„რამე კანონი დაირღვა?“
ანონიმი
ბათუმის ჯანყზე ბევრ მოსაზრებას შორის გადავაწყდი ხუმრობას იმის შესახებ, თუ როგორ მოიქცეოდა სააკაშვილის მთავრობა ანალოგიურ შემთხვევაში. აზრი დაახლოებით ასეთი იყო: აჯანყებულთ აუცილებლად დაარბევდა კარგად შეიარაღებული სპეცრაზმი, რომელიც გარეგნულად მოგვაგონებდა ვარსკვლავთა ომების IV-VI ეპიზოდების მოიერიშეებს. გამოიყენებდა ათასგვარ სპეცსაშუალებას. ყველა სატელევიზიო არხიდან დიდი და მცირე კალიბრის ინტელექტუალები გვეტყოდნენ, რომ სახელმწიფო კიდევ ერთხელ შედგა, რომ ძალადობა ბუნებრივი რამაა, რომ ძალადობაზე მონოპოლია მარტო სახელმწიფოს უნდა ჰქონდეს და ა.შ. ამ „მოდელირებული“ დარბევიდან უფრო ზოგადი დასკვნა რომ გამოვიტანოთ, სააკაშვილის მთავრობისთვის მართლაც მნიშვნელოვანი იყო ამბავი ბრძოლისა და ამ ბრძოლაში გამარჯვებისა. რევოლუციურ და დაჩქარებულ მოდერნიზაციაზე მომართულ მთავრობას ჰაერივით სჭირდებოდა გამარჯვებულისა და ტრიუმფატორის გვირგვინი.
ნუ გაგიკვირდებათ, თუ დღევანდელ მთავრობას „ივანიშვილისად“ მოვიხსენიებ, მიუხედავად იმისა, რომ ფორმალურად მთავრობა კვირიკაშვილისაა. „ქართული ოცნება“ ივანიშვილის პროექტია, მისი შექმნილი და დაფინანსებულია. მართალია, მართვის რუტინაში ის უშუალოდ არ მონაწილეობს, პრინციპული გადაწყვეტილებები (მაგ. ქვეყნის განვითარების შესახებ), ისევე როგორც მართვის სტილი, მისია. ამიტომ ვიკითხოთ, შეგვიძლია თუ არა ბათუმის ჯანყთან მოპყრობიდან რაიმე ზოგადი დასკვნა გამოვიტანოთ ივანიშვილის მმართველობის შესახებ. პოლიცია (რომელიც სააკაშვილის მთავრობისათვის სახელმწიფოს სახე თუ არა ხერხემალი მაინც იყო) აჯანყებულთ მინიმალურად დაუპირისპირდა და მხოლოდ პოლიციის შენობას იცავდა, იერიშზე არ გადასულა. მეამბოხეებს საშუალება მიეცათ, თავიანთი აგრესია ბოლომდე და სურვილისამებრ გამოეხატათ, ისე, რომ წინააღმდეგობა არ შეხვედრიათ. ასე რომ, გადამწვარ მანქანებს თუ არ ჩავთვლით, არც მწვადი დამწვარა და არც შამფური. პოლიციის უფროსი თანამდებობაზე დარჩა, რამდენიმე აჯანყებულმა ასლარიანი ჯარიმა გადაიხადა და სახლში დაბრუნდა. სააკაშვილის მთავრობისაგან განსხვავებით, ივანიშვილის მთავრობა პირდაპირ კონფლიქტზე არ მიდის. ტრიუმფატორობა მისთვის მნიშვნელოვანი არ არის, სამაგიეროდ მიზნის მიღწევაა გადამწყვეტი. ივანიშვილი, სააკაშვილისგან განსხვავებით, რევოლუციონერი და საჯარო ტრიბუნი არ არის, მას ფული ბნელ ოთხმოცდაათიანებში აქვს ნაშოვნი მეთოდებით, რომლებიც მაინცდამაინც პირდაპირ ტრანსლაციას (ახალქართულად „ლაივს“) არ მოითხოვს. შესაბამისად, მმართველობის სტრატეგიაც ისეთი აქვს, როგორიც ბაროკოს ხანის დრამის ტირანებს ახასიათებდათ: „კაბინეტური“, ანუ დაფარული და გასაიდუმლოებული.
ამის მიუხედავად, შეგვიძლია ამ მიზნების შესახებ რამდენიმე სიმპტომით ვიმსჯელოთ. საიდუმლო ნამდვილად არ არის, რომ ივანიშვილის მთავრობა (შესაძლოა, ცვლადი სახეებით) 2030 წლამდე აპირებს საქართველოს მართვას. გასაკვირი არაა, რომ დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ხალხის განწყობის ამარა საქმის მიტოვება სარისკო ამბავია. ამიტომ „ქართული ოცნება“ იმავე მიზანს ისახავს, რასაც ყველა მისი წინამორბედი მთავრობა ისახავდა. ეს მიზანი ძალაუფლების კონსოლიდაცია და მაქსიმალური კონტროლია, ოღონდ ეს კონტროლი, სააკაშვილის მთავრობისგან განსხვავებით, მაინცდამაინც ხილული და საგრძნობი არ უნდა იყოს. ამიტომაც ივანიშვილი მიმართავს ტაქტიკას, რომელსაც სალამის (სალამში არ აგვერიოს, ძეხვზეა საუბარი) ნაჭრის ტაქტიკა ჰქვია. ამ ტაქტიკის თანახმად, ჯიქურ კი არ უნდა გადახვიდე ფრონტალურ შეტევაზე, არამედ პატარ-პატარა ნაჭრებად დაიკავო ტერიტორია − ისე, რომ ოპონენტს ან ოპონენტებს პროტესტის გრძნობა კი გაუჩნდეთ, მაგრამ იმავე დროს შეეძლოთ თავის დამშვიდება იმით, რომ ჩიტი ბდღვნად არ ღირს (ამ სტრატეგიას მიმართავს, მაგალითად, რუსეთი ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის ადმინისტრაციულ საზღვარზე).
სად ვხედავთ ძალაუფლების კონსოლიდაციის ამ სიმპტომებს? ვხედავთ სამ სფეროში: მედიაში, ხელისუფლების შტოებსა და თვითმმართველობის სტრუქტურების კონსოლიდაციაში.
დავიწყოთ მედიით. სტრასბურგის ადამიანის უფლებათა სასამართლო რომ არ გამოჩენილიყო, როგორც ბერძნულ ტრაგედიებში deus ex machina, „რუსთავი 2“ დღეს, სავარაუდოდ, „სიცრუის მანქანა“ აღარ იქნებოდა და მთავრობისათვის მისაღები საინფორმაციო პოლიტიკის გზას დაადგებოდა. მეორე დიდი ტელევიზია, რომელიც აქამდე თავისუფალი იყო ივანიშვილის კონტროლისაგან, საზოგადოებრივი მაუწყებელია. ახლა მოწმენი ვართ მისთვის საინფორმაციო კბილების დაძრობის ნელს და მტკივნეული პროცესისა, რომელიც რეფორმის სახელით მიმდინარეობს. ამაზე თავის დროზე დავწერე და თავს აღარ შეგაწყენთ. ინტერპრეტაციას რომ თავი დავანებოთ და ფაქტები ვახსენოთ, საინფორმაციო-ანალიტიკურ გადაცემებზე კონკურსი არ ცხადდება, ხოლო ყოველგვარი კონკურსის გარეშე საზოგადოებრივ მაუწყებელში ხდება „ჩანერგვა“ ივანიშვილისეული GDS-ის ყოფილი თანამშრომლებისა, რომლებმაც არხის ლოიალობა უნდა უზრუნველყონ. რაიმე საშინელი ან აღმაშფოთებელი ხდება? დიდი არაფერი. რამდენიმე ახალი თანამშრომელი უკონკურსოდ დასაქმდა, რამდენიმე გადაცემა დაიხურება. თითქოს არაფერი არ მომხდარა, არხს კი დამოუკიდებლობა „შემოეკარგა“.
ძალაუფლების შტოები. კაცმა რომ თქვას, სავსებით მისაღებია, როდესაც პარლამენტში მმართველი პარტია და მთავრობა ერთსა და იმავე პოზიციაზე დგანან. ოღონდ ამ პრინციპმა შეიძლება არ იმუშაოს მაშინ, როდესაც მმართველი პარტია პარლამენტში საკონსტიტუციო უმრავლესობას ფლობს (ამის საშიშროებაზეც დავწერე თავის დროზე) და პარლამენტი, ფაქტობრივად, ერთპარტიულია. შესაბამისად, აღმასრულებელი ხელისუფლების საპარლამენტო კონტროლი მინიმალურია. მაგრამ არც ესაა საკმარისი. ახალი საკონსტიტუციო პროექტი პრეზიდენტისათვის იმ უმნიშვნელო უფლებამოსილების შეკვეცასაც ითვალისწინებს, რომლითაც ქვეყნის მეთაური დღეს სარგებლობს. პროექტი არც ამას ჯერდება და მოქალაქეებს ართმევს ქვეყნის მეთაურის არჩევის უფლებას, რომელსაც საკუთარსავე საპარლამენტო უმრავლესობას ანიჭებს. პოლიტიკური კონიუნქტურის მიხედვით კონსტიტუციის ჭრა-კერვის საშიშროებაზე წინა მთავრობის დროსაც ბევრს ლაპარაკობდნენ. ვიღაცამ შეიძლება გაიხსენოს გერმანიის მაგალითი, სადაც უუფლებო პრეზიდენტს არაპირდაპირ ირჩევენ, მაგრამ ეს მაგალითი ჩვენ არ გამოგვადგება. ერთი იმიტომ, რომ გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის დაფუძნებიდან მოყოლებული, ძალაუფლების განაწილების მექანიზმი არ შეცვლილა. მეორეც იმიტომ, რომ გერმანია ფედერალური სახელმწიფოა და ძალაუფლების განაწილებას უზრუნველყოფს არა მარტო ფედერალური პარლამენტის (ბუნდესტაგის) მრავალპარტიული შემადგენლობით, სადაც საკონსტიტუციო უმრავლესობა, ფაქტობრივად, გამორიცხულია, არამედ ძალაუფლების ფედერალური არქიტექტურითაც, რომელიც თეორიულადაც და პრაქტიკულადაც გამორიცხავს ფედერალური პარლამენტისა თუ ფედერალური მხარეების პარლამენტთა მართვას ერთი პარტიის მიერ. ჩვენს კონკრეტულ კონტექსტში პრეზიდენტის არაპირდაპირი არჩევა ერთს ნიშნავს: უნდა გამოირიცხოს ივანიშვილისათვის „ურჩი“ და, მით უმეტეს, „გაურჩებული“ პრეზიდენტი. შესაბამისად, ჩვენ, მოქალაქეებს, აღარ გვეყოლება პოლიტიკური ინსტიტუტი, რომელსაც, თუნდაც მინიმალურად, მაგრამ მაინც ვაკონტროლებდით არჩევნების გზით ოთხ წელიწადში ერთხელ.
ადგილობრივი თვითმმართველობები. მესამე სფეროში დაგეგმილ ცვლილებებს დიდი საზოგადოებრივი ყურადღება არ დაუმსახურებია. სინამდვილეში ძალაუფლების კონსოლიდაციის ერთ-ერთი ყველაზე საგანგაშო ეტაპი შვიდი თვითმმართველი ქალაქის გაუქმებაა. თუ ვინმემ კიდევ ვერ გაიგო, ეს ნიშნავს, რომ ქალაქები ზუგდიდი, ოზურგეთი, მცხეთა, გორი, თელავი, ახალციხე და ამბროლაური წარმომადგენლობით ორგანოებს ვეღარ აირჩევენ. თუ კიდევ გაუგებარია, შემიძლია განვმარტო, რომ თუ მოქალაქე თავის წარმომადგენელს პირდაპირ ვერ აირჩევს, ე.ი. ეყოლება ვიღაცის მიერ დანიშნული ჩინოვნიკი. ვინ დანიშნავს, ალბათ გასაგებია. ძალაუფლების კონსოლიდაციისკენ სწრაფვის გარდა ქალაქების თვითმმართველობის გაუქმებას სხვა რაციონალური ახსნა არ მოეპოვება. ახსნა-განმარტება, რომელიც „ქართული ოცნების“ წარმომადგენლებმა შემოგვთავაზეს ან უსუსური იყო, ან სულაც - ტყუილი. საბიუჯეტო სახსრების დაზოგვის საბაბით თვითმმართველობების გაუქმება იმდენად აბსურდულია, რომ სალაპარაკოდაც არ ღირს. ამ იდეის საფუძვლიანი კრიტიკა მკითხველს შეუძლია ნახოს აქ.
თუ ვინმეს ამ ქვეყნის დემოკრატიზაცია უნდა (რის სურვილიც აქამდე არც ერთ მთავრობას არ გამოუჩენია) ეს პროცესი აუცილებლად უნდა დაიწყოს ხელისუფლების შტოების დამოუკიდებლობის მკაცრი დაცვით, დეცენტრალიზაციით და თვითმმართველობების გაძლიერებით. ვინც ამის საწინააღმდეგოდ იქცევა, ნამდვილად მიზნად ისახავს მთელი ძალაუფლების ხელში ჩაგდებას. ივანიშვილის მთავრობაც ზუსტად ისე იქცევა, როგორც სააკაშვილის მთავრობა იქცეოდა მისი პრეზიდენტობის მეორე ვადაში. ოღონდ, ამას აკეთებს არა პირდაპირ და კამერების წინ, არამედ ნელ-ნელა, ნაბიჯ-ნაბიჯ, ისე, რომ პროტესტის გრძნობა კიდეც რომ გაჩნდეს, საპროტესტო ტალღამ მასობრივი ხასიათი არ მიიღოს.
ასე რომ, ნუ შეეშინდება პატივცემულ მკითხველს. ივანიშვილის მთავრობა ღირსებას არავის წაართმევს. მაგრამ ისიც ნუ გაუკვირდება, თუ ერთ მშვენიერ დილას გაღვიძებული აღმოაჩენს, რომ ხსენებული (პოლიტიკური) ღირსება დაკარგული აქვს.