ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულომ დაამტკიცა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა საკითხებზე მომუშავე საბჭოს დებულება და მისი შემადგენლობა. საბჭო საინტერესოა იმით, რომ ადაპტირებული გარემოს შესაქმნელად და ინფრასტრუქტურის სათანადოდ მოსაწყობად ადგილობრივი ხელისუფლება მუშაობას ექვს არასამთავრობო ორგანიზაციასთან ერთად შეეცდება. საბჭოს ფუნქციებში შედის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა საკითხებზე ერთიანი წინადადებების შემუშავება, წარდგენა შესაბამის ორგანოებში, კონკრეტული სამუშაოების დაგეგმვა-შესრულება, მონაწილეობაშეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთათვის პროექტების შემუშავებაში. საბჭოს თავმჯდომარის, ზუგდიდის გამგებლის მოადგილე გურგენ სართანიას განცხადებით, მესამე სექტორთან თანამშრომლობა მათი გამოცდილების გაზიარების მიზნით გადაწყვიტეს, რამაც კარგი შედეგი უნდა გამოიღოს:
„გვეხმარებიან. არასამთავრობოების ჩვენდამი დამოკიდებულება გვიადვილებს სამუშაოს, იმიტომ, რომ მათ უკეთ ესმით, თავად ხვდებიან იმ წინააღმდეგობებს. მე მგონი, კმაყოფილი არიან, როგორც ჩვენ, ისე ისინიც“.
ასოციაცია „ჰანგი“ ერთ-ერთია იმ არასამთავრობო ორგანიზაციებს შორის, რომელიც წლების განმავლობაში თავად წარუდგენდა ხელისუფლებას ინიციატივებს ადაპტირებული გარემოს შექმნის მიზნით, რასაც შედეგი არ მოუტანია. ამჯერად „ჰანგის“ხელმძღვანელი რუსლან საჯაია იმედოვნებს, რომ შედეგი იქნება:
„ადრე ხდებოდა რაღაც წინადადებების შემუშავება, მხოლოდ დონორი ორგანიზაციების დახმარების ფარგლებში. ახლა ჩვენ სრულიად საწინააღმდეგო რამ შევიმუშაეთ. ვეცადეთ რაღაც ინსტიტუციური ხასიათი მიგვეცა, ისეთი, რომ არ იყოს დამოკიდებული არც დონორზე და არც ერთ რომელიმე ორგანიზაციაზე“.
რუსლან საჯაია, საბჭოს სხდომას გამგეობაში ვერ დაესწრო, რადგან ეტლით სარგებლობს და შენობა არ არის სათანადოდ მოწყობილი. არასამთავრობო ორგანიზაციის ხელმძღვანელი ამბობს, რომმის ნაცვლად გამგეობაში ორგანიზაციის სხვა წევრი მივიდა. თავად რუსლან საჯაია კი გეგმავს საბჭოს ჩამოყალიბების შემდეგ მერიაში დაესწროს შეხვედრებს, რადგან იქ სარემონტო სამუშაოები უკვე მიმდინარეობს დაპანდუსებიცაა გათვალისწინებული. მანამდე კი, „ჰანგის“ ხელმძღვანელის თქმით,ვიდრე საბჭოს სხდომა გაიმართება, მესამე სექტორი ადაპტირებულ გარემოში შეიკრიბება, რათა ყველამ მოახერხოს მოსაზრების დაფიქსირება.
„არამარტო საბჭოში შემავალ ორგანიზაციებს, არამედ ოჯახებს, სადაც ჰყავთ შშმ ბავშვი და ოჯახის სხვაწევრი, ყველას, ვისაც აწუხებს ეს პრობლემა, ყველას მოვიწვევთ. სანამ საბჭოს სხდომა გაიმართება,ჩვენ ვაპირებთ მუშაობას.საბჭოში წარვადგენთ უკვე შემუშავებულ წინადადებებს და არ ვაპირებთ მხოლოდ იქ მუშაობას“.
რუსლან საჯაიას განცხადებით, საბჭოს ძირითადი მიზანია, ხელისუფლების დახმარებით მოახერხოს დღეს არსებული გარემოს შეცვლა. მანამდე კი, მისი სიტყვებით რომ ვთქვათ,ყველამ კიდევ ცოტა ხანს უნდა გაიჭირვოს.