Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება
რეგიონული მაცნე

ჯანდაცვის რა პროგრამებს სთავაზობს ზუგდიდის თვითმმართველობა მოქალაქეებს


ზუგდიდი
ზუგდიდი

ქალაქ ზუგდიდის მერია და ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგეობა მოქალაქეებს ჯანდაცვის კუთხით სხვადასხვა მომსახურებას სთავაზობს. სოციალურად დაუცველი და მძიმე ფინანსური პრობლემების მქონე მოქალაქეების სიმრავლის გამო პროგრამებზე მაღალი მოთხოვნაა. სწორედ ამიტომ თვითმმართველობაში აცხადებენ, რომ წლიდან წლამდე იზრდება ამ განყოფილებების დაფინანსება. მაგალითად, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ჯანდაცვის განყოფილებას წელს თანხა 200 ათასი ლარით გაეზარდა და 600 ათას ლარს შეადგენს, ანალოგიურად არის გაზრდილი ქალაქის შემთხვევაში - აქ თანხის სრული ოდენობა 500 ათასი ლარია.

ორივე თვითმმართველობისთვის პროგრამების ჩამონათვალი ძირითადად იდენტურია და, განყოფილებების უფროსების თქმით, შემუშავებულია მოსახლეობის მხრიდან შემოსული განცხადებებისა და სამედიცინო დაწესებულებებში ჩატარებული გამოკითხვების შედეგად.

აქცენტი, სამეგრელოში დაფიქსირებული C ჰეპატიტით ინფიცირებულთა სიმრავლის გამო, სწორედ ამ მიმართულებაზე კეთდება. ქალაქსა და მუნიციპალიტეტში მცხოვრებთათვის ფინანსდება C ჰეპატიტის დიაგნოსტიკა, ისეთი ოპერაციები, რომლებიც საყოველთაო ჯანდაცვის პროექტში არ შედის. შესაძლებელია თანადაფინანსებაც. წელს სიახლეა ის, რომ აქცენტი კეთდება აუტიზმის დარღვევის მქონე ბაშვებისა და იშვიათი დაავადების მქონე მოზარდების რეაბილიტაციის პროგრამებზე.

2017 წლის მთავარი გამოწვევაა და მთავარი აქცენტი ქალაქისა და მუნიციპალიტეტის შემთხვევაში გაკეთებულია დიაგნოსტიკაზე. ამდენად, არ არის შეზღუდვები გამოკვლევებზე:

„მაგრამ იძულებული შევიქენით შეზღუდვები დაგვეწესებინა ძვირად ღირებულ მედიკამენტებზე, ანუ პრიორიტეტად გვეცნო გადახდის უუნარო, სოციალურად დაუცველი პირები, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები და მძიმე დაავადებების მქონე მოქალაქეები, როგორიცაა, მაგალითად, ონკოლოგიური დაავადებები, გლაუკომა და ეპილეფსია“, - უთხრა რადიო თავისუფლებას მერიის ჯანდაცვის განყოფილების უფროსმა. მისი კოლეგა მუნიციპალიტეტის გამგეობიდან, სალომე ჩანგელია, აცხადებს, რომ ჯანდაცვის ყველა პროგრამა თანაბრად ვრცელდება როგორც ადგილობრივ, ისე დევნილ მოსახლეობაზე. მთავარი მოთხოვნაა, რომ ადამიანი იყოს რეგისტრირებული ზუგდიდში.

ქალაქის მერიისგან განსხვავებით, ყველა ჩამოთვლილი პროგრამების პარალელურად დამატებით მუნიციპალიტეტის მომსახურებებში შედის სოფლად მცხოვრები მოსახლეობისთვის სატრანსპორტო ხარჯების დაფარვა 100 ლარის ოდენობით. საუბარია იმ ბენეფიციარებზე, ვისაც ქალაქში აუცილებელი პროცედურებისთვის - ძირითადად კი დიალიზის პროგრამაში ჩართულებს - უწევს ყოველდღიური მგზავრობა. სალომე ჩანგელიას თქმით, მოსახლეობის დიდი მოთხოვნაა ყველა პროგრამაზე, თუმცა არის ისეთებიც, სადაც მომართვიანობა უფრო მეტია:

„2015 წელს ჩვენ გვქონდა სტაციონარული სამედიცინო მომსახურება მარტო სოციალურად დაუცველებზე და წელს ეს ჯგუფი გაიზარდა და გვაქვს ყველა მოსარგებლეზე. შესაბამისად, ამ ჯგუფმაც მოიმატა და ძალიან დიდი მოთხოვნაა სტაციონარულ მომსახურებაზე და ძვირად ღირებულ მედიკამენტებზე, ასევე С ჰეპატიტის გამოკვლევებზე. ძირითადად ამ სამ ჯგუფზე არის მეტი მომართვიანობა“, - აცხადებს სალომე ჩანგელია.

იმისთვის, რომ მოაქალაქემ ისარგებლოს თვითმმართველობის მიერ შეთავაზებული პროგრამებით, მიმართვისას თან უნდა ჰქონდეს ჯანმრთელობის ცნობა, ფორმა ნომერი ასი, სადაც მითითებული იქნება, თუ რა სახის სამედიცინო მომსახურებას საჭიროებს; ანგარიშფაქტურა, რა ხარჯებთან არის ეს მოთხოვნა დაკავშირებული; პირადობის დამადასტურებელი ცნობა და, თუ სოციალურად დაუცველია ან სხვა ჯგუფის წარმომადგენელი, შესაბამისი დამადასტურებელი დოკუმენტი.

XS
SM
MD
LG