Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ზუგდიდის მერიას პრემიების გაცემის გამო უსაყვედურეს


ზუგდიდი
ზუგდიდი

​ქალაქ ზუგდიდის მერია გააკრიტიკეს 2015 წელს თანამშრომელთა პრემიებისთვის 130 250 ლარის დახარჯვის გამო. ინტერნეტგამოცემა livepress.ge-ში პრემიებთან დაკავშირებით გამოქვეყნებული ინფორმაციის შემდეგ ორგანიზაცია „ზუგდიდის განვითარების ცენტრში“ განცხადებები გაკეთდა. ცენტრში მიიჩნევენ, რომ პრემიებისთვის 230-230 ლარზე მეტის დახარჯვა, განსაკუთრებით კი ქვეყანაში არსებული მძიმე სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის ფონზე, თანხების არამიზნობრივი ხარჯვაა. ცენტრის ხელმძღვანელის, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან“, ქალაქის საკრებულოს წევრ ანა წითლიძის თქმით, ხელისუფლებამ ჯერ გააორმაგა ხელფასების ოდენობა, შემდეგ კი პრემიების დარიგება დაიწყო:

„თუ წინა ადგილობრივი თვითმმართველობის დროს სამსახურის უფროსის ხელფასი შეადგენდა 720 ლარს და პრემიის დარიცხვის შემთხვევაშიც ის იღებდა 1 500 ლარს, დღეს სამსახურის უფროსის შრომითი ანაზღაურება შეადგენს 1 500 ლარს, პრემიის დარიცხვის შემთხვევაში ის იღებს თვეში 3 000 ლარს. პრემია შეიძლება გაიცეს საჯარო მოხელეზე, თუ ის კეთილსინდისიერად ასრულებს დაკისრებულ მოვალეობას ან კიდევ განსაკუთრებული სირთულის სამუშაოს შესრულებისას. რაში აიღო ქალაქის მერმა ირაკლი გოგოხიამ 2 750 ლარი და რით დაამახსოვრა მან თავი ზუგდიდელებს გარდა იმისა, რომ აიღო პრემია?!“

ანა წითლიძის თქმით, მსგავსი შედეგის თავიდან აცილების მიზნით არ მისცა თავის დროზე ხმა ფრაქცია „ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ“ ზუგდიდის საკრებულოში პრემიების გაცემის წესს, რომელიც უმრავლესობამ მაინც დაამტკიცა.

თავის მხრივ, საკრებულოს სწორედ ამ გადაწყვეტილებას იშველიებს პრემიებზე საუბრისას ქალაქ ზუგდიდის მერი ირაკლი გოგოხია. მისი თქმით, კანონის ფარგლებში შესაძლებელია პრემიები რამდენჯერმე გაიცეს:

„ჩვენ შეგვიძლია პრემიები შვიდჯერ გავცეთ: კვარტალურად - ოთხჯერ და სადღესასწაულოდ - სამჯერ. მე მგონი, ისინიც ესწრებოდნენ, როცა დავამტკიცეთ 2015 წლის ბიუჯეტი, სადაც პრემია გათვალისწინებულია წელიწადში მხოლოდ ორჯერ. ასე რომ, ეს ყველაფერი კანონის ფარგლებში იყო მოქცეული“.

ზუგდიდის მერიის თანამშრომლებზე 2015 წლიდან დღემდე გაცემული პრემიების შესახებ ინფორმაცია „ლაივპრესმა“ გასულ კვირაში გამოაქვეყნა. უწყებიდან გამოთხოვილი ინფორმაციის თანახმად, მერიაში გაცემული პრემიების ოდენობამ 130 250 ლარი შეადგინა. საჯარო მოხელეებზე პრემიები გაიცა შობა-ახალი წლისა და 3-8 მარტის დღესასწაულებთან დაკავშირებით.

XS
SM
MD
LG