Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ზუგდიდის საფეხბურთო გუნდი საკრებულოში დაპირისპირების მიზეზი გახდა


ზუგდიდის საკრებულოში უმრავლესობის დეპუტატებსა და ოპოზიციას შორის სიტყვიერი დაპირისპირება გამოიწვია თვითმმართველობის საკუთრებაში არსებული საფეხბურთო გუნდის გაყიდვაზე ნებართვის გაცემის საკითხმა.

იმ მიზეზით, რომ ზუგდიდის ბიუჯეტს წლიდან წლამდე მძიმე ტვირთად აწვება საფეხბურთო გუნდის შენახვა, ქალაქის მერიამ მისი გასხვისება გადაწყვიტა, რასაც საკრებულოს უმრავლესობა დაეთანხმა და საკითხი მიიღეს, თუმცა ოპოზიციის მხარდაჭერის გარეშე.

ვკითხეთ ხელისუფლებას, თუ ვინ იყო პასუხისმგებელი იმ შეცდომებზე, რომელიც დაიშვა ბოლო სამი წლის განმავლობაში კონკრეტულად ფეხბურთის მენეჯმენტთან დაკავშირებით, რაზეც მათ, ტრადიციულად, როგორც სჩვევიათ ხოლმე, ცხრა წელი გაგვახსენეს.
ბათლომე შელია

ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ანა წითლიძემ განაცხადა, რომ ზუგდიდის საფეხბურთო კლუბის წარუმატებლობა „ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ დაიწყო, რასაც სიტყვიერი დაპირიპირება მოჰყვა მასა და უმრავლესობის დეპუტატ ირაკლი ლაგვილავას შორის.

„ჩვენ ვითხოვდით, რომ მანამ, სანამ გაიტანენ გუნდს აუქციონზე, აუცილებელია, რომ ის პირები, ვინც აპირებენ, რომ ეს გუნდი იყიდონ, მოსულიყვნენ საკრებულოს სხდომაზე და კონკრეტული გეგმა წარმოედგინათ, როგორ აპირებენ ამ გუნდის განვითარებას“, - განაცხადა ენმ-ის წარმოადგენელმა ანა წითლიძემ.

საკითხს მხარი არ დაუჭირა არც „ევროპულმა საქართველომ“. პარტიის წარმომადგენელ ბათლომე შელიას თქმით, მისი კითხვა, თუ რას მოხმარდა ბოლო სამი წლის განმავლობაში წარუმატებელი საფეხბურთო გუნდისთვის გადარიცხული მილიონობით ლარი, სხდომაზე პასუხგაუცემელი დარჩა.

„ვკითხეთ ხელისუფლებას, თუ ვინ იყო პასუხისმგებელი იმ შეცდომებზე, რომელიც დაიშვა ბოლო სამი წლის განმავლობაში კონკრეტულად ფეხბურთის მენეჯმენტთან დაკავშირებით, რაზეც მათ, ტრადიციულად, როგორც სჩვევიათ ხოლმე, ცხრა წელი გაგვახსენეს“, - აცხადებს ბათლომე შელია.

ამ ადამიანებმა კომისიის სხდომაზე მხარი დაუჭირეს საფეხბურთო გუნდ ზუგდიდის გაყიდვას, მაგრამ მას შემდეგ, რაც მათ აქ ნახეს ჟურნალისტების სიმრავლე, უნდოდათ საკუთარი თავის დაფიქსირება...
ირაკლი ლაგვლავა

ოპოზიციას არ ეთანხმებიან „ქართული ოცნების“ წარმომადგენლები. ეკონომიკის, ურბანული განვითარებისა და ქონების მართვის საკითხთა კომისიის თავმჯდომარე ირაკლი ლაგვილავას განცხადებით, ოპოზიციონერი დეპუტატების ხმამაღალი გამოსვლები პრობლემის მოგვარებაზე ორიენტირებული არ იყო და მხოლოდ ჟურნალისტების ყურადღების მიქცევას ისახავდა მიზნად:

„ამ ადამიანებმა კომისიის სხდომაზე მხარი დაუჭირეს საფეხბურთო გუნდ ზუგდიდის გაყიდვას, მაგრამ მას შემდეგ, რაც მათ აქ ნახეს ჟურნალისტების სიმრავლე, უნდოდათ საკუთარი თავის დაფიქსირება, ამიტომაც დაიწყეს უტრირებული საკითხებით ყურადღების მიქცევა“, - განაცხადა ირაკლი ლაგვილავამ.

მმართველი პარტიის წევრები თანხმდებიან, რომ გუნდის ინვესტორისთვის გადაცემით, ბიუჯეტიდან საკმაოდ დიდი თანხების დაზოგვის პარალელურად, სპორტსმენების თამაშიც გაუმჯობესდება. საკრებულოს თავმჯდომარე მამუკა წოწერიამ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ აუცილებელია გუნდი პროფესიონალებს გადააბარონ:

„ინვესტორი, რომელიც ინვესტიციებს განახორციელებს, რათა მოიზიდოს მაღალი ხარისხის ფეხბურთელები, ხოლო მუნიციპალიტეტის ვალდებულება იქნება ინფრასტრუქტურის მოწყობა“, - განმარტა მამუკა წოწერიამ.

2017 წელს გუნდისთვის 900 ათასი ლარი იყო გამოყოფილი ადგილობრივი ბიუჯეტიდან, რისთვისაც არასამთავრობო ორგანიზაციებს ადგილობრივი ხელისუფლება არერთხელ გაუკრიტიკებიათ.

XS
SM
MD
LG