Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მითი “შუაშისტების” შესახებ


არ ვიცი, ვინ მოიგონა უხეირო სიტყვა "შუაშისტი". ანალოგიურ ცნებებს თუ გავიხსენებთ, ასეთი "-იზმი" ვიღაცის ან რაღაცისადმი უპირობო ერთგულებას უნდა გულისხმობდეს. იმავე ლოგიკით, "შუაშისტი" უნდა იყოს ადამიანი, რომლისათვისაც "შუაში" დგომა თვითმიზანია. ის მხარს არ უჭერს არც ერთ პოლიტიკურ ძალას, იმიტომ, რომ "ეშინია, არ გაისვაროს".

რატომ ჰგონიათ ხოლმე, რომ თუ ვინმეს მხარს უჭერ, ესე იგი, "გასვრილი" ხარ, ცალკე საკითხავია, მაგრამ ახლა "შუაშისტებთან" დაკავშირებული ორი სტერეოტიპი უფრო მაინტერესებს. პირველი მათგანი გვეუბნება, რომ "შუაშისტობა" აპოლიტიკური პოზიციაა: "შუაშისტი" პოლიტიკისაგან შორს დგომას არჩევს. მეორე კი გვეუბნება, რომ "შუაშისტების" პოზიცია "ნეიტრალურია": ის ცდილობს "არც მწვადი დაწვას, არც შამფური" (წაიკითხე: ურთიერთობა არ გაიფუჭოს არც ერთ მხარესთან), ან, უფრო რბილი ვერსიით, იყოს "ობიექტური" და "მიუკერძოებელი".

სინამდვილეში, ორივე სტერეოტიპი მცდარია: ამ ე.წ. "შუაშისტების" პოზიცია არც ნეიტრალურია და, მით უმეტეს, არც აპოლიტიკური. პირველ რიგში: "შუაში" ყოფნა ემიჯნება ორ რადიკალიზმს - ერთპარტიულ ავტოკრატიას და ეთნონაციონალიზმის რენესანსს, რომელსაც დღეს "ნაციონალური მოძრაობა" და "ქართული ოცნება" წარმოადგენენ.

„ნაციონალურმა მოძრაობამ“ რვაწლიანი მმართველობის განმავლობაში მოახერხა მმართველი პარტიის კონტროლისათვის დაექვემდებარებინა არა მარტო სამი "კლასიკური" ხელისუფლება: საკანონმდებლო, სასამართლო და აღმასრულებელი, არამედ ორი თანამედროვეც: საინფორმაციო და ფინანსური. კერძო ნაციონალური ტელემაუწყებლბები გაუმჭვირვალე მექანიზმებით აღმოჩნდა "პრეზიდენტის მეგობრების" ხელში. პარტიამ მოახერხა სტრატეგიულ ფინანსურ მიმოქცევაზე მაქსიმალური კონტროლის დამყარება ისე, რომ მისი ნებართვის გარეშე პოლიტიკური ინიციატივების დაფინანსებას აღმასრულებელი და სასამართლო ხელისუფლების შეხმატკბილებული რეპრესიები მოჰყვება. 2012 წლამდე "ნაციონალური მოძრაობა" მიზანმიმართულად უთხრიდა ძირს არა მარტო დემოკრატიულ, არამედ რესპუბლიკურ პრინციპებსაც და მოიმზადა ნიადაგი ერთპარტიული "ავტოკრატიისათვის", რომელიც გამორიცხავდა რამენაირი მნიშვნელობის მქონე ოპოზიციის გაჩენას, ბიძინა ივანიშვილს უცებ რომ არ გადაეწყვიტა პოლიტიკური საქმიანობის დაწყება და ამ საქმისკენ თავისი, საქართველოს მასშტაბებით, უზარმაზარი ფინანსური რესურსების მიმართვა.

"ნაციონალური მოძრაობა" ძალაუფლების ასეთ კონსოლიდაციას იმით ამართლებს, რომ სწორედ მმართველი პარტია არის ის ერთადერთი ძალა, რომელსაც შეუძლია საქართველოს დამოუკიდებლობა დაიცვას შიდა და გარე მტრებისაგან. ეს "კატექონის" - (პოლიტიკური) ანტიქრისტეს მოსვლის შემჩერებლის - ფუნქცია ერთადერთია, რაც ამ ხნის განმავლობაში მმართველი პარტიის მრავალჯერორიენტაციაშეცვლილ იდენტობას კონსტანტად შერჩენია. დემოკრატია მისთვის შორეული პერსპექტივაა, მასზე საუბარი მაშინ იქნება შესაძლებელი, როდესაც საქართველოს გეოპოლიტიკური საფრთხეები არ დაემუქრება, როდესაც გაჩნდება ისეთი ოპოზიცია, რომელსაც "ნაციონალური მოძრაობა" ხელისუფლებას მშვიდად გადააბარებს შორეულ მომავალში, როდესაც პოლიტიკოსთა შემდეგი (ან იმის შემდეგი) თაობა წამოიზრდება.


"ქართული ოცნება"

ეს მრავალპარტიული კოალიცია ერთი ადამიანის გარშემო შეიქმნა და თავისი პროგრამა მკაფიოდ არ ჩამოუყალიბებია. მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატების შერჩევა გვიჩვენებს, რომ "ქართულმა ოცნებამ" ხმებზე სანადიროდ ეთნონაციონალისტური სტრატეგია აირჩია. თუ "ნაციონალური მოძრაობა" სახელმწიფოს გადამრჩენად გვიცხადებს თავს, "ქართული ოცნება" დაკარგული ქართველობის აღდგენას გვპირდება. კოალიციის სხვადასხვა წევრის, დეპუტატობის კანდიდატების და კოალიციის ლიდერის გამონათქვამები სულ უფრო თვალსაჩინოს ხდის "ქართული ოცნების" ეთნონაციონალისტურ აქცენტებს. ე.წ. "შუაშისტებს" "ქართული ოცნება" ეუბნება: მართალია, ჩვენ არ ვიზიარებთ თქვენს არც ერთ ფასეულობას და არჩევანს ქსენოფობებზე და ეთნონაციონალისტებზე ვაკეთებთ, მაგრამ თქვენ მაინც უნდა დაგვიჭიროთ მხარი, იმიტომ რომ "მიშას" ჩვენს გარდა ვერავინ მოერევა. ეს არის უკანასკნელი შანსი საქართველოს და ქართველობის გადარჩენისა.

"შუას" პრობლემად ქცევა და მისი "გაკაფვის" სურვილი მარტო იმას აჩვენებს, რამდენად რადიკალიზებულია საქართველო. მოწინააღმდეგეების რადიკალიზმი ერთმანეთის მიუღებლობაში გამოიხატება, რომელიც, ორივე შემთხვევაში, საკუთარი უნიკალურობის (ერთ შემთხვევაში კატექონის, მეორეში კი მესიანიზმის) შეგნებას ეფუძნება.

"ნაციონალური მოძრაობა" თვლის, რომ ივანიშვილი რუსეთის ბოლო პროექტია და მისი ხელისუფლებაში მოსვლა საქართველოს სახელმწიფოებრიობას დაასამარებს. "ქართული ოცნების" მხარდამჭერებს კი სჯერათ, რომ "ნაციონალური მოძრაობის" არჩევა საქართველოს გადააქცევს აზერბაიჯანად, ბელორუსიად, ჩრდილოეთ კორეად და პარალელურად ქართველობის სრულ ეროზიას გამოიწვევს. ორივე მხარის პრობლემა ის არის, რომ ოპონენტის უარყოფის მიზეზი მითოლოგიურია: როგორც ივანიშვილის კავშირი რუსეთის მთავრობასთან და სპეცსამსახურებთან, ისევე ნაცმოძრაობის ქართველთმებრძოლეობა რწმენას ეფუძნება და არა რაციონალურ არგუმენტაციას. თავის სისწორეში ორივე მხარე "ღრმადაა დარწმუნებული".

ორივე მხარის პოლიტიკური ეთიკა გვეუბნება, რომ მიზნის მისაღწევად ყოველგვარი საშუალება არის გამართლებული: სხვადასხვა გოლემების შექმნა, სახელისუფლო და ადმინისტრაციული რესურსების გამოყენება, ეთნონაციონალური რიტორიკით მტრის ძველი ხატების გაცოცხლება და ახლების შექმნა.

თუ გნებავთ, ე.წ. "შუაში" ამ ორი რადიკალური პოზიციის ალტერნატივაა: მისთვის მიუღებელია პოლიტიკური ეთიკა, რომელიც მიზნის მისაღწევად ნებისმიერ საშუალებას ამართლებს: არ არსებობს არცერთი მიზანი, რომლის მიღწევაც ეთნონაციონალიზმის ქადაგების და ეთნიკური თუ რელიგიური შეუწყნარებლობის გაღვივებაზე გადის. არც ისეთი მიზანი არსებობს, რომელიც ერთპარტიული ავტოკრატიის გაძლიერებას გაამართლებდა.

"შუასათვის" (ერთნაირად) მიუღებელია ერთი მხრივ ერთპარტიული ავტოკრატია, მეორე მხრივ კი - ეთნიკური ნაციონალიზმი. "შუაში" ყოფნა დღეს ნიშნავს (თანხვედრ პოზიციებს თუ ჩამოთვლი პრიორიტეტების მიხედვით) პირველ რიგში დემოკრატიის სრულ და უპირობო პრიორიტეტს ნებისმიერი მიზეზით გამართლებულ ერთპარტიულ ავტოკრატიაზე, ეთნიკურ და რელიგიურ ტოლერანტობას, ეკლესიის და სახელმწიფოს სრულ გამიჯვნას. ამას კი შეიძლება ბევრი სხვა რამეც დაემატოს: მაქსიმალური თვითმმართველობა სკოლიდან დაწყებული ტერიტორიული ერთეულებით დამთავრებული, განათლების პრიორიტეტი, გარემოს გრძელვადიანი შენარჩუნების პრიორიტეტი მოკლევადიან ფინანსურ სარგებელთან შედარებით (მაგ. იშვიათ ჯიშებზე მონადირეებისაგან შემოსული ფულის წინაშე). ამ სიის გაგრძელება შეიძლება, მაგრამ რადგანაც საარჩევნო პროგრამას არ ვწერ, თავს არ შეგაწყენთ, უბრალოდ მინდა წარმოდგენა შეგიქმნათ.

როგორც ხედავთ, "შუა" პოზიცია არც აპოლიტიკურია არც ნეიტრალური. ეს ჩამოყალიბებული პოლიტიკური პოზიციაა, რომლის დაცვა სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებს სიტყვით უწევთ. პოლიტიკურად ეს ჯგუფი ჩამოუყალიბებელია. არსებული პოლიტიკური პარტიებისათვის კი ეს პოზიცია საინტერესო ან არ არის, ან საერთოდაც მიუღებელია. გამოსავალი აქედან რამდენიმეა: ა) თქვენ კისერი გიტეხიათ და ჩვენ ჩვენს საქმეს მივხედავთ; ბ) საკუთარი პოლიტიკური პარტიის შექმნა; გ) სამოქალაქო აქტივობა იმ სფეროებში, სადაც რამის მიღწევა შესაძლებელია იმის გარეშე, რომ პოლიტიკურმა პარტიებმა ხელი შეგიშალონ; დ) ისევ ძველის გაგრძელება: ანუ ამ პოზიციის სიტყვით დაცვა იქამდე, სანამ ამ "სიტყვის" გარშემო რაიმე პოლიტიკური ძალა ჩამოყალიბდება.

როგორც უნდა იყოს, ეს "შუა" არის დღეს ერთადერთი პოლიტიკური პოზიცია, რომელიც არ ღალატობს თავის პრინციპებს ტაქტიკური ან მერკანტილური მიზნებით. ეს არის ერთადერთი პოზიცია, რომელსაც საქართველოში ევროპული ტიპის დემოკრატიის აშენება უნდა და არა ოცდაათი წლის წინანდელი ჩილეს, ან სინგაპურის, ანდა რომელიმე მონონაციონალური სახელმწიფოსი.


P.S.: ჰიბრიდული რეჟიმი ანტიკურ ხანაში

მგონია, რომ საქართველოს პოლიტიკური რეალობის აღსაწერად (და/ან გასაგებად) თანამედროვე პოლიტიკური თეორია ხანდახან ნაკლებადაა გამოსადეგი, ვიდრე, მაგალითად, ანტიკური ისტორია. საქართველოს ხშირად მოიხსენიებენ “ჰიბრიდულ” ან “გარდამავალ” სახელმწიფოდ. თავისთავად ეს სიტყვები არაფერს გვიხსნის. მოდი, გარდამავალი სახელმწიფოს ერთ ძველ მაგალითს გავიხსენებ, რომელიც, ჩემი აზრით, საქართველოში (და ზოგიერთ სხვა ჰიბრიდულ სახელმწიფოში) ძალაუფლების კონსოლიდაციის მექანიზმს კარგად გვიჩვენებს.

თუ დემოკრატია ბერძნების მოგონილია, ხელისუფლების დანაწილება რომაელებმა გვასწავლეს. რომიდან ჩვენს წელთაღრიცხვამდე დაახლოებით 510 წელს გააძევეს უკანასკნელი მეფე ლუციუს ტარკვინიუს სუპერბუსი, რესპუბლიკა (საერთო საქმე) ისე მოაწყვეს, რომ იქამდე ერთი კაცის ხელში მოქცეული ძალაუფლება მაქსიმალურად დაანაწევრეს. ნებისმიერი ხელისუფალი (ჩვენი გაგებით ჩინოვნიკი) თანამდებობაზე მხოლოდ ერთი წლის ვადით ირჩეოდა. თანაც (დროებითი დიქტატორების გარდა) ყველა თანამდებობას ორი ადამიანი იკავებდა. რომში ძალაუფლების ორ ფორმას იცნობდნენ: imperium და potestas (რაც თანამდებობის პირის კომპეტენციის ფარგლებში მის ძალაუფლებას აღნიშნავდა). Imperium-ით აღჭურვილ თანამდებობის პირს იმპერატორი ერქვა. ძალაუფლება, imperium და potestas დანაწილებული იყო სხვადასხვა ხელისუფალთა შორის, უმაღლესი აღმასრულებელი ხელისუფლება (იმპერიუმი) კი - ორ კონსულს ეპყრა. სენატი საკანონმდებლო ორგანო არ ყოფილა, მას მხოლოდ auctoritas ჰქონდა (რომელიც მხოლოდ ნაწილობრივ შეესაბამება ჩვენს ავტორიტეტს) და ლეგიტიმაციის ფუნქციას ასრულებდა.

რესპუბლიკის იმპერიად გადაქცევა საწინააღმდეგო პროცესი იყო: გაიუს იულიუს კეისარ ოქტავიანემ, იულიუს კეისრის შვილობილმა, ქრისტეშობამდე 27 წელს ერთი მხრივ დანაწევრებული ძალაუფლების, "იმპერიუმის" გაერთიანება დაიწყო; მეორე მხრივ კი - იქამდე დროებითი "თანამდებობები", კონსულისა, ფაქტობრივად, მუდმივად აქცია - ყოველ წელს თავიდან არჩევინებდა თავს. იმპერატორი მას სწორედ imperium-ის მუდმივობის გამო ჰქვია, იმპერია კი ამ შემთხვევაში უფრო ძალაუფლების სტრუქტურაზე მიგვანიშნებს, ვიდრე საგარეოპოლიტიკურ ექსპანსიაზე - ჩვენი გაგებით იმპერია რომის რესპუბლიკაც გახლდათ.

ავგუსტუსის მმართველობა, რომელიც, სხვათა შორის, თავისი ძალაუფლების ლეგიტიმაციას გრანდიოზული სამშენებლო პროექტებით ახერხებდა და სახელმწიფო პიარის პიონერიც გახლდათ, დემოკრატიული ფასადის შენარჩუნებით ავტოკრატიად ტრანზიციის პირველი მაგალითია.

ბლოგერები

ყველა ბლოგერი
XS
SM
MD
LG