Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება
რეგიონული მაცნე

აქციების კვირა ზუგდიდში


ჟურნალისტების საპროტესტო აქცია ზუგდიდში
ჟურნალისტების საპროტესტო აქცია ზუგდიდში
გასულ კვირას ზუგდიდში 5 სხვადასხვა შინაარსის აქცია ჩატარდა. პირველი სამი აქცია საპროტესტო იყო და ის 18 სექტემბერს ზუგდიდის ციხესთან მას შემდეგ დაიწყო, რაც მედიასაშუალებებმა საქართველოს სასჯელაღსრულების დაწესებულებებში პატიმართა წამებისა და გაუპატიურების ამსახველი ვიდეოკადრები გაავრცელეს. მოქალაქეების მიერ ორგანიზებული საპროტესტო აქცია, რომელსაც პოლიტიკური კოალიცია „ქართული ოცნების“ აქტივისტები და ლიდერები, ასევე სასულიერო პირებიც შეუერთდნენ, მეორე დღესაც გაგრძელდა. აქციის მონაწილეები ძალადობას გმობდნენ:

„არ გვინდა ადამიანის უფლებები კიდევ ირღვეოდეს, ხალხს ციხეებში აწამებდნენ!“

„აღშფოთებული ვარ იმ კადრებით, რაც ხდება საპატიმროებში, ასევე მთავრობის საქციელით“, – ამბობდნენ ზუგდიდის #4 სასჯელაღსრულების დაწესებულებასთან შეკრებილი მოქალაქეები.

მოგვიანებით საპროტესტო აქციამ ზუგდიდის პროკურატურასთან გადაინაცვლა და მას შემდეგ დასრულდა, რაც „ქართული ოცნების“ მაჟორიტარობის კანდიდატმა ზუგდიდში ირაკლი ალასანიამ მოსახლეობას მიმართა, რომ ისინი კიდევ ერთხელ 22 სექტემბერს კოალიციის მანიფესტაციაზე შეიკრიბებიან ქალაქის ცენტრალურ მოედანზე. თუმცა მანამდე ზუგდიდში კიდევ ერთი საპროტესტო მსვლელობა მოეწყო, ამჯერად მისი ორგანიზატორები მედიის წარმომადგენლები იყვნენ.
არ ვიცი, ახალაიამ ვინმეს თუ დაურეკა და მერე მოხდა ამ ხალხის მობილიზება, მაგრამ ეს ყველაფერი დაემთხვა ერთმანეთს. დაახლოებით 70 ადამიანი წამოვიდა ჩვენკენ ...
პაატა ლაგვილავა

„შეწყვიტეთ ჟურნალისტებზე ძალადობა“ და „მოვითხოვთ თავისუფალ გარემოს“ -მსგავსი შინაარსის ტრანსპარანტებით ჟურნალისტები „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ საარჩევნო შტაბთან შეიკრიბნენ. პროტესტი გამოიწვია შინაგან საქმეთა მინისტრის პოსტიდან გადამდგარი ბაჩო ახალაიას მამის, ზუგდიდის მაჟორიტარობის კანდიდატის „ნაციონალური მოძრაობიდან“, როლანდ ახალაიას სახლთან 20 სექტემბერს მომხდარმა ინციდენტმა. „მეცხრე არხის“ კორესპონდენტი სამეგრელოში პაატა ლაგვილავა არ გამორიცხავს, რომ მაჟორიტარობის კანდიდატმა ინციდენტის პროვოცირება მოახდინა.

„არ ვიცი, ახალაიამ ვინმეს თუ დაურეკა და მერე მოხდა ამ ხალხის მობილიზება, მაგრამ ეს ყველაფერი დაემთხვა ერთმანეთს. დაახლოებით 70 ადამიანი წამოვიდა ჩვენკენ, თავად როლანდ ახალაია მეუღლესთნ ერთად გამოვიდა: დაგვაძინეთ, ნაძირლებო, წადით აქედანო. კეფაზე მომხვდა როლანდ ახალაიას ხელი“, –ამბობს პაატა ლაგვილავა.

მედიის წარმომადგენლების აქციაზე მოწვეულები იყვნენ ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციები, თუმცა მათგან მხოლოდ ერთმა, „ეს შენ გეხებამ“, გამოუცხადა ჟურნალისტებს სოლიდარობა.
მე ვიცი, რომ გუშინ აქ ძალიან ცოტა იყო აქაური, რადგან ერთ-ერთმა მეგრულად მოგმართათ და ვერავინ ვერაფერი ვერ გაიგო. მთელი ეს თვეები იცოდნენ, რომ აწამებდნენ, აუბედურებდნენ ადამიანს და ერთი სიტყვა რომ ეთქვათ ან ადრე გამოეტანათ, იმწამში დასრულდებოდა ...

22 სექტემბერს კიდევ ერთხელ შეიკრიბნენ მოქალაქეები, თუმცა ამჯერად ზუგდიდის მთავარ მოედანზე პოლიტიკური კოალიცია „ქართული ოცნების“ ლიდერთან, ბიძინა ივანიშვილთნ შესახვედრად.

„ჩემი ოცნების დიდი ნაწილი ახდა. აბა, ნახეთ, როგორ დადგა სამეგრელო. მე მოგიწოდებთ სიმშვიდისკენ, სიდინჯისკენ, მაგრამ არა ამ დანაშაულის დავიწყებისაკენ“, – უთხრა „ქართული ოცნების“ ლიდერმა ამომრჩევლებს.

კოალიციის მანიფესტაციის დასრულებიდან მეორე დღეს, 23 სექტემბერს, იმავე მოედანზე დიდი შეკრებისთვის სამზადისი დილიდან დაიწყო. ამჯერად ამომრჩევლებს საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი შეხვდა. წინა დღის მსგავსად, ქალაქის მთავარი მოედანი ამჯერადაც მოქალაქეებით მთლიანად გაივსო. მხარდამჭერთა ტრანსპორტირებაზე დედაქალაქიდან საგანგებოდ ჩამოსულმა ყვითელმა მიკროავტობუსებმა და ავტობუსებმა იზრუნეს. მიხეილ სააკაშვილმა, რომელსაც მთავრობის სხვა წევრები - დავით ბაქრაძე, ეკა ზღულაძე, გიგი უგულავა, ივანე მერაბიშვილი, ზაზა გოროზია და ნიკა გილაური - ახლდნენ, ამომრჩეველთადმი მიმართვისას კოალიციის ლიდერი გააკრიტიკა:

„მე ვიცი, რომ გუშინ აქ ძალიან ცოტა იყო აქაური, რადგან ერთ-ერთმა მეგრულად მოგმართათ და ვერავინ ვერაფერი ვერ გაიგო. მთელი ეს თვეები იცოდნენ, რომ აწამებდნენ, აუბედურებდნენ ადამიანს და ერთი სიტყვა რომ ეთქვათ ან ადრე გამოეტანათ, იმწამში დასრულდებოდა.... სანამ ჩვენ არ დავიჭირეთ ხალხი“, – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა. მანვე ზუგდიდის ცენტრალურ მოედანზე შეკრებილებს უთხრა, ისე არ წავალ პოლიტიკიდან, რომ ლაზიკა არ გახდეს „ყველაზე ბრწყინვალე ქალაქი შავიზღვისპირეთშიო“.
XS
SM
MD
LG