Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დავით უსუფაშვილი პოლიტიკაში ცენტრისტული პარტიით ბრუნდება


დავით უსუფაშვილი
დავით უსუფაშვილი

საქართველოს პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარე, დავით უსუფაშვილი, რამდენიმეთვიანი ტაიმაუტის შემდეგ პოლიტიკაში ბრუნდება და დაინტერესებულ პირებს სთავაზობს ერთობლივად შექმნან ახალი ცენტრისტული პარტია, რომელიც ახლებური ხედვებითა და მიდგომებით ჩაერთვება ქვეყნის განვითარების პროცესში. პარტია, რომელსაც ჯერ არც სახელი აქვს და არც გუნდი ჰყავს, ფორმირების პროცესშივე აპირებს ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობას. დავით უსუფაშვილი პოლიტიკურ გუნდს საზოგადოებას მაისის ბოლოს წარუდგენს.

გადმოწერა

საქართველოს პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარე, რესპუბლიკური პარტიის ერთ-ერთი ყოფილი ლიდერი, დავით უსუფაშვილი 28 აპრილს საზოგადოებას სამპუნქტიანი გეგმით წარუდგა. შევთანხმდეთ საქართველოს ყველა ძირითადი პრობლემის მთავარ მიზეზზე, შევქმნათ სამოქალაქო პარტნიორობა სახელმწიფოებრიობის განსამტკიცებლად და შევქმნათ ახალი პოლიტიკური ძალა ახლებური მიდგომებით -ამ პუნქტებში ჩამოყალიბებული თეზისებით დავით უსუფაშვილმა განმარტა, რომ მისი პერსპექტიული პოლიტიკური გეგმები ითვალისწინებს ქვეყანაში არსებული დესტრუქციული პოლიტიკური სისტემის შეცვლას, რათა დაიძლიოს საზოგადოების გათიშულობა, არასწორი სახელმწიფო მმართველობა და სახელმწიფოებრივი ცხოვრების მთავარ ფორმატად სამოქალაქო პარტნიორობა იქცეს. დავით უსუფაშვილის თანახმად, ამ მიზნებისთვის შეიქმნება ახალი პოლიტიკური ძალა, რომელიც მყარად იდგება ეროვნულ და ევროპულ ისტორიულ-კულტურულ ნიადაგზე:

მე აქ არ მინდა განსაკუთრებული შეფასება გავაკეთო. მაინცდამაინც დიდი მოლოდინი არ მაქვს. ჩვენ ვიცით, როგორი შედეგები ჰქონდა ამ კონკრეტულ პოლიტიკურ ძალას წინა არჩევნებში, საპარლამენტო არჩევნებში. აქედან გამომდინარე, რაიმე განსაკუთრებული მოლოდინი ამ კუთხით მე არ მექნებოდა...
ირაკლი კობახიძე

“მე ვაცხადებ სადამფუძნებლო პრინციპებს, რომ ეს იქნება ცენტრისტული და არა რომელიმე უკიდურეს ფლანგზე. ეს იქნება ქვეყნის ტრადიციების, პოზიტიური ტრადიციების , სახელმწიფოებრივი ტრადიციების მისხალ-მისხალ აღმოჩენის და შეკრების პარტია, იმიტომ რომ ჩვენ უნდა გვქონდეს მყარი საფუძველი სახელმწიფოს წინ წაყვანისთვის. ეს პარტია ახლიდან არ დაიწყებს სახელმწიფოებრივ წელთაღრიცხვას, ეს პარტია არ დაანგრევს იმას, რაც სხვამ გააკეთა. ჩვენი კრედო იქნება: რაც კარგია, ვუვლით; რაც გვაკლია, ვქმნით და რაც ცუდია, ვცვლით. ეს არ იქნება ახალი საქართველო, ნულიდან დაწყებული საქართველო“.

დავით უსუფაშვილი ამბობს, რომ ახალი პოლიტიკური პარტიის მთავარი ამოცანა იქნება მომავალ საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვება და კოალიციური მთავრობის ფორმირება. მისივე განცხადებით, პარტია დაინტერესებული იქნება პოლიტიკური ოპონენტების სიძლიერით, რათა ჯანსაღი კონკურენციის პირობებში განხორციელდეს ქვეყნის წინსვლა და აღმშენებლობა.

დავით უსუფაშვილის პოლიტიკაში დაბრუნება მოულოდნელი არ ყოფილა პოლიტიკოსებისთვის. მათგან მმართველი „ქართული ოცნების“ ერთ-ერთი ლიდერი, პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე, წინამორბედს წარმატებებს უსურვებს, თუმცა ამ წარმატების მოლოდინი თავად არა აქვს:

“მე აქ არ მინდა განსაკუთრებული შეფასება გავაკეთო. მაინცდამაინც დიდი მოლოდინი არ მაქვს. ჩვენ ვიცით, როგორი შედეგები ჰქონდა ამ კონკრეტულ პოლიტიკურ ძალას წინა არჩევნებში, საპარლამენტო არჩევნებში. აქედან გამომდინარე, რაიმე განსაკუთრებული მოლოდინი ამ კუთხით მე არ მექნებოდა“.

თავის კომენტარში ირაკლი კობახიძემ იგულისხმა რესპუბლიკური პარტია, რომელიც დავით უსუფაშვილმა 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებში წარუმატებლობის შემდეგ დატოვა. დავით უსუფაშვილმა მაშინდელი გადაწყვეტილება პარტიის მომავალი საქმიანობის შესახებ პარტიის თავმჯდომარესა და დამფუძნებლებთან მისი შეხედულებების შეუთავსებლობით ახსნა. ამ შეუთავსებლობაზე ამახვილებს ყურადღებას, თავის მხრივ, „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი, რომან გოცირიძე, რომლის აზრითაც, რესპუბლიკური პარტიის დაშლის მიზეზი ბიძინა ივანიშვილი იყო:

“დავით უსუფაშვილის პოლიტიკაში დაბრუნება არის კარგი, მაგრამ ჩვენ ვიცით, რომ რესპუბლიკური პარტია გაიყო ორ ნაწილად: ერთი, რომელიც გაემიჯნა ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკას, და მეორე, რომელიც ბრუნდება ბიძინა ივანიშვილთან, მაგრამ ეს იქნება ძალიან ხანგრძლივი და ტანჯული გზა“, ვარაუდობს რომან გოცირიძე.

„ევროპული საქართველოს“ წარმომადგენელი გიგი წერეთელი კი ამბობს, რომ მათ პოლიტიკური კონკურენციის არ ეშინიათ:

“რა თქმა უნდა, კონკურენცია პოლიტიკურ ასპარეზზე არსებობს, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ ჩვენ, მაგალითად, არ გვინდოდეს ამ ასპარეზზე ვთქვათ, მეტოქეობა“.

თორნიკე შარაშენიძე
თორნიკე შარაშენიძე

პოლიტოლოგ თორნიკე შარაშენიძეს ვკითხეთ, როგორ ფიქრობს, შეძლებს დავით უსუფაშვილის პოლიტიკური პარტია გახდეს ხელისუფლების ალტერნატიული ძალა და რა გავლენა შეიძლება მოიპოვოს მან ორპოლუსიან პოლიტიკურ სპექტრში ცენტრისტული პოზიციის დაკავებით:

“არაფერი აზრი არა აქვს ცენტრისტულს დაარქმევ, მემარჯვენეს თუ მემარცხენეს. ხალხს აინტერესებს სამუშაო ადგილები, ხალხს აინტერესებს დაბალი გადასახადები და უსაფრთხოება და ასე შემდეგ. ხალხს უნდა დაანახვო საქმე, რომ სამუშაო ადგილებს ქმნი, უნდა დაპირდე რაღაცებს. შეიძლება მერე არ შეასრულო დაპირებები, მაგრამ უნდა დაპირდე ლამაზად. ასე რომ, მემარჯვენეს დაარქმევ, ცენტრისტულს თუ მემარცხენეს, ეს აბსოლუტურად მესამეხარისხოვანია. პარტიას საქართველოში სჭირდება არა იმდენად იდეოლოგია, რამდენადაც ფული და სახეები. უსუფაშვილს არ ვიცი ფული საიდან შეიძლება ჰქონდეს. რაც შეეხება სახეებს, თვითონ სახე კი არის, მაგრამ ამ სახემ ვერასოდეს ვერ მოაგროვა დამოუკიდებლად 3 პროცენტზე მეტი. ამიტომ მას სჭირდება გვერდზე ვიღაც ისეთი ქარიზმატული ადამიანი, ვინც გავა ქუჩაში, გავა სოფელში, ხელს ჩამოართმევს უბრალო ადამიანებს და დაელაპარაკება უბრალო ენაზე“.

თორნიკე შარაშენიძე, ისევე როგორც დაინტერესებული საზოგადოების დიდი ნაწილი, დავით უსუფაშვილის პოლიტიკური გუნდის სახეების წარდგენის მოლოდინშია. ამ ეტაპზე დაბეჯითებით მხოლოდ იმის თქმა შეიძლება, რომ გუნდში არ იქნება მისი მეუღლე, თავდაცვის ყოფილი მინისტრი, თინა ხიდაშელი, რომელიც, დავით უსუფაშვილის თანახმად, უსაფრთხოების სფეროში პროფესიულ საექსპერტო საქმიანობას ეწევა.

XS
SM
MD
LG