Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

უკრაინის ოპოზიციის ლიდერები მხარდამჭერებს დემონსტრაციების გაგრძელებისკენ მოუწოდებენ


ევროინტეგრაციის მხარდამჭერთა აქცია კიევში
ევროინტეგრაციის მხარდამჭერთა აქცია კიევში
უკრაინის პრემიერ-მინისტრმა, ნიკოლაი აზაროვმა „ისტორიული“ უწოდა მოსკოვის დახმარებას 15 მილიარდი დოლარის სესხით და გაზის გაიაფებას. ეს შეფასება აზაროვმა გამოთქვა კიევში, მთავრობის სხდომაზე გამოსვლისას: „გუშინ მოხდა მართლაც ისტორიული მოვლენა. წინა კონტრაქტით გაზის სამნახევარი წელი ყიდვის შემდეგ, რაც დღითი-დღე სისხლს აცლიდა ჩვენს ეკონომიკას, პრეზიდენტმა იანუკოვიჩმა შეძლო, ბოლო მოეღო ჩვენი ეროვნული ინტერესების ღალატისათვის, რომელზეც პასუხისმგებლობა ეკისრებათ იმავე პოლიტიკურ ძალებს, რომლებიც ახლაც განაგრძობენ ქვეყანაში დესტაბილიზაციის გაღვივებას“.
დესტაბილიზაციაზე აზაროვის განცხადება იყო მინიშნება ოპოზიციის აქციებზე, რომლებიც უკრაინაში იმართება ევროკავშირთან დაახლოების მოთხოვნით. უკრაინის პრემიერ-მინისტრის თქმით, რომ არა ეს ფინანსური მხარდაჭერა, რომელიც უკრაინის პრეზიდენტმა ვიქტორ იანუკოვიჩმა მიიღო სამშაბათს მოსკოვში ვიზიტისას, უკრაინას „გაკოტრება და სოციალური კრიზისი“ მოელოდა. ამასობაში, რუსეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა, სერგეი ლავროვმა გააკრიტიკა „აშკარა ზეწოლა“, რომელსაც უკრაინის მთავრობაზე ახორციელებენ. ეს იყო მინიშნება ევროკავშირის მცდელობაზე, კიევი დაიყოლიოს ასოცირების შეთანხმების ხელმოწერაზე. მოსკოვში იანუკოვიჩის ვიზიტის ფონზე გააქტიურდა მისი ოპონენტების მოწოდება პრეზიდენტის გადადგომისაკენ. ოპოზიციის ლიდერები მხარდამჭერებს მოუწოდებენ დემონსტრაციების გაგრძელებისაკენ. უკრაინელი ოპოზიციონერების პროტესტს იწვევს იანუკოვიჩის უარი ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმების გასულ თვეში ხელმოწერაზე.
  • 16x9 Image

    კობა ლიკლიკაძე

    ჟურნალისტი. მუშაობს საერთაშორისო სამხედრო თანამშრომლობის, შეიარაღებული კონფლიქტების, ნატოს და ევროკავშირის სამეზობლოს სამხედრო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2001 წლიდან.

XS
SM
MD
LG