Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

უცხოეთის პრესის მიმოხილვა


მიმდინარე კვირაში ევროპული პრესის ყურადღების ცენტრში იყო ბრიტანეთის საპარლამენტო არჩევნები, რომელიც 7 მაისს ჩატარდა და, ყველასათვის მოულოდნელად, დასრულდა კონსერვატორების მიერ უმრავლესობის მოპოვებით. მნიშვნელოვანი დანაკარგები განიცადეს ლეიბორისტულმა პარტიამ და ამჟამინდელ მთავრობაში წარმოდგენილმა მცირე ზომის პარტნიორმა, ლიბერალ-დემოკრატიულმა პარტიამ.

ბრიტანეთში გამომავალი კონსერვატიული ორიენტაციის „ტაიმსი“ 8 მაისის ნომერში წერდა, ლეიბორისტულ პარტიას, თავისი მემარცხენე პროგრამით და მოთხოვნებით, გამარჯვების შანსი არ ჰქონდაო. „ამ ქვეყანაში არ არსებობს რეალური მოთხოვნილება ბინის ქირის კონტროლსა თუ ფასების რეგულირებაზე. ბიზნესის შეშინებით იმ ხალხს შეაშინებ, ვინც ბიზნესებისთვის მუშაობს. თუ მკაფიოდ იტყვი, რომ ენთუზიაზმით უჭერ მხარს მაღალ გადასახადებს, არ უნდა გაგიკვირდეს, თუ ხალხი ზურგს შეგაქცევს. წარსულში ტონი ბლერს შეეძლო დიდი უმრავლესობის მოგება. ის ყოველთვის მიიჩნევდა, რომ ეს ქვეყანა, თავისი არსით, კონსერვატიულია. და თავს ვერ მოვიტყუებთ, თითქოს ეს შეიცვალა. არაფერი შეცვლილა“.

იტალიაში გამომავალი „სტამპა“ 8 მაისს ბრიტანეთის გლობალურ გავლენაზე წერს და ამტკიცებს, რომ ეს გავლენა შემცირების გზაზეა. „წინასაარჩევნო კამპანიაში წარმოჩნდა გაერთიანებული სამეფო, რომელიც, რაოდენ გასაკვირიც უნდა იყოს, დისტანცირებულია თავისი ორი მთავარი სიძლიერისგან: თავისი საერთაშორისო მისიისა და სტაბილური ფორმის მთავრობისგან, რომელიც მთავრობასა და ოპოზიციას შორის როლებს მკაფიოდ ანაწილებდა. ეს უკანასკნელი - ქვეყნის პოლიტიკური არასტაბილურობა - ირეკლავს ტენდენციას, რომელიც, სამწუხაროდ, ევროპის ბევრ საპარლამენტო დემოკრატიაში იჩენს თავს, ბრიტანეთთან ერთად. ხოლო პირველი - საერთაშორისო პოზიციის დაკარგვა - ევროპასა და დასავლეთს მნიშვნელოვანი დასუსტებით ემუქრება. თავისი ტრადიციული საყრდენის, ბრიტანეთის გარეშე, ამერიკას სულ უფრო გაუღრმავდება ცდუნება ევროპიდან აქცენტი გადაიტანოს აზია-წყნარი ოკეანის დინამიკურ რეგიონზე“.

არჩევნების დღეს, 7 მაისს, - ცხადია, როცა შედეგი ჯერ არ იყო ცნობილი, - საფრანგეთში გამომავალი მემარცხენე-ლიბერალური ორიენტაციის „ლიბერასიონი“ წერდა, ბრიტანეთში სოციალური უთანასწორობა გაღრმავდა და ეს უსამართლობა ლეიბორისტული პარტიისთვის ხელსაყრელ გარემოს ქმნისო. „კამერონმა შეძლო ქვეყანაში ეკონომიკის ზრდის სტიმულირება და უმუშევრობის შემცირება, მაგრამ, ამავე დროს, მან ქვეყანა უფრო მკაცრი და უფრო უთანასწორო გახადა. კონსერვატიზმის მისეული ვერსია ყველაზე მეტად სუპერმდიდარ ფენას აფასებს. ... როგორც მემარცხენე ძალები აღნიშნავენ, უმუშევრობის შემცირებას თან ახლდა სოციალური სამართლიანობის შემცირებაც. ედ მილიბენდის კამპანიაში ფიგურირებდა არგუმენტაცია, რომელიც აღელვებსბრიტანელ ამომრჩეველს და კონსერვატორებს მოსალოდნელზე უფრო მეტად გაურთულებს არჩევნებში ხელახალ გამარჯვებას“, წერდა „ლიბერასიონი“ ბრიტანეთში არჩევნების წინ.

1 მაისს ასევე საფრანგეთში გამომავალი კონსერვატიული ორიენტაციის „ფიგარო“ გამოეხმაურა ბრიტანეთის არჩევნებს და, კონკრეტულად, კონსერვატორთა დაპირებას, რომ გამარჯვების შემთხვევაში ქვეყანაში რეფერენდუმი ჩატარდება ბრიტანეთის ევროკავშირის წევრობის საკითხზე. „ევროპასთან მიმართებით დევიდ კამერონი ამ დრომდე ატარებდა არათანმიმდევრულ პოლიტიკას, რომელიც მოიცავდა პოკერის ბლეფის წარუმატებელ შემთხვევებს (მაგალითად, მის დაპირისპირებას [ევროკომისიის თავმჯდომარესთან] ჟან-კლოდ იუნკერთან) და სახიფათო ულტიმატუმებს. ელექტორატის დიდწილად ევროსკეპტიკური განწყობის ფონზე დაპირების გაცემით, რომ 2017 წელს ჩაატარებს რეფერენდუმს ბრიტანეთის ევროკავშირის წევრად ყოფნის შესახებ, ის კავშირიდან ბრიტანეთის გაყვანის რისკზე მიდის. ... თუ ის მეორედაც მოიპოვებს მანდატს, მას ევროპელი პარტნიორების დახმარება დასჭირდება ამ ჩახლართული ვითარებიდან გამოსავლის მოსაძებნად. ევროკავშირს სჭირდება ბრიტანეთის დინამიზმი და წარმატების მოდელი - ზუსტად ისევე, როგორც გერმანიის მაგალითი“.

ხოლო ბრიტანეთში გამომავალი კონსერვატიული „ფაინენშლ ტაიმსი“ 3 მაისის ნომერში წერდა, გაერთიანებული სამეფო ევროკავშირში კვლავაც უმნიშვნელო როლს შეასრულებს, არჩევნების შედეგის მიუხედავადო. „შეხედეთ, ვინ მონაწილეობდა და ვინ არა მინსკში გამართულ საზავო მოლაპარაკებაში რუსეთის პრეზიდენტთან, ვლადიმირ პუტინთან. ევროკავშირის საგარეო პოლიტიკის წამყვან ძალას გერმანია და საფრანგეთი წარმოადგენენ. ოფიციალურად, ცხადია, ბრიტანეთი კვლავ ევროკავშირის წევრია და მისი ინტერესები უკავშირდება პოლიტიკის კონკრეტულ სფეროებს - მაგალითად, საფინანსო რეგულირებას, მაგრამ ბრიტანეთმა არჩია გვერდზე გამდგარიყო ევროკავშირში მიმდინარე პროცესების უმეტესობისგან. ცხადია, ბრიტანეთის პარტიების პოზიციებს შორის საგრძნობი განსხვავებაა ევროკავშირთან მიმართებით, მაგრამ გაყოფის ხაზი, რეალურად, ლეიბორისტებსა და კონსერვატორებს შორის არ გადის. ის ბრიტანეთსა და ევროპას ყოფს“.

  • 16x9 Image

    სალომე ასათიანი

    რადიო თავისუფლების ჟურნალისტი 2004 წლიდან. მუშაობს კულტურისა და პოლიტიკის თემებზე. არის ავტორი პოდკასტისა "ასათიანის კუთხე“, რომელიც ეხება ლიტერატურას, კინოს, მუსიკას, კულტურის ისტორიას, ფსიქოანალიზს, ფემინიზმის საკითხებს და იდეების ისტორიას.

XS
SM
MD
LG