Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ზუგდიდში დევნილები ბინების დაკანონებას და საყოფაცხოვრებო პირობების გაუმჯობესებას ითხოვენ


ზუგდიდი
ზუგდიდი

ზუგდიდში, ყოფილი სააფთიაქო ქსელის შენობაში მცხოვრები დევნილთა 74 ოჯახი საყოფაცხოვრებო პირობების გაუმჯობესებას ითხოვს. იძულებით გადაადგილებული პირები აქ კორპუსის რეკონსტრუქციის შემდეგ, წელიწად-ნახევრის წინ ჩაასახლეს, თუმცა შენობის მობინადრეები ჰყვებიან, რომ განსახლებიდან ცოტა ხანში მშენებლობისას დაშვებულმა შეცდომებმა იჩინა თავი. გალელი ჯამბულ ჭოლარიას თქმით, წვიმის დროს წყალი ფანჯრებიდან შემოდის, დაზიანებულია კედლები, პარკეტიც. მისი განმარტებით, ასევე უხარისხოდ მოეწყო და გაუმართავია კანალიზაციაც. პირობების გაუმჯობესებასთან ერთად დევნილები ბინების დაკანონებასაც ითხოვენ:

„პატარა წვიმის დროსაც შიგნით წყალი ჩამოდის. ასე ვცხოვრობთ... რამდენჯერ გადაიღეს, გავაკეთებთო ყველაფერს, მაგრამ გაკეთებული არაფერი არ არის“.

„მოვითხოვთ დაკანონებას, საკუთრებაში რომ შევიდეს. წელიწადზე მეტია აქ ვცხოვრობთ და არ არის ჩვენი საკუთრება. სარდაფიც გასაწმენდია, სიბინძურეა, წყალი შემოგვდის, სინესტეა და შმორის სუნი“, - ამბობს კორპუსში მცხოვრები ელისო კოზუა.

იძულებით გადაადგილებული პირების საყოფაცხოვრებო პირობების გაუმჯობესებას კორპუსის მობინადრეთა პარალელურად ითხოვს „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ზუგდიდის ორგანიზაცია. პარტიის პოლიტიკური მდივნის თეიმურაზ ბასილაიას განცხადებით, მათ თავად დაუკავშირდნენ დევნილები და დახმარება სთხოვეს, რის შემდეგაც ისინი ადგილზე გაეცნენ მდგომარეობას:

„ელემენტარულად სესხს ვერ იღებენ დევნილები მცირე ბიზნესის განსავითარებლად იმის გამო, რომ ბინა მათ საკუთრებაში არ არის. მივმართავ დევნილთა სამინისტროს, რომ საბოლოოდ გადაწყდეს ეს საკითხი და არანაირი ზოგადი დათვალიერება ამას არ შველის“.

თეიმურაზ ბასილაიას სიტყვებით, საკითხს შეისწავლის პარტიის ადგილობრივი ანტიკორუფციული ბიურო, მიმართავენ ლტოლვილთა სამინისტროს, ასევე „ნაციონალური მოძრაობის" ანტიკორუფციულ ცენტრალურ საბჭოს, რომელიც „ადეკვატურ ზომებს მიიღებს და მასალებს გაასაჯაროებს".

საპასუხოდსაქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს ზუგდიდის ტერიტორიულ ორგანოში აცხადებენ, რომ პრობლემის შესახებ ინფორმირებულები არიან და მათ მოსაგვარებლად სამუშაოებიც ხორციელდება:

„კანალიზაციის პრობლემის მოგვარება დღესვე დაიწყო მანდ უკვე. მოუგვარებენ ამ პრობლემას მოკლე ვადებში. შენობის შეფუთვის საკითხიც მოგვარებულია, გადაწყვეტილია. ზამთრამდე იქნება ეს შენობა შეფუთული და პლუს ამათ სახურავის პრობლემაც აქვთ, ესეც გამოსწორებული იქნება“, - განუცხადა ჟურნალისტებს ლტოლვილთა სამინისტროს ზუგდიდის ტერიტორიული ორგანოს უფროსმა მანუჩარ ჩილაჩავამ. რაც შეეხება დაკანონების საკითხს, მისი თქმით, სამინისტრომ შესაძლოა ამ ეტაპზე, არსებული ხარვეზების გამოსწორებამდე, დევნილებისთვის ფართების დაკანონებისგან თავი შეიკავოს. ეს როდის მოხდება, ვერ აკონკრეტებს მანუჩარ ჩილაჩავა, რადგან პროცესი გარკვეულ პროცედურულ საკითხებს უკავშირდება.

XS
SM
MD
LG