Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

უკრაინა ერთი წლის შემდეგ


დონეცკის აეროპორტი, 16 თებერვალი, 2015 წ.
დონეცკის აეროპორტი, 16 თებერვალი, 2015 წ.

„ამერიკის ხმის“ კორესპონდენტის დენიელ შარფის რეპორტაჟი კიევიდან, რომელშიც ის გასული წლის თებერვალში მეიდანზე მომხდარ დარბევას და მის შემდგომ განვითარებულ პროცესებს აღწერს

ერთი წლის წინ

ახალგაზრდა უკრაინელი ბიჭი, 19 წლის რომან გურიკი შარშან ამ დროს კიევის ცენტრში, სასტუმრო „უკრაინასთან“ შეკრებილ ათასობით თანამოაზრეს შეუერთდა. ისინი ხელისუფლების პოლიტიკას დაუპირისპირდნენ. რომანი ბუნებით მეამბოხე იყო, რომელსაც ძალიან აწუხებდა თავისი ორი უმცროსი დის და მთლიანად ქვეყნის ბედი. ფიქრობდა იმაზე, თუ როგორ განვითარდებოდა მოვლენები უკრაინაში და რამდენად ევროპული იქნებოდა მისი მომავალი.

როცა ანტისამთავრობო დემონსტრაციის მონაწილეებს ცეცხლი გაუხსნეს, რომანი აქტივისტებს დაჭრილების ევაკუაციაში ეხმარებოდა - იგონებს სასტუმროსთან მომავალი ეგორი, მისი მამა. „ერთხელ 8 თუ 10 კაცი მოიყვანა სახლში და თვითონ მათ ბოლოში მოჰყვებოდა. მაშინ აი, აქ იყვნენ გამაგრებულები“ - ამბობს ეგორი და თითს სასტუმროსკენ იშვერს, სადაც ერთი წლის წინ დემონსტრანტები იყვნენ შეკრებილი. „ვიდეოებშიც ნახავთ, ადრე აქ ბარიკადები იყო აღმართული და სროლები ისმოდა“.

ვიდეოფირზე, რომელსაც მამამისი გვაჩვენებს, რომანი მართლაც კარგად ჩანს. ის მომიტინგეებს აქტიურად ეხმარება. კადრში ცოტა ხანში იმასაც დაინახავთ, თუ როგორ დაჭრეს რომანი თავში. ის უცნობი სნაიპერის სროლის შემდეგ ძირს ეცემა. მხოლოდ იმ დღეს მეიდანზე 100-ზე მეტი დემონსტრანტი მოკლეს.

ერთი წლის შემდეგ

უკრაინა ამ დღეებში მეიდნის, ევრომოედნის საპროტესტო აქციის დარბევიდან ერთი წლისთავს აღნიშნავს. თუმცა, მთავრობაში განხორციელებული დრამატული ცვლილებების მიუხედავად მეიდანზე მოკლული ადამიანებისთვის პასუხისგებაში ჯერ არავინ მიუციათ. გარდაცვლილთა ოჯახებს უკვე ეჭვი ეპარებათ, რომ როდესმე სამართლიანობას მოესწრებიან.

ასე ფიქრობს ირინაც, რომანის დედა. ის ხშირად დადის დაღუპულთა მემორიალზე და საკუთარ შვილთან ერთად დანარჩენ გარდაცვლილ უკრაინელებს დასტირის. „იმ მოვლენების მიხედვით თუ ვიმსჯელებთ, რაც ახლა სასამართლოებში მიმდინარეობს და გამოძიების პროცესში ხდება, ისეთი შეგრძნება მაქვს, რომ ეს პროცესი დიდხანს გაჭიანურდება. ერთი წელი გავიდა. ის, ვინც დამნაშავეა, სულ ცოტა, უკრაინიდან უკვე წასული იქნება. მტკიცებულებები აღარ არსებობს. ბევრი აღარაფერია დარჩენილი“ - ამბობს ირინა.

უკრაინას ახალი გენერალური პროკური ჰყავს, ვიქტორ შოკინი. ის მოსახლეობას დაპირდა, რომ მეიდნის დამნაშავეებს აუცილებლად დაიჭერს და დასჯის. „დარწმუნებული ვარ და პარლამენტშიც ვთქვი ამის შესახებ. ეს აუცილებლად მოხდება“ - აცხადებს შოკინი.

გასული წლის თებერვალში დატრიალებულმა ტრაგედიამ თვეობით გაჭიანურებული უმთავრესად მშვიდობიანი ანტისამთავრობო მიტინგების ციკლი დაასრულა. მაშინდელი პრეზიდენტი ვიქტორ იანუკოვიჩი იძულებული გახდა რუსეთში გაქცეულიყო, ძალაუფლება მისმა პრორუსულმა მთავრობამაც დათმო.

ქვეყანაში შექმნილი ქაოსით კრემლმა მაშინათვე ისარგებლა, რათა უკრაინაში შექმნილი მდგომარეობით ყირიმის ანექსია გაემართლებინა. პარალელურად რუსეთმა აღმოსავლეთ უკრაინაში სეპარატისტული განწყობების მხარდაჭერით პრორუს ამბოხებულებს საბრძოლო ქმედებების დაწყების საშუალება მისცა. კრემლმა პროპაგანდისტული მანქანაც აამუშავა, რომელიც რუსეთის მოსახლეობას დღემდე უმტკიცებს, რომ კიევში ულტრა-მემარჯვენეებმა მთავრობის გადატრიალება მოახდინეს. ძველი, კანონიერი მთავრობა კი მათი თქმით, უსაფრთხოების ძალებთან ერთად მშვიდობის შენარჩუნებას ამაოდ ცდილობდა.

დღევანდელი რეალობა

ცეცხლის შეწყვეტის შესახებ მიღწეული შეთანხმების მიუხედავად, უკრაინის აღმოსავლეთ ნაწილში საბრძოლო ქმედებები ისევ გრძელდება. კიევი მოსკოვს პრორუსი სეპარატისტების შეიარაღებაში, მათ შორის მძიმე ტექნიკით მომარაგებაში დებს ბრალს. კრემლი ამ ბრალდებას დღემდე უარყოფს.

ქვეყნის აღმოსავლეთში, იქ სადაც ტერიტორიას სეპარატისტები აკონტროლებენ, ჰუმანიტარული კრიზისი ღრმავდება. კიევმა მათ დენის და სოციალური დახმარების მიწოდება შეუწყვიტა. უკრაინელების ნაწილში ახალი პრეზიდენტის, პეტრო პოროშენკოს მიერ გატარებული პოლიტიკისადმი პროტესტი იზრდება. ბევრი ამბობს, რომ ისედაც ეკონომიკურ კრიზისში მყოფი ქვეყანა კიდევ უფრო მძიმე მდგომარეობაში ვარდება. და მაშინ, როცა კიევში ცხოვრება თანდათან ჩვეულ კალაპოტს დაუბრუნდა, ქვეყნის აღმოსავლეთში ომი ყოველდღიური, რუტინად ქცეული რეალობა გახდა.

გაეროს ადამიანის უფლებების დაცვის ოფისის ბოლო მონაცემებით უკრაინაში საბრძოლო ქმედებების დაწყების დღიდან 5 600 ადამიანზე მეტი დაიღუპა. 2014 წლის აპრილის შუა რიცხვებიდან მოყოლებული დღემდე უკრაინაში დაჭრილთა რაოდენობა 14 000-ს აღემატება.

XS
SM
MD
LG