Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

როგორი უნდა იყოს საქართველოს ელჩი გერმანიაში?


როგორი უნდა იყოს დათვი?

ქართული მულტფილმი

საქართველოსათვის გერმანია მნიშვნელობით, პირველი თუ არა, მეორე ქვეყანაა. ევროკავშირის აღმოსავლეთისა და საქართველოს პოლიტიკას მნიშვნელოვანწილად ის განსაზღვრავს. ამიტომ იმას, თუ ვინ იქნება საქართველოს ელჩი გერმანიაში, უდიდესი მნიშვნელობა აქვს. მართალია, საქართველოს ელჩს მინიმალური გავლენა აქვს გერმანიის საგარეო პოლიტიკაზე, მაგრამ ეს მინიმალური გავლენა მაქსიმალურად რომ გამოვიყენოთ, საქართველო ძალიან ბევრს მოიგებს.

მოკლედ გადავავლებ თვალს გერმანია-საქართველოს ურთიერთობებს ბოლო ათი წლის განმავლობაში. ეს დრო ბერლინში მაქვს გატარებული და ამ ურთიერთობებთან პროფესიული შეხებაც მქონდა.

მიხეილ სააკაშვილის მთავრობის საგარეო პოლიტიკა მთლიანად ამერიკის შეერთებულ შტატებზე იყო ორიენტირებული და გერმანიას (და ევროკავშირს), ფაქტობრივად, მნიშვნელობას არ ანიჭებდა. ამ საგარეო პოლიტიკის გამოხატულება გახდა ელჩად „კმარას“ აქტივისტისა და შემდეგ პარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის, ლევან დუჩიძის დანიშვნა. ასაკითა და გამოცდილებით თავისი თანამდებობისათვის სრულიად შეუფერებელი დუჩიძის ელჩად გამოგზავნა გერმანიის მთავრობამ სამართლიანად აღიქვა, როგორც საქართველოსათვის გერმანიის უმნიშვნელოობის გამოხატულება. შესაბამისი იყო პასუხიც, რომელიც საქართველოსთან ურთიერთობის თანდათანობით შემცირებაში გამოვლინდა. მართალია, რომ 2006-2011 წლებში გერმანიის საგარეო პოლიტიკა ანგარიშს უწევდა რუსეთს და სჯეროდა ფორმულისა − „ცვლილება დაახლოების გზით“, − რომელიც გერმანიის სოციალ-დემოკრატმა კანცლერმა ვილი ბრანდტმა თავისი ისტორიული (და მაშინ წარმატებული) აღმოსავლეთის პოლიტიკის ქვაკუთხედად აქცია. პრეზიდენტი სააკაშვილი ტლანქად და მოუფიქრებლად შეეცადა, ნატოში საქართველოს გაწევრიანების ფორსირებისათვის გამოეყენებინა აშშ-ის გავლენა ევროკავშირის ქვეყნებსა და გერმანიაზე. ეს გათვლა მცდარი გამოდგა. გერმანიამ და საფრანგეთმა არ დაუთმეს ვაშინგტონს. ჩვენდა სამწუხაროდ, 2008 წელს საქართველომ ვერ მიიღო ნატოში გაწევრიანების სამოქმედო გეგმა და დაუცველი აღმოჩნდა რუსეთის აგრესიის წინაშე.

ამ დიპლომატიური წარუმატებლობის შედეგად გერმანია-საქართველოს ურთიერთობა ისტორიულად ყველაზე დაბალ ნიშნულამდე დაეცა. ამას, ბოლოს და ბოლოს, საქართველოს მთავრობაც მიხვდა. პრეზიდენტ სააკაშვილის შემდეგი არჩევანი ორიგინალური გამოდგა. საქართველოს ელჩად დანიშნეს გაბრიელა ფონ ჰაბსბურგი, გერმანიის მოქალაქე, ავსტრია-უნგრეთის უკანასკნელი იმპერატორის პირდაპირი შთამომავალი. მართალია, ქალბატონმა ფონ ჰაბსბურგმა ქართული არ იცოდა (ამიტომ გაუგებარი იყო, როგორ ჰქონდა პირდაპირი კომუნიკაცია საგარეო საქმეთა სამინისტროსთან), მაგრამ მან შეძლო რამდენიმე ძალიან მნიშვნელოვანი რამის გაკეთება: აამაღლა დუჩიძის ელჩობისას საქართველოს საელჩოს ნულს ქვემოთ დაცემული ავტორიტეტი; საქართველოს საელჩო ისევ გახდა ადგილი, რომელსაც სტუმრობდნენ სერიოზული პოლიტიკოსები და ყურს უგდებდნენ ელჩის ნათქვამს. მიუხედავად იმისა, რომ ახალი ელჩი არც დიპლომატი ყოფილა, არც პოლიტიკოსი და იქამდე არც სახელმწიფო სამსახურთან (მით უმეტეს, ქართულთან) ჰქონია შეხება, გერმანია მას მაინც კეთილგანწყობით შეხვდა. მან მოახერხა, საქართველო გერმანიის პოლიტიკურ თვალსაწიერში დაებრუნებინა.

შემდეგი ელჩი, უკვე მთავრობის ცვლილების შემდეგ, ლადო ჭანტურია გახდა − სამართლის პროფესორი, იუსტიციის ყოფილი მინისტრი, უზენაესი სასამართლოს ყოფილი მოსამართლე, სამოქალაქო კოდექსისა და მრავალი კანონის თანაავტორი, რომელსაც გერმანიაში კარგად იცნობდნენ. ის წლების განმავლობაში იყო მიწვეული პროფესორი ბრემენის უნივერსიტეტში და საქართველო-გერმანიის სამართლებრივი თანამშრომლობის ერთ-ერთი პიონერი და სულისჩამდგმელი. მისი რანგის ელჩს გერმანია დიდი კეთილგანწყობით შეხვდა, რადგან ელჩის (თუნდაც არაპროფესიონალი დიპლომატის) წონა შეესაბამებოდა საქართველოსათვის გერმანიის გაზრდილ საგარეოპოლიტიკურ მნიშვნელობას.

რაკი ლადო ჭანტურია მალე დატოვებს გერმანიის ელჩის თანამდებობას, თავს უფლებას ვაძლევ, შევაფასო მისი საქმიანობა, რომელსაც, ფაქტობრივად, ყოველდღიურ რეჟიმში ვადევნებდი თვალს. ამ საქმიანობის ხილული შედეგი იყო გერმანია-საქართველოს ურთიერთობის გაზრდილი დინამიკა, გახშირებული ვიზიტები უმაღლესსა და მინისტრების დონეზე, რომ აღარაფერი ვთქვათ მაღალი და საშუალო რანგის ვიზიტებზე. ახლა თითქმის ყველა ქართველი მინისტრი პირადად იცნობს თავის გერმანელ კოლეგას და მასთან პირდაპირი კონტაქტი აქვს. ამ ურთიერთობის არაერთი წარმატებული შედეგიდან გამოვყოფდი საქართველოში ფაქტობრივად განადგურებული პროფესიული განათლების აღორძინებას, რომელიც სწორედ გერმანელთა მხარდაჭერით განხორციელდა და მორგებულია გერმანულ დუალურ მოდელს (რაც გულისხმობს თეორიული და პრაქტიკული სწავლების შერწყმას).

მიმდინარე წელი გერმანია-საქართველოს მეგობრობის წელია, რომელიც მოიცავს სამ იუბილეს: გერმანელ კოლონისტთა ჩამოსახლების 200 წლის იუბილეს, დიპლომატიური ურთიერთობის დამყარების მეასე და ამ ურთიერთობის აღდგენის 25-ე წლისთავს. საზეიმო ღონისძიებათა ჭეშმარიტი გვირგვინია მაინის ფრანკფურტის წიგნის ბაზრობაში საქართველოს მონაწილეობა „სტუმარი ქვეყნის“ სტატუსით.

ელჩის საქმიანობის უხილავი ნაწილი იყო ყოველდღიური შეხვედრები გერმანიის ყველა ფედერალური მხარის პოლიტიკოსებთან. ეს მიმართულება სწორედ ლადო ჭანტურიას ელჩობის პერიოდში გაძლიერდა. იმის გაცნობიერება, რომ გერმანია ფედერალური ქვეყანაა და მის პოლიტიკას განსაზღვრავენ არა მარტო ფედერალური მთავრობა და პარლამენტი, არამედ ფედერალური მხარეების მთავრობები და პარლამენტები, და ამ გარემოების ქცევა საგარეო პოლიტიკის მნიშვნელოვან ინსტრუმენტად დიდი წინგადადგმული ნაბიჯი იყო. ამ პოლიტიკის შედეგებს დღეს, შესაძლოა, ვერ ვხედავდეთ, მაგრამ ხვალ აუცილებლად დავინახავთ.

თავიდანვე ვთქვი, რომ გერმანიაში საქართველოს ახალი ელჩის არჩევა უმნიშვნელოვანესია. ცხადია, რომ ლადო ჭანტურიას რანგის, ცოდნის, ტაქტის, ალღოს, რეპუტაციისა და შრომისუნარიანობის ადამიანის პოვნა იოლი საქმე არ არის. მაგრამ იმ სტანდარტის დაწევა, რომელიც ახლა გვაქვს გერმანიასთან ურთიერთობაში (თუნდაც ელჩის არასწორი შერჩევით), უკიდურეს ზიანს მიაყენებს საქართველოს საგარეო და, საბოლოო ანგარიშით, შიდა პოლიტიკას. ახალი ელჩი, ისევე, როგორც გაბრიელა ფონ ჰაბსბურგისა და ლადო ჭანტურიას შემთხვევაში, აუცილებელი არაა, პროფესიონალი დიპლომატი იყოს, მაგრამ აუცილებელი და სავალდებულოც კია, იყოს გამორჩეული ავტორიტეტის, შრომისუნარიანობისა და წარმატებული პროფესიული წარსულის მქონე ადამიანი, რომელიც შეძლებს ურთიერთობის მაღალი სტანდარტის შენარჩუნებას და არსებული პოტენციალის კიდევ მეტად გაფართოებას.

ბლოგერები

ყველა ბლოგერი
XS
SM
MD
LG