Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ინტერვიუ: როგორ შეიძლება მომავალ კვირებში გადაწყდეს უკრაინის ომის მომავალი


კიეველი კაცი ქვიშას ყრის ტომრებში - შორს მოჩანს ტერიტორიული დაცვის ძალების მოხალისე გუშაგები. 7 მარტი, კიევი.
კიეველი კაცი ქვიშას ყრის ტომრებში - შორს მოჩანს ტერიტორიული დაცვის ძალების მოხალისე გუშაგები. 7 მარტი, კიევი.

ეს ის ომი არაა, მოსკოვი რომ მოელოდა.

უკრაინის ჯარებმა უფრო ძლიერი წინააღმდეგობა გასწიეს, ვიდრე ამას სამხედრო მიმომხილველები ვარაუდობდნენ რუსეთის არმიის უკრაინაში შეჭრის წინ, 24 თებერვლამდე. რუსეთის არმიამ, მზარდი დანაკარგებისა და ლოგისტიკური ჩავარდნების გამო, მოახდინა ძალების გადაჯგუფება და იძულებული გახდა შეეცვალა ტაქტიკა მას მერე, რაც სამი მხრიდან იერიში შენელდა.

უკრაინის თავდაცვის სამინისტროს მტკიცებით, განადგურებულია რუსეთის 12 ათასი სამხედრო. მაგრამ, კონფლიქტის მოძრავი და სწრაფად ცვალებადი ხასიათის გამო, ძნელია მკაფიო სურათის შექმნა, რა ხდება ადგილზე და რა იქნება მომავალში.

აშშ-ის ზოგიერთი ოფიციალური პირის ვარაუდით, რუსეთის არმიის მხრიდან ცოცხალი ძალის დანაკარგი 6000-ს უდრის, თუმცა სხვა ოფიციალური პირები აღნიშნავენ, რომ ეს რიცხვი, ალბათ, 2-დან 4 ათასამდეა.

მონაცემებს იშვიათად, მაგრამ აქვეყნებს მოსკოვიც, თუმცა სამხედრო ექსპერტები მათ არ მიიჩნევენ სანდოდ. მათ თანახმად, უკრაინაში დაღუპულ რუს ჯარისკაცთა რაოდენობა 498-ია.

მართალია, ბევრი მიმომხილველი წერს, რომ უკრაინამ კრემლის თავდაპირველი სამხედრო გეგმები ჩაშალა, რუსეთის ჯარი კვლავაც აღემატება უკრაინისას რაოდენობითა და შეიარაღებით და აგრძელებს წინსვლას.

ამდენად, რუსეთის არმიის შეჭრა და უკრაინის წინააღმდეგობა გარდამტეხ ეტაპზეა. ომის ბედი გადაწყდება მომავალ კვირებში ბევრი ფაქტორის ზემოქმედებით.

რადიო თავისუფლება დაუკავშირდა გუსტავ გრესელს, ავსტრიის თავდაცვის უწყების ყოფილ თანამშრომელს და საერთაშორისო ურთიერთობების ევროპული საბჭოს რუსეთის სამხედრო საკითხთა ექსპერტს.

რადიო თავისუფლება: როგორ უნდა გავიგოთ დანაკარგების შესახებ ეს განსხვავებული და ხანდახან ურთიერთსაწინააღმდეგო მონაცემები, რომლებსაც აშშ-ის, უკრაინისა და რუსეთის წყაროები იძლევიან?

რა დგას ამ რიცხვებში განსხვავების უკან და როგორ უნდა განვიხილოთ ეს განსხვავება? ამასთან, ხომ არ აგვიხსნიდით სირთულეებს, რომლებიც ახლავს კონფლიქტისთვის რეალურ დროში თვალყურის დევნებას?

გუსტავ გრესელი: რომც ისურვოთ ობიექტური მონაცემების დადგენა, ამას ვერ მოახერხებთ, რადგან ვერ ხედავთ ამა თუ იმ მხარის ყველა დანაკარგს.

უკრაინელებს შეუძლიათ დარწმუნებული იყვნენ სამხედროთა იმ რაოდენობის შესახებ, როცა ისინი ვინმეს იჭერენ, ასევე შეუძლიათ იცოდნენ, რამდენი მოკლეს, როცა იერიშზე გადადიან, ან კონტრიერიშს აწყობენ, როცა ტერიტორიას იკავებენ, რადგან შეუძლიათ დათვალონ გვამები. მაგრამ, უკრაინის კონტრიერიშები ამ ომის მხოლოდ ერთი - მცირე ნაწილია.

ისე რომ, რომც შეეცადოთ პატიოსნად შეაფასოთ ეს, პრაქტიკულად გაგიჭირდებათ, რადგან ყველაზე ძნელი ადამიანების დათვლაა. ტექნიკის დათვლა უფრო იოლია, რადგან ჩანს ცოტა ხნის შემდეგაც, სატელიტურ ფოტოებზე დაინახავთ განადგურებულ მანქანებს. ამიტომაა, რომ დასავლეთის დაზვერვას აქვს საშუალება, დათვალოს ტექნიკა.

რუსეთის მონაცემები პროპაგანდაა. რუსეთი ცდილობს ომი დამალოს და, შესაბამისად, აქვეყნებს ფანტასტიკურ რიცხვებს. ცხადია, კონფლიქტის არსებობის მთლიანად უარყოფა, მოსკოვს უჭირს, რადგან რუსეთში მძიმედ დაჭრილი ჯარისკაცები ბრუნდებიან. ასე რომ, რუსეთს უწევს აღიაროს დაღუპულების არსებობა, მაგრამ ავრცელებს მცირე რიცხვებს, რომლებიც უფრო დაბალია, ვიდრე რეალური დანაკარგი.

რუსეთის მიერ გამოცხადებული მონაცემები დანაკარგის შესახებ რომ მართალი იყოს, ტანკებს აჩრდილები უნდა მართავდნენ. როცა ტანკი ერთ წამში ფეთქდება, ეკიპაჟი ვერანაირად ვერ გამოვა იქიდან. თანაც, რუსული ტანკების ეკიპაჟი სამი კაცისგან შედგება.

ასე რომ, სულ მცირე, ეკიპაჟების რაოდენობის მიხედვით დაახლოებით მაინც შეიძლება იმის ვარაუდი, რომ დანაკარგი ბევრად მაღალია, ვიდრე ამას მოსკოვი აღიარებს.

რადიო თავისუფლება: გამოქვეყნებულ რიცხვებს შორის დიდი სხვაობაა, როგორ ახსნით ამას?

გრესელი: იმიტომ რომ ზუსტად არავინ იცის, ეს ვარაუდებია. ყველა ომში, - არ აქვს მნიშვნელობა, ვინ აწარმოებს მას, და ეს ეხება დასავლეთის ომებს ავღანეთსა და ერაყში, - ყველა მხარე აჭარბებს მოწინააღმდეგის დანაკარგს. ეს განსაკუთრებით ასეა, როცა არაპირდაპირი, დაუმიზნებელი სროლაა.

გარდა ამისა, ჩვენ დაჭრილებს მოკლულებს მივათვლით ხოლმე, რადგან ისინი ბრძოლას გამოეთიშნენ, მაგრამ არ მომკვდარან. ამიტომ მოკლულების რიცხვი ყველა ომში, ყველა მხარისთვის ძალიან მაღალია ხოლმე.

უკრაინელი ჯარისკაცები წინ მიიწევენ 10 მარტს რუსეთის ძალებისგან კიევის მახლობლად დასახლებული პუნქტის დაბრუნების ოპერაციისას.
უკრაინელი ჯარისკაცები წინ მიიწევენ 10 მარტს რუსეთის ძალებისგან კიევის მახლობლად დასახლებული პუნქტის დაბრუნების ოპერაციისას.

არსებული შეფასებებით, შეიძლება ითქვას, რომ დაახლოებით ორი მესამედი იმ რიცხვისა, რასაც უკრაინელები აცხადებენ, რომ განადგურდა, მართლაც განადგურდა. ვფიქრობ, უკრაინის მხარის მიერ დათვლილი განადგურებული საბრძოლო მანქანების რიცხვი ბევრად უფრო ზუსტია, ვიდრე ადამიანების რაოდენობა, რადგან ძლიერ დაზიანებული მანქანებიდანაც შეიძლება ცოცხლების გამოყვანა. ასე რომ, დანაკარგების საერთო რიცხვი შეიძლება გაზრდილი იყოს, მაგრამ მანქანებისა - არც ისე. და ბოლოს: ამ მონაცემების ორი მესამედი, ალბათ, ნამდვილ რაოდენობას არც ისე დაშორებული რიცხვია.

რადიო თავისუფლება: იმის გათვალისწინებით, რომ რუსეთის მსხვერპლი, სავარაუდოდ, ბევრად მეტია, ახლა მოსკოვის სტრატეგიაში რაიმე ცვლილებას ხომ არ ვხედავთ?

გრესელი: [რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმირ] პუტინი ცდილობს, მეტი შიდა მხარდაჭერა მოიპოვოს [ომისთვის], მაგრამ თუ ტემპერატურა საკმარისად აიწევს [უკრაინაში], მას შესაძლოა მოუწიოს ჩვეულებრივი წვევამდელების და ჩვეულებრივი რეზერვისტების გამოყენება [უფრო დიდი მასშტაბით] და ფორმირებების [გამოყენება], რაც ძალების დიდ რაოდენობას ნიშნავს.

'Who Will Bring Back Our Children?': Russian Tanks Shell Residential Buildings In Mariupol
please wait

No media source currently available

0:00 0:03:02 0:00

ასე რომ, ვფიქრობ, ისინი 1 აპრილისთვის აპირებენ ახალი წვევამდელების შემოყვანას და ძველი წვევამდელების დათხოვნას. არმიას სურს, რა თქმა უნდა, ზეწოლა მოახდინოს ბევრ ამ დათხოვნილ წვევამდელზე, რათა ისინი [ხელახლა] ჩაეწერონ ან [ხელი მოაწერონ] კონტრაქტებს ამ ომში მონაწილეობის მისაღებად.

ვფიქრობ, ამიტომაც არის, რომ ჩვენ [ამჟამად] ვერ ვხედავთ ვერც სამშვიდობო გადაწყვეტილებებს და ვერც სერიოზულ მოლაპარაკებებს რუსეთის მხრიდან. ისინი 1 აპრილს [ელოდებიან], [როცა შეძლებენ] ძალების რეგენერაციის კიდევ ერთ რაუნდს და [აქამდე] მათ არ [უცდიათ ამის გამოყენება]... მე არ მგონია, რომ რუსეთი რამე სერიოზულ მცდელობებს მიმართავს მშვიდობის დასამყარებლად.

ამის პროგნოზირება რთულია. ჩვენ ძალიან გადამწყვეტ მომენტში ვიმყოფებით და ჩვენი მოქმედებები ახლა განსაზღვრავს ომის მიმდინარეობას მომავალ კვირებში და იმას, აქვს თუ არა უკრაინას შანსი, [კვლავაც] იდგეს ფეხზე.

რადიო თავისუფლება: როგორია თქვენი შეფასება აქამდე გამოყენებული რუსული სამხედრო ტაქტიკის შესახებ?

გრესელი: ომის პირველი, "ბლიცკრიგის", ვერსია ჩაიშალა. სამართლიანობა მოითხოვს, ეს აღინიშნოს. პრაქტიკულად, ის ჩაიშალა ომის პირველივე კვირის განმავლობაში და ახლა ისინი რეორგანიზაციას ახდენენ.

[რუსეთი] ახლა ცდილობს, ეს ომი უფრო ტრადიციულად, საბჭოთა [გზით] აწარმოოს, ვიდრე ისე, როგორც ფიქრობდა, რომ [ჩვეულებრივ] სწრაფი, ელვისებური ომი შეგიძლია აწარმოო 21-ე საუკუნეში, იმიტომ რომ ამის შესახებ მათი ბევრი ვარაუდი მცდარი გამოდგა.

ჩვენ ასევე [ვხედავთ], რომ ბევრი რამ, რაც მათ სირიაში გააკეთეს მცირე მასშტაბით ან დონბასში - ასევე მცირე მასშტაბით, ვეღარ გაიმეორეს უკრაინაში, რომელიც, როგორც სამხედრო ოპერაცია, გაცილებით უფრო დიდია, ვიდრე ყველაფერი, რაც აქამდე გაუკეთებიათ.

გუსტავ გრესელი
გუსტავ გრესელი

პრობლემა ის არის, რომ გადაჯგუფება ძნელია, რადგან მათ უკრაინაში არ შემოუტანიათ ბევრი ორგანიზაციული ელემენტი, რაც შინ აქვთ, ამიტომ, მათ, ფაქტობრივად, სჭირდებათ ძალების ძალიან ღრმა რესტრუქტურიზაცია და რეორგანიზაცია, ვფიქრობ, სწორედ ამიტომ ვხედავთ ასეთ პაუზას ბრძოლაში.

დეზორგანიზაცია [და] მატერიალურ-ტექნიკური მომარაგების პრობლემები ძალიან ღრმაა, [რადგან] რუსეთი ამ ძალას ძირითადად [მომზადებული] პროფესიონალი ჯარისკაცების ბატალიონის ტაქტიკური ჯგუფებისგან აწარმოებს, რაც ძალის [სწრაფად] შექმნის და მისი სწრაფად განლაგების კარგი საშუალებაა. მაგრამ ეს დაბალი ინტენსივობის ომის შესაძლებლობას იძლევა. [რუსეთს] არა აქვს მატერიალურ-ტექნიკური ბაზა ფართომასშტაბიანი ომის წარმოებისთვის და - [თავისი] ჯავშანტექნიკისა და მექანიზებული ქვეითი ჯარის გარდა - [მოსკოვს] ამისთვის არ გააჩნია ორგანიზაციული ხერხემალი.

რადიო თავისუფლება: შესწევთ თუ არა უნარი რუსულ ძალებს, მოახდინონ გადაჯგუფება და შესაძლოა, მოახდინონ კიევის ალყაში მოქცევა, და მოახერხონ თავიანთი მთავარი სამხედრო მიზნების მიღწევა, იმის მიუხედავადაც, რომ სერიოზული წარუმატებლობის წინაშე აღმოჩნდნენ?

გრესელი: თუ დასავლეთი მოახერხებს რუსეთის ეკონომიკის განადგურებას სხვანაირად, ვიდრე ამას პუტინი მოელოდა [და] თუ [დასავლეთი] მოამარაგებს უკრაინას ბევრი იარაღით ისე, რომ რუსეთის დანაკარგის მაჩვენებელი ისეთივე მაღალი დარჩეს, როგორც ახლაა, [მაშინ] ვფიქრობ, რომ რუსეთმა, შესაძლოა, გამოსავლის [ძიება] დაიწყოს და რუსულმა საზოგადოებამ, შესაძლოა, არ დაუჭიროს მხარი ომს ისე, როგორც პუტინი [იმედოვნებს].

რა თქმა უნდა, [თუ] სანქციების რეჟიმს კბილები დასცვივდება და პუტინი დაინახავს, რომ დასავლეთმა [თავისი მხარდაჭერის] მაქსიმუმს მიაღწია,

და მას შეუძლია, თავი გაართვას ვითარებას იმით, რაც ხელთ აქვს, და თუ [უკრაინის] წინააღმდეგობა შესუსტდა შეიარაღების და ცოცხალი ძალის დანაკარგების გამო, მაშინ ამან შეიძლება მისცეს რუსეთს და რუსეთის ომის მანქანას და [მის] პროპაგანდას ბიძგი იმისკენ, რომ მართლა მთელი ძალით იმოქმედონ და [მიაღწიონ] გამარჯვებას.

ამის პროგნოზირება რთულია. ჩვენ ძალიან გადამწყვეტ მომენტში ვიმყოფებით და ჩვენი მოქმედებები ახლა განსაზღვრავს ომის მიმდინარეობას მომავალ კვირებში და იმას, აქვს თუ არა უკრაინას შანსი, [კვლავაც] იდგეს ფეხზე.

ეს შენობები მარიუპოლში განადგურდა რუსეთის არმიის დარტყმებისა და მათ მიერ გამოწვეული ხანძრების შედეგად.
ეს შენობები მარიუპოლში განადგურდა რუსეთის არმიის დარტყმებისა და მათ მიერ გამოწვეული ხანძრების შედეგად.

[რუსეთის მიზნები] [კვლავაც] მიღწევადი მიზნებია. [მაგრამ] მათი საფასური გაცილებით მაღალია, ვიდრე ამას რუსეთი ელოდა.

მეორე მხრივ, ჯერ კიდევ შესაძლებელია, რომ უკრაინელებმა [შეძლონ] ამის თავიდან აცილება. კიევისთვის ბრძოლა ჯერ არ გადაწყვეტილა. სხვა ქალაქები მაგრად დგანან. ომში ბევრი რამ არის დამოკიდებული ადგილობრივ საბრძოლო სულისკვეთებაზე, ადგილობრივ უნარებსა და ადგილობრივი მეთაურების ინიციატივაზე.

უკრაინელი ოფიცრები და უკრაინული არმიის ორგანიზებული წინააღმდეგობა პროფესიონალური და კარგად ორგანიზებული იყო და ჩვენს მოლოდინს გადააჭარბა. თუ ასე გაგრძელდა... უკრაინელებს ჯერ კიდევ აქვთ ნახევარი შანსი, რუსებს მეტი ზიანი მიაყენონ და გამარჯვება ხელიდან გამოაცალონ. თუმცა, მათ აღარ აქვთ [დიდი] შანსი, მოიგერიონ რუსეთი და [უკრაინის] საზღვრებს გარეთ განდევნონ.

ეს, სამწუხაროდ, მათ შესაძლებლობებს აღემატება, მაგრამ ისინი კვლავ იმყოფებიან იმ [მდგომარეობაში], როცა შეუძლიათ, რუსეთს უარი ათქმევინონ გამარჯვებაზე.

XS
SM
MD
LG