Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ეკლესია, როგორც „ავტორიტეტი“


საქართველოს მედია ან იმას არკვევს, ვინ უნდა ჩათვალოს ქვეყნის პირველ ქალბატონად, ან დაწვრილებით გვამცნობს ფულის ტომრების რაინდული ტაკიმასხარაობის ამბებს. ნამდვილი პრობლემები კი მედიის (შესაბამისად კი საზოგადოების) ყურადღების მიღმა რჩება. პრობლემა, რომელზეც მინდა გიამბოთ, ქართული საზოგადოების ავადმყოფობის სიმპტომია. ამ სიმპტომში ერთმანეთს ხვდება ჩვენი (საზოგადოებისა და სახელმწიფოს) გულგრილობა ჩვენივე თანამოქალაქეების მიმართ; სახელმწიფოს უუნარობა, დაიცვას საკუთარი მოქალაქეების სიცოცხლე და უზრუნველყოს ისინი ელემენტარული საარსებო საშუალებებით; ეკლესიის სურვილი, მონოპოლია მოიპოვოს საზოგადოებრივი ცხოვრების არაერთ სფეროზე, კერძოდ ქველმოქმედებაზე; სახელმწიფო მოხელეებისა და პოლიტიკოსების სამარცხვინო სერვილურობა და სრული უძლურება საპატრიარქოს დიქტატის მიმართ; აქედან გამომდინარე, სახელმწიფოს უუნარობა, შეასრულოს საკუთარი ფუნქცია და არ დაუშვას ქვეყანაში მართვისა და გავლენის პარალელური სტრუქტურების გაჩენა; საზოგადოების უუნარობა, აიძულოს პოლიტიკოსები, იმოქმედონ სახელმწიფოს ინტერესების გათვალისწინებით - მოკლედ, ქართული სახელმწიფოს სისუსტეების მთელი „ბუკეტი“.

პრობლემა 1: უსახლკაროები
უსახლკაროდ დარჩენილები სოციალურად ყველაზე დაუცველი ხალხია. სახელმწიფო და საზოგადოება მათ არაფრით ეხმარება და, ფაქტობრივად, სასიკვდილოდ წირავს.

ზუსტად არავინ იცის, რამდენი უსახლკაროა საქართველოში. მათი აღრიცხვის მექანიზმი ჩვენს ქვეყანას არ გააჩნია. სახელმწიფო აღრიცხავს სოციალურად დაუცველ ადამიანებს და უფრო ავად, ვიდრე კარგად ახერხებს მათ დახმარებას.

იმისათვის, რომ ადამიანი სოციალურად დაუცველად ჩაითვალოს, ის სადმე უნდა იყოს ჩაწერილი, სოციალურმა მუშაკმა უნდა შეძლოს იმის შეფასება, რამდენად გაჭირვებულია ესა თუ ის პირი და რით უნდა დაეხმაროს მას სახელმწიფო. რაკი უსახლკაროები, როგორც წესი, არსად არიან ჩაწერილები სახელმწიფომ (და საზოგადოებამ), უბრალოდ, „არ იცის“ მათი არსებობის შესახებ.

ორგანიზაცია „იდენტობის“ ხელმძღვანელის, ირაკლი ვაჭარაძის ცნობით, 7500-მა უსახლკარომ მოახერხა და დახმარების თხოვნით მიმართა თბილისის მერიას. მთელ საქართველოში რამდენია ასეთი, არ ვიცით და ამას, საუკეთესო შემთხვევაში, მხოლოდ მაშინ თუ ვიგებთ, როდესაც ისინი კვდებიან: ასე, თბილისში შარშან ზამთარში, ოფიციალურად ცნობის თანახმად, ორი ადამიანი გაიყინა. მაგრამ სიკვდილის მიზეზს გარდაცვალების მოწმობაში ყოველთვის არ უთითებენ.

უსახლკაროების დახმარება „იდენტობამ“ გადაწყვიტა. ამ ორგანიზაციის ინიციატივით უნდა გახსნილიყო დროებითი თავშესაფარი უსახლკაროთათვის, სადაც მათ, მოხალისეებთან ერთად, დაეხმარებოდნენ ექიმი, იურისტი, ფსიქოლოგი, სოციალური მუშაკი და დასაქმების სპეციალისტი, შესთავაზებდნენ პროფესიულ გადამზადებასა თუ სხვა სამსახურს.

უსახლკაროთა თავშესაფრის გახსნისადმი საპატრიარქოს პოზიციამ, გარდა იმისა, რომ დეზინფორმაცია იყო („იდენტობა“ არ აპირებდა ბავშვთა თავშესაფრის გახსნას) ბევრი გააკვირვა და ბევრიც აღაშფოთა. საპატრიარქო მოგვევლინა ინსტიტუტად, რომლისთვისაც ქველმოქმედებაზე ტოტალური კონტროლი უფრო ძვირად ფასობს, ვიდრე ადამიანის სიცოცხლე. ეს პირველი შემთხვევა არ არის, როდესაც ორგანიზაცია, რომელიც თავს მართლმადიდებელ ეკლესიას უწოდებს, ზიზღის, ღვარძლის, ბოროტების, აგრესიის, მუქარისა და ძალადობის ენაზე ლაპარაკობს. აქ კი მეორე პრობლემას მივადექით.

პრობლემა 2: ეკლესია და სახელმწიფო
საპატრიარქოს დეზინფორმაციას ოპერატიულად უპასუხეს აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლებათა წარმომადგენლებმა. ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე, დეპუტატი ბესელია, რომელიც არა იმდენად ადამიანის, რამდენადაც საპატრიარქოს უფლებებს იცავს ხოლმე, ისევე როგორც ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალური უზრუნველყოფის მინისტრი სერგეენკო (არასწორად) მიიჩნევენ, რომ ასეთი თავშესაფრის მოწყობა „წესებს უნდა ემორჩილებოდეს“. სერგეენკო ამ წესებს აკონკრეტებს: „ასეთ შემთხვევაში (თუ საუბარია ბავშვთა თავშესაფარზე - ზ.ა.) მხოლოდ თავშესაფრის მიცემა საკმარისი არ არის, საჭიროა აღზრდის მეთოდები. მივესალმებით ნებისმიერ ინიციატივას, მაგრამ ეს უნდა იყოს შესაბამისობაში მოქმედ საერთაშორისო გამოცდილებასთან, სტანდარტებთან და კანონმდებლობასთან. ასე არ უნდა მოხდეს: მე ავაშენებ სახლს და იქ ბავშვებს შევუშვებ საცხოვრებლად. მხოლოდ ინფრასტრუქტურა საკმარისი არ არის“, ამბობს სერგეენკო.

თავი დავანებოთ იმას, რომ „იდენტობა“ ბავშვთა თავშესაფრის გახსნას არ აპირებდა და ამიტომ არანაირ „წესსა“ თუ „კონვენციას“ არ არღვევდა, და ვნახოთ, რას აკეთებენ სახელმწიფო და საზოგადოება მშობლის მზრუნველობას მოკლებული ბავშვებისათვის. ამ უკანასკნელთათვის განკუთვნილი დაწესებულებისათვის ლიცენზია უნდა გასცეს სახელმწიფომ (ჯანდაცვისა და სოციალური უზრუნველყოფის სამინისტრომ, იმ შემთხვევაში კი, თუ ასეთი დაწესებულება საგანმანათლებლოცაა, განათლების სამინისტრომაც).

რამდენი უსახლკარო ბავშვია საქართველოში, ზუსტად არავინ იცის. 2006 წლის მონაცემებით, ეს რიცხვი 1200-ს აღწევდა (იგულისხმება როგორც ადგილობრივი, ისე მიგრანტი ბავშვები).

სახელმწიფო ზრუნავს მშობლის მზრუნველობას მოკლებულ 1500-მდე ბავშვზე. ცხრაასამდე ბავშვი მინდობით აღზრდაშია; კიდევ ოთხასამდე ბავშვი ე.წ. „ოჯახური ტიპის მცირე საოჯახო სახლში“ ცხოვრობს (თითო ასეთ სახლში რვა ბავშვს უდევს ბინა); შეზღუდული შესაძლებლობის მქონე 150-მდე ბავშვი საბჭოთა ტიპის სააღმზრდელო დაწესებულებებშია მოთავსებული (თბილისის ჩვილ ბავშვთა სახლში, კოჯრის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვთა სახლსა და სენაკის ასეთივე დაწესებულებაში).

გარდა ამისა, საპატრიარქო მართავს შვიდ დაწესებულებას, რომლებსაც თავად ის სკოლა-პანსიონებს უწოდებს, სინამდვილეში კი ეს საბჭოთა ყაიდის დიდი ბავშვთა სახლებია. ზუსტად არავინ იცის, (არც თავად საპატრიარქომ), რამდენი ბავშვია მოხვედრილი ასეთ სახლებში. სხვადასხვა მონაცემით, ამ დაწესებულებში, რომლებიც 2003 წლიდან არსებობს, 700 ბავშვი უნდა ცხოვრობდეს და „სწავლობდეს“. დაწესებულებები 2003 წლიდან არსებობს.

საპატრიარქოს მიერ მართული არც ერთი დაწესებულება ლიცენზირებული არ არის. მათში ბავშვების მოხვედრის გადაწყვეტილებას იღებენ მხოლოდ ამ დაწესებულებების მესვეურები და ბავშვის მშობლები, რომლებიც, ამა თუ იმ მიზეზით, ვერ ახერხებენ (ან არ სურთ), იზრუნონ საკუთარ ბავშვებზე.

აქ კი მივადექით პრობლემის არსს: თუ აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლებები „იდენტობის“ თავშესაფრის შემთხვევაში „წესებისა“ და „საერთაშორისო კონვენციების“ დაცვას ითხოვდნენ, საპატრიარქოს არალიცენზირებული ბავშვთა სახლები, სადაც კაცმა არ იცის, როგორ ექცევიან და რას ასწავლიან ბავშვებს, სახელმწიფოს 2003 წლიდან არ გახსენებია. თუ გადავხედავთ კონვენციებს, რომლებსაც მინისტრი სერგეენკო ეყრდნობოდა, გამოვა, რომ საპატრიარქო, ფაქტობრივად, ტრეფიკინგს ეწევა, რადგან ულიცენზიოდ და სახელწიფოს დაუკითხავად ბავშვები დახურულ დაწესებულებაში ჰყავს მოთავსებული.

როდესაც საპატრიარქო კანონს არღვევს, ამაზე სახელმწიფო იოლად ხუჭავს თვალს და ამით ხელს უწყობს საპატრიარქოს გადაქცევას სახელმწიფოს პარალელურ სტრუქტურად, რომელსაც სახელმწიფო ვერ აკონტროლებს და რომელიც თვითონ დღითიდღე ზრდის სახელმწიფოზე თავის კონტროლს.

პრობლემა 3: ეკლესია და საზოგადოება
როგორ მოახერხა ეკლესიამ, თავი კანონს მიღმა დაეყენებინა?
მიზეზი რამდენიმეა:

1. შევარდნაძიდან მოყოლებული, სახელმწიფო ცდილობდა, ეკლესია საკუთარ ინტერესებში გამოეყენებინა და, სამაგიეროდ, მას პერმანენტულად აძლიერებდა (ფინანსური დახმარების ჩათვლით). ამ თვალსაზრისით, ეკლესიის მიმართ სახელმწიფოს პოლიტიკა შევარდნაძის შემდეგ არ შეცვლილა.

2. საპატრიარქომ შეძლო პოსტ-ტოტალიტარული საზოგადოებისათვის მნიშვნელოვანი ფუნქციის შესრულება. პოსტ-ტოტალიტარულ საზოგადოებაში მასა, რომელსაც დაკარგული აქვს თვითორგანიზაციის უნარი, მიისწრაფვის ისეთი ინსტიტუტებისაკენ, რომლებსაც შედარებით მყარი სტრუქტურა აქვთ. რუსეთში ასეთი სტრუქტურაა სპეცსამსახურები, ხოლო საქართველოში, მაგალითად - ქურდული სამყარო და ეკლესია. საპატრიარქომ შეძლო სტრუქტურის მიცემა ტოტალიტარული საზოგადოების ნამსხვრევებისათვის. მაღალი ფასი, რომელიც საპატრიარქომ გადაიხადა, ამ ტოტალიტარული საზოგადოების ნამსხვრევების ფასეულობათა სრული გათავისება იყო. ეკლესია, როგორც მორწმუნეთა ევქარისტული ერთობა იესო ქრისტესთან, რომელიც, როგორც იოანე მახარებელი გვეუბნება, სიყვარულია, ჩანაცვლებული ჰყავს სტრუქტურას, რომელსაც, ქრისტიანულ ფასადს მიღმა, ორი ფასეულობა ამოძრავებს: ფული და ძალაუფლება. ეკლესია, რომელიც არც ორგანიზაციულად და არც ინტელექტუალურად, მზად არ იყო ილია მეორის ამბიციური ექსპანსიისათვის, გადაიქცა ცრურწმენების, ფობიებისა და აგრესიის მატარებელ ავტორიტარულ ორგანიზაციად, რომელიც დღეს იმ ცნობიერების მატარებელია, საიდანაც იოლად შეიძლება ამოიზარდოს ტოტალიტარიზმის ნაყოფი. სიძულვილი (და არა სიყვარული, როგორც ეს ქრისტიანობაში უნდა ყოფილიყო) ის დუღაბია (იქნებ ერთადერთი დუღაბიც), რომელიც მასას ერთ მუშტად კრავს და მის არსებობას აზრს სძენს.

3. ეს შეიძლებოდა ეკლესიის შიდა პრობლემად დარჩენილიყო, რომ არა საზოგადოების ნაწილისა და პოლიტიკოსების სრულიად ურცხვი ფლირტი ეკლესიასთან. პოლიტიკოსები საქართველოში ვერ ჩამოყალიბდნენ დამოუკიდებელ პროფესიონალებად. ამიტომაც მათი ავტორიტეტი დამოკიდებულია გარეშე ლეგიტიმაციაზე, რომელსაც იძლევა არა მათი პროფესიონალიზმი, არამედ მათი „კარგი ქართველობა“ და „ჭეშმარიტი მართლმადიდებლობა“; ამ „ბეჭედს“ კი მათ შუბლზე ეკლესია ასვამს.

ეკლესიურობა დღეს, გარდა იმისა, რომ იდეოლოგიაა, მოდაც არის. იშვიათია პოლიტიკოსი (იმისგან დამოუკიდებლად, რა სწამს და რა - არა), რომელიც არ პოზიორობდეს ხატების ფონზე, არ ჰყავდეს „მამაო“ და საჯაროდ არ გამოხატავდეს თავის ლოიალობას საპატრიარქოს მიმართ.

4. საპატრიარქომ უკვე იმდენი მოახერხა, რომ თავი კანონს გარეთ დააყენა. მოძალადე და ძალადობისაკენ მომწოდებელი მღვდელი (მართალია, არა იურიდიულად, მაგრამ ფაქტობრივად) ხელშეუხებელია; საპატრიარქოს შეიძლება შერჩეს უმცირესობების დევნა და ჩაგვრა; საპატრიარქოს შეუძლია იმის „გარანტია გასცეს“, რომ მის უკითხავად საქართველოში არ აშენდება მეჩეთი, არ აღიმართება მინარეთი. ზიზღისა და ძალადობის ენა, რომლითაც საპატრიარქო დღეს საზოგადოებას ელაპარაკება, მისი თავგასულობისა და თავდაჯერებულობის, დაუსჯელობის რწმენის მაჩვენებელია.

ერთ-ერთი საშიშროება, რომელიც დღეს საქართველოს ემუქრება, სახელმწიფოს კონტროლს მიღმა დარჩენილი პარალელური სტრუქტურების არსებობაა. თავის დროზე ასეთი სტრუქტურები იყვნენ „მხედრიონი“ და „კანონიერი ქურდები“, დღეს ერთადერთი „ავტორიტეტი“ ეკლესიაა (რომელსაც პოლიტიკიდან წასვლის შემდეგ შეემატება ბიძინა ივანიშვილი, მაგრამ ეს კიდევ ცალკე სალაპარაკოა). სახელმწიფოსათვის მნიშვნელობა არ უნდა ჰქონდეს, რა ერქმევა ამ პარალელურსა და არაკონტროლირებად სტრუქტურას: „მხედრიონი“, „კანონიერი ქურდები“ თუ „ეკლესია“. მთავარი ამ შემთხვევაში პრეცედენტია: არსებობს სივრცე, რომელსაც სახელმწიფო ვერ აკონტროლებს. ამ სივრცის გაზრდა და განვრცობა დროის საკითხია. რამდენადაც გაიზრდება ეს სივრცე, იმდენად დასუსტდება სახელმწიფო.

მთავრობა, ისევე, როგორც მთელი პოლიტიკური კლასი, ვერ ახერხებს, ეკლესია კანონის ჩარჩოებში დააბრუნოს (მათ შორის, ვერც ეკლესიასთან ხელმოწერილი კონკორდატის ჩარჩოებში). ამიტომაც, მხოლოდ საზოგადოების აქტივობაზე შეიძლება იყოს დამოკიდებული, ეკლესია კანონს დაუქვემდებარებელი „ავტორიტეტი“ იქნება თუ სამოქალაქო საზოგადოების ერთი თანასწორუფლებიანი ინსტიტუტი; რა იქნება ამ საზოგადოებაში ნორმალურად მიჩნეული: გაჭირვებულთა და უსახლკაროთა დახმარება და ის, რომ ქვეყანაში შიმშილით და სიცივით არავინ კვდებოდეს, თუ ის, რომ უსახლკაროები სიცივისა და შიმშილისგან კვდებოდნენ და ამ დროს სამღვდელოება გაბერილი ჯიპებით ჯირითობდეს და „საეკლესიო ინტელიგიენცია“ (© თამაზ ტყემალაძე) პატრიარქის იუბილეს პარიზში აღნიშნავდეს? დაბოლოს, სად ვიცხოვრებთ: დემოკრატიულ სახელმწიფოში თუ კიდევ ერთ ავტორიტარულ რეჟიმში?

ბლოგერები

ყველა ბლოგერი
XS
SM
MD
LG