტი. ეს ახლა ბოლო მიმართვაა, მერე ასე არ დარჩება, უფრო სხვა ზომებს მივიღებთ“, - ამბობს ასევე საჩინოში მცხოვრები სოფიო ყუფუნია.
გზასთან ერთად წყლის პრობლემა აქვთ სოფელ მედანის მცხოვრებლებს. აქციის მონაწილეების ინფორმაციით, სოფელში წყლის მილები გაიყვანეს, სამუშაოები დასრულდა, მაგრამ სავარაუდოდ სამშენებლო ხარვეზების გამო წყლის ჩართვა ვერ ხერხდება.
„დღეს გზაზეა აქცენტი გაკეთებული, თორემ არანაკლები პრობლემა არის წყლის. წარმოიდგინეთ, ასეთ სიცხეში მედანს წყალი არ აქვს. არადა, წყალუხვი სოფელია. რომ იყოს ჭაბურღილებიდან ამოსაქაჩი, კიდევ რაღაცას იტყოდა ადამიანი, მაგრამ წყალუხვი სოფელია. წყლის მილები არ ჩადგეს ნორმალური. ხომ უნდა ყოფილიყო ინჟინერი, ამას ხომ სჭირდება ელემენტარული ინჟინერია. არადა, პროექტი ვიღაცამ დაამტკიცა, ვიღაცამ ექსპერტიზა გაუკეთა და ვიღაცამ ჩაიბარა კიდეც“, - განაცხადა სოფელ მედანში მცხოვრებმა ელისო ხარჩილავამ.
აქციის მონაწილეებს გამგებელი შეხვდა. ბესიკ ფარცვანიას მტკიცებით, გზების შეკეთების დაგვიანება ტენდერთან დაკავშირებულმა პრობლემამ გამოიწვია:
„საპროექტო წინადადებაზე ტენდერი გამოცხადდა 2016 წლის სექტემბრის თვეში. ტენდერში გამარჯვებულმა კომპანიამ ვერ უზრუნველყო დროზე პროექტების წარმოდგენა, ამიტომ ის დაჯარიმდა და შავ სიაში იქნა შეყვანილი. შემდეგ ხელახლა გამოცხადდა ტენდერი და ამ წლის მარტში მივიღეთ ჩვენ აღნიშნული პროექტები. საკმაოდ ღირებული პროექტებია. საჩინოში საუბარია 7-კილომეტრიან გზაზე, რომელსაც 3 მილიონ-ნახევარი სჭირდება. ადგილობრივი ბიუჯეტით ეს ვერ მოხერხდება და ამიტომ ჩაბარებულია მუნიციპალური განვითარების ფონდში, სადაც ამ ეტაპზე მიმდინარეობს ამ პროექტების განხილვა“, - განმარტა გამგებელმა.
ბესიკ ფარცვანიას თქმით, დაახლოებით ერთ თვეში ელოდებიან ფონდისგან პროექტებს, რომლის მიხედვითაც დაიწყ მუშაობა.
რაც შეეხება სოფელ მედანში სასმელი წყლის პრობლემას, გამგებლის თქმით, ამ საკითხში არ არის „ღრმად გარკვეული“, ამ დღეებში გაეცნობა პრობლემას და ერთ კვირაში ექნება პასუხი, თუ რასთან გვაქვს საქმე. ბესიკ ფარცვანიას თქმით, ეს არის პროექტი, რომელიც მის გამგებლობამდე განხორციელდა.