Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ვინ უსმენდა დონალდ ტრამპს?


დონალდ ტრამპი, ბარაკ ობამა
დონალდ ტრამპი, ბარაკ ობამა

აშშ-ის გამოძიების ფედერალური ბიურო სთხოვს იუსტიციის სამინისტროს იმსჯელოს პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ბრალდებებზე, რომელთა თანახმად, ყოფილი პრეზიდენტი, ბარაკ ობამა, საპრეზიდენტო არჩევნების დროს ფარულად უსმენდა დონალდ ტრამპის სატელეფონო საუბრებს.

5 მარტს „ნიუ-იორკ ტაიმსმა“ გაავრცელა ცნობა აშშ-ის მთავრობის ანონიმ მაღალჩინოსანზე დაყრდნობით, რომლის თანახმად, გამოძიების ფედერალური ბიუროს დირექტორ ჯეიმს კომის სურს, რომ იუსტიციის სამინისტრომ გამოიძიოს დონალდ ტრამპის აღნიშული განცხადება, რომელიც არასწორად მიანიშნებს საგამოძიებო უწყების მხრიდან კანონის დარღვევაზე. იმავე ხასიათის ცნობა, საკუთარ წყაროზე დაყრდნობით, გაავრცელა „ასოშიეიტიდ პრესმა“, რომელშიც ნათქვამია, რომ გამოძიების ფედერალურ ბიუროს სურს ამ ბრალდების ოფიციალური უარყოფა იუსტიციის სამინისტროსაგან, რომლის იურისდიქციის ქვეშაც მოქმედებს ზემოხსენებული უწყება.

ვინ უსმენდა დონალდ ტრამპს?
please wait

No media source currently available

0:00 0:02:53 0:00
გადმოწერა

ბარაკ ობამას პრეზიდენტობის დროინდელმა ეროვნული დაზვერვის სამსახურის დირექტორმა უარყო ბრალდებები საარჩევნო კამპანიის დროს დონალდ ტრამპის სატელეფონო საუბრების ფარული მოსმენის შესახებ.

„მე ოფიციალურად უკვე ვეღარ ვისაუბრებ, მაგრამ როგორც სახელმწიფო უსაფრთხოების აპარატის ერთი რგოლის ხელმძღვანელმა, სახელმწიფო დაზვერვის მეთაურმა, შემიძლია ვთქვა, რომ ასეთი ფარული მოსმენა არ ჩატარებულა არც არჩეული პრეზიდენტის, არც საპრეზიდენტო კანდიდატის და არც მისი საარჩევნო კამპანიის წინააღმდეგ“, - განაცხადა 5 მარტს ტელეკომპანია „ენბისისათის“ მიცემულ ინტერვიუში ეროვნული დაზვერვის ყოფილმა ხელმძღვანელმა, ჯეიმს კლაპერმა, რომელმაც დასძინა, რომ მას არ შეუძლია სხვა უფლებამოსილი სამთავრობო, სახელმწიფო თუ ადგილობრივი სტრუქტურის ნაცვლად ილაპარაკოს.

5 მარტს თეთრმა სახლმა გაავრცელა ცნობა, რომლის თანახმად, პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა კონგრესს სთხოვა გამოიძიოს, დაარღვია თუ არა ობამას ადმინისტრაციამ „საგამოძიებო უფლებამოსილება“ 2016 წლის საპრეზიდენტო არჩევნების დროს.

ამას წინ უსწრებდა ტრამპის მიერ ერთი დღით ადრე გაკეთებული განცხადება. აშშ-ის პრეზიდენტმა 4 მარტს ბარაკ ობამას ბრალი დასდო მისი სატელეფონო საუბრების მოსმენაში ჯერ კიდევ გასული წლის ნოემბრის საპრეზიდენტო არჩევნებამდე.

ბარაკ ობამას ყოფილმა პრესმდივანმა „ელემენტარული სიყალბე“ უწოდა მსგავს განცხადებას. ჯოშ ერნსტის თქმით, ბარაკ ობამას არ ჰქონდა უფლებამოსილება გაეცა განკარგულება აშშ-ის მოქალაქის ფარული მოსმენის თაობაზე. „ფედერალური სასამართლოს ნებართვით, ასეთი საქმიანობის უფლება აქვთ მხოლოდ გამოძიების ფედერალურ ბიუროსა და იუსტიციის სამინისტროს“, აღნიშნა ბარაკ ობამას ყოფილმა პრესმდივანმა.

თუმცა თეთრი სახლის ადმინისტრაციაში დარწმუნებულნი არიან, რომ დონალდ ტრამპს ფარულად უსმენდნენ.

თეთრი სახლის პრესმდივნის მიერ გავრცელებულ განცხადებაში საუბარია „სავარაუდოდ პოლიტიკურად მოტივირებულ სასწრაფო გამოძიებაზე 2016 წლის არჩევნების განმავლობაში“, რასაც შონ სპაისერმა „ძალიან სამწუხარო“ უწოდა და დასძინა, რომ არც პრეზიდენტი და არც თეთრი სახლი ამ საკითხის კონგრესის კომიტეტში განხილვამდე ამ თემაზე დამატებით კომენტარებს აღარ გააკეთებენ.

  • 16x9 Image

    კობა ლიკლიკაძე

    ჟურნალისტი. მუშაობს საერთაშორისო სამხედრო თანამშრომლობის, შეიარაღებული კონფლიქტების, ნატოს და ევროკავშირის სამეზობლოს სამხედრო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2001 წლიდან.

XS
SM
MD
LG