კითხვის დასმა უნდა შეგეძლოსო, - გეტყვით "უხილავი ფარდის" მონაწილე, დათო ნადირაძე. ის აშშ-ში, იუტის შტატში, სამხრეთ იუტის უნივერსიტეტში, ხელოვნების ადმინისტრირების უმაღლეს სამაგისტრო პროგრამაზე სწავლობს. დათო ნადირაძე მაგისტრია, იუტაში მისი საქმიანობა ქართული განათლების სისტემის მიხედვით დოქტორანტურაა. ამავე დროს, ის სამხრეთ იუტის ხელოვნების მუზეუმში ასისტენტდირექტორია ორგანიზაციული განვითარების სფეროში. აშშ-ში მის ყოფნას აფინანსებს განათლების საერთაშორისო ცენტრი და სამხრეთ იუტის უნივერსიტეტი. დღევანდელ გადაცემაში ის ლაპარაკობს ხელოვნებაში ბიზნესმოდელების ინტეგრირების საჭიროებაზე, იმაზე, რომ შეზღუდული შესაძლებლობის ადამიანები ხელოვნებას გაცილებით უფრო წმინდა ფორმით ხედავენ, ვიდრე ჩვენ, გამოთქვამს სურვილს, რომ იუტაში, სიდარ სიტიში, მიღებული გამოცდილება საქართველოში კოლეგებს გაუზიაროს, თავიდან კი ხსნის, თუ როგორ ახერხებენ დასავლეთში ინდივიდები, შტატები, უნივერსიტეტები შეინარჩუნონ დამოუკიდებლობა და, ამავე დროს, მთლიანობის ორგანულ ნაწილად დარჩნენ.