Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბრძოლა საყოველთაო ჯანდაცვისათვის და დახურული ფედერალური უწყებები


ობამა
ობამა
სამშაბათს აშშ-ის მთავრობის ბევრმა უწყებამ შეწყვიტა მუშაობა მას შემდეგ, რაც კონგრესმა ვერ შეძლო დროებითი საბიუჯეტო კანონის მიღება. ეს არის პირველი შემთხვევა ბოლო 17 წლის განმავლობაში, როდესაც აშშ-ის მთავრობა იძულებულია დახუროს ფედერალური უწყებები და სახლში გაუშვას ასობით ათასობით თანამშრომელი.

კონგრესში საბიუჯეტო კანონპროექტის ჩავარდნის გამო, სამშაბათიდან, ახალი ფინანსური წლის დასაწყისში, ბევრი სასიცოცხლო მნიშვნელობის ფედერალური სამსახური დაიხურება და ასობით ათას თანამშრომელს სახლებში დარჩენა მოუწევს. ეროვნული პარკები, მუზეუმები, ღირსშესანიშნავი ადგილები, მონუმენტები, როგორიც არის „თავისუფლების ქანდაკება“, დაიხურება.

ამასთან, საბიუჯეტო კანონის ჩავარდნა გავლენას ვერ იქონიებს ქვეყნის უსაფრთხოებაზე -არმიასა და სხვა, ქვეყნის უსაფრთხოებისთვის სასიცოცხლო მნიშვნელობის, სამსახურებზე. ფოსტა, საჰაერო მიმოსვლის კონტროლი, სასაზღვრო უწყება და სამართალდამცავები განაგრძობენ მუშაობას. აშშ-ის პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ ხელი მოაწერა კანონს, რომელიც ავღანეთსა და მსოფლიო სხვა ქვეყნებში სამხედრო მისიით მყოფი ამერიკული სამხედრო ქვედანაყოფებისათვის უწყვეტი დაფინანსების უზრუნველყოფას განაპირობებს:

„ამჟამად მიმდინარე სამხედრო ოპერაციები, როგორიცაა ჩვენი მოქმედება ავღანეთში, მომავალშიც გაგრძელდება. როცა სიცოცხლისთვის სახიფათო პირობებში მსახურობთ, ჩვენი ვალია უზრუნველგყოთ ყოველივე იმით, რაც თქვენი მისიის წარმატებისთვის არის აუცილებელი. კონგრესმა მოიწონა და მე ხელს მოვაწერ საკანონმდებლო აქტს, რომელიც გარანტიას იძლევა, რომ დროულად მიიღოთ ხელფასები და ყოველ ღონეს ვიხმართ, სამთავრობო უწყებების დახურვამ არ დაგაზარალოთ თქვენ და თქვენი ოჯახები“.

ფედერალური უწყებების დახურვამდე რამდენიმე საათით ადრე პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ გააფრთხილა კონგრესი იმ შესაძლო ზიანის შესახებ, რასაც უწყებების საქმიანობის შეჩერება ქვეყნის ეკონომიკას მოუტანს.

სამთავრობო უწყებები დაიხურა პირველად 1995-96 წლების შემდეგ, როდესაც პრეზიდენტი ბილ კლინტონი იყო.

ვფიქრობთ, ჩვენ უნდა ვაფინანსებდეთ მთავრობას და, ჩვენი აზრით, „ობამაკერის“ პროგრამა ყველა ამერიკელისთვის უნდა ითვალისწინებდეს ელემენტარულ სამართლიანობას...
ამასთან, უცნობია, თუ როდემდე გასტანს აშშ-ის ფედერალური უწყებების დროებითი დახურვა, რომლის გახანგრძლივებამ შეიძლება მძიმე დარტყმა მიაყენოს მსოფლიოს ეკონომიკას. ორშაბათს, როდესაც ცნობილი გახდა, რომ კონგრესი ვერ აღწევს შეთანხებას, წამყვან საფონდო ბირჟებზე აქციათა ფასებმა მკვეთრად იკლო.

თეთრ სახლსა და რესპუბლიკელების უმრავლესობით დაკომპლექტებულ წარმომადგენელთა პალატას შორის მთავარ წინააღმდეგობას იწვევს სწორედ ბარაკ ობამას მიერ შეთავაზებული სამედიცინო დაზღვევის რეფორმის პროგრამა, რასაც რესპუბლიკური პარტია „ობამაკერს“ უწოდებს. წარმომადგენელთა პალატის სპიკერმა ჯონ ბეინერმა, რესპუბლიკელმა კონგრესმენმა ოჰაიოდან, კიდევ ერთხელ გაამახვილა ყურადღება პროგრამის „სამართლიანობის დეფიციტზე“:

„ვფიქრობთ, ჩვენ უნდა ვაფინანსებდეთ მთავრობას და, ჩვენი აზრით, „ობამაკერის“ პროგრამა ყველა ამერიკელისთვის უნდა ითვალისწინებდეს ელემენტარულ სამართლიანობას“.

ბარაკ ობამას მიერ შემუშავებული ჯანდაცვის პროგრამა აშშ-ის იმ მილიონობით მოქალაქის აუცილებელ სამედიცინო დაზღვევას გულისხმობს, რომელსაც ხელი არ მიუწვდება ჯანდაცვაზე. პრეზიდენტ ობამას ოპონენტები, რესპუბლიკური პარტია და მისი კონსერვატიული ფრაქცია, „ჩაის პარტია“, წინააღმდეგნი არიან ამ კანონისა, რომელიც ეკონომიკისათვის სახიფათოდ მიაჩნიათ და თვლიან, რომ „ხელმისაწვდომი ჯანდაცვის აქტი“ შეამცირებს სამუშაო ადგილებს.
რესპუბლიკელები ასევე ამტკიცებენ, რომ კანონი, რომელიც ამერიკელებს დაზღვევას ავალდებულებს, ლახავს პიროვნების თავისუფლებას.

წარმომადგენელთა პალატამ, რომელსაც რესპუბლიკური პარტია აკონტროლებს, შაბათ დილით დაწყებული და გვიან ღამეს დასრულებული განხილვის დროს, ფედერალური სამინისტროებისა და უწყებების დროებითი დაფინანსების ახალი რეზოლუცია მიიღო. თუმცა ბარაკ ობამამ განაცხადა, რომ ჯანმრთელობის დაცვის კანონი, რომელსაც ოფიციალურად ზრუნვის „ხელმისაწვდომი ჯანდაცვის აქტი“ ეწოდება, როგორც დაგეგმილი იყო, ძალაში სამშაბათიდან შევა და კონგრესმენები ვერ შეძლებენ მისი განხორციელების დაბლოკვას.
  • 16x9 Image

    კობა ლიკლიკაძე

    ჟურნალისტი. მუშაობს საერთაშორისო სამხედრო თანამშრომლობის, შეიარაღებული კონფლიქტების, ნატოს და ევროკავშირის სამეზობლოს სამხედრო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2001 წლიდან.

XS
SM
MD
LG