Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

უცხოეთის პრესის მიმოხილვა


მიმდინარე კვირაში უცხოეთის პრესა კვლავ ბევრს წერდა უკრაინაში მიმდინარე პროცესებისა და ამ პროცესებში რუსეთის როლის შესახებ. 29 სექტემბერს ბრიტანეთში გამომავალ კონსერვატიული ორიენტაციის „ფაინენშელ ტაიმსში“ გამოქვეყნდა მოსკოვის კარნეგის ცენტრის ანალიტიკოსის ლილია შევცოვას სტატია, სახელწოდებით „პუტინმა საკუთარი თავი კუთხეში მოაქცია“. ავტორის აზრით, რუსეთის პრეზიდენტი თავად გახდა საკუთარი აგრესიული პოზიციის მძევალი: „ტაქტიკური გამარჯვებები ხშირად მთავრდება სტრატეგიული მარცხით. და ვლადიმირ პუტინს სწორედ ეს ემუქრება. პირველ ეტაპზე რუსეთის პრეზიდენტის გათვლები სწორი ჩანდა: დასავლეთმა გადაყლაპა ყირიმის ანექსირება და უკრაინელებმა, სრულმასშტაბიანი ომის შიშით, წინააღმდეგობა არ გაუწიეს. ამან რუსეთი დააყენა სამხედრო-პატრიოტული მობილიზაციის გზაზე და ბატონ პუტინს საშუალება მიეცა სრული ძალაუფლების ქონაზე გაეკეთებინა განაცხადი, მასობრივი რეპრესიების გაუტარებლად. მაგრამ რუსეთის ომის სახელმწიფოდ გადაქცევით, ბატონმა პუტინმა გზა გაუხსნა პროცესს, რომელსაც უკვე ვეღარ შეაჩერებს და თავად იქცა ამ თვითმკვლელობის ტოლფასი სახელმწიფოს მშენებლობის მსხვერპლად. ის ამ ომის პარადიგმას თავს ვეღარ დააღწევს ძალაუფლების დაკარგვის საფრთხის გარეშე“, - წერს ავტორი და დასძენს, „რუსებს თავიანთი ეკონომიკური პრობლემები მალე გაახსენდებათო“.

მიმდინარე კვირაში ევროპული პრესა ბევრს წერდა ესპანეთის კატალონიის რეგიონის გეგმაზე ჩაატაროს დამოუკიდებლობის რეფერენდუმი. რეგიონის პრეზიდენტმა არტურ მასმა შესაბამის ბრძანებას ხელი მოაწერა, თუმცა მადრიდი დაგეგმილ რეფერენდუმს კონსტიტუციის დარღვევად მიიჩნევს. ჟურნალისტების ნაწილი წერდა, რეფერენდუმის დაბლოკვა შეცდომა იქნებაო, სხვები კი ჩიოდნენ, რომ ცენტრალური მთავრობა უძლურია სეპარატისტების პირისპირ. პორტუგალიაში გამომავალი ლიბერალურ-კონსერვატიული ორიენტაციის „დიარიო დე ნოტიციასი“ 28 სექტემბრის ნომერში წერდა: „დამოუკიდებელი კატალონიის იდეა საუკუნეების წინ გაჩნდა, მაგრამ დროდადრო ვიღაც გამოჩნდება ხოლმე და ამ სურვილს ახლებურ ენერგიას და ძალას აძლევს. რეგიონალური მთავრობის ხელმძღვანელი არტურ მასი გამოდიოდა რეგიონის ბედის შესახებ რეფერენდუმის გამართვის პირობით. შაბათს მან შესაბამის ბრძანებას მოაწერა ხელი. ... ბუნებრივია, ამ გადაწყვეტილებას მიესალმებიან ისინი, ვინც მხარს უჭერს ესპანეთისგან გამოყოფას, თუმცა, ამავე დროს, ეს გადაწყვეტილება საფრთხეს უქმნის ევროპას, როგორადაც მას ჩვენ ვიცნობთ. ამდენად, ძალიან მნიშვნელოვანია გავიგოთ რა დგას დამოუკიდებლობის მოპოვების სურვილის უკან. ამავე დროს, აუცილებელია ავტონომიური რეგიონების კულტურული იდენტობისადმი პატივისცემის ჩვენებით თავიდან ავიცილოთ ევროპის დანაწევრება და დასუსტება. ბრიტანეთს ეს გააზრებული აქვს, მაგრამ ესპანეთი რამდენად გაიაზრებს?“

მიმდინარე კვირაში პრესა ბევრს წერდა ექსტრემისტული ჯგუფის, „ისლამური სახელმწიფოს“ წინააღმდეგ საერთაშორისო კოალიციის მიერ განხორციელებულ საჰაერო ოპერაციებზე ერაყსა და სირიაში. აშშ-ის საჰაერო ძალის იერიშების შემდეგ, სამშაბათს, ერაყში თავდასხმები განახორციელეს ბრიტანეთის საბრძოლო თვითმფრინავებმაც. ჟურნალისტების ნაწილი აცხადებდა, ეს გამართლებული სამხედრო ინტერვენციაა სასტიკი მკვლელების წინააღმდეგო, სხვები კი გამოთქვამდენენ ეჭვს, რამდენად შეუძლია აშშ-ის ხელმძღვანელობით მოქმედ ალიანსს ამ ომის მოგება. გერმანიაში გამომავალი ლიბერალური ორიენტაციის „ცაიტი“ 1 ოქტომბრის ნომერში წერდა: „პირველ რიგში, ეს ომი სამართლიანია. „ისლამური სახელმწიფო“ წარმოადგენს სასტიკი მკვლელების ურდოს, რომელიც თითქმის უპრეცედენტოა. ისინი ძირითადად სამოქალაქო პირებს ხოცავენ და არაბული სახელმწიფოების დამხობა სურთ. ... ამასთან, დასავლეთი, სამხედრო თვალსაზრისით, უპირატესობას ფლობს“, - წერს „ცაიტი“ და განაგრძობს: „ასიათასობით ლტოლვილი თავისთავად ქმნის პასუხისმგებლობის განცდით შემუშავებული პოლიტიკის გატარების აუცილებლობას. დასავლეთისა და მთელი მსოფლიოს ინტერესებში შედის ამ ულმობელი და მოძალადე ბოროტმოქმედების დამარცხება, ხოლო მათი შეჩერება მხოლოდ კონტრძალადობითაა შესაძლებელი“.

ამ კვირაში დასავლეთის პრესა ასევე აქტიურად ეხმაურებოდა ჰონგ-კონგში მიმდინარე მასობრივ საპროტესტო გამოსვლებს. დემონსტრანტები აპროტესტებდნენ პეკინის გადაწყვეტილებას, რომელიც ამ ადმინისტრაციულ რეგიონში ზღუდავს ლიდერის თავისუფლად არჩევას. იტალიაში გამომავალი ლიბერალური ორიენტაციის ბიზნესგამოცემა „ილ სოლე ვენტიკვატრო ორე“ 30 სექტემბრის ნომერში წერდა: „ჰონგ-კონგი არ არის სინიანი ან ტიბეტი. საქმე არ ეხება სადღაც შორს, მთებში მდებარე ანკლავს. ეს ვაჭრობის ცენტრია, რომელსაც მთელი მსოფლიო ადევნებს თვალს. ... პირდაპირი და ძალისმიერი ინტერვენციის შესაძლებლობა აქ შეზღუდულია, განსაკუთრებით ახლა, როცა პეკინის მთავრობას დიდი [ფინანსური] გეგმები აქვს ჰონგ-კონგთან მიმართებით და ამ გეგმას საფრთხეს ვერ შეუქმნის რამდენიმე ათასი სტუდენტისა თუ მეოცნების პროტესტის გამო“, - წერს გამოცემა და განაგრძობს: „იმ ვითარებაში, როცა მისი ეკონომიკა მეტად აღარ იზრდება, ჩინეთისთვის მნიშვნელოვანი იქნებოდა უფრო ნაკლებად დრაკონული ზომები გაეტარებინა, ვიდრე შეზღუდული საარჩევნო რეფორმაა, კანდიდატების თავისუფლად დასახლების გარეშე“.

  • 16x9 Image

    სალომე ასათიანი

    რადიო თავისუფლების ჟურნალისტი 2004 წლიდან. მუშაობს კულტურისა და პოლიტიკის თემებზე. არის ავტორი პოდკასტისა "ასათიანის კუთხე“, რომელიც ეხება ლიტერატურას, კინოს, მუსიკას, კულტურის ისტორიას, ფსიქოანალიზს, ფემინიზმის საკითხებს და იდეების ისტორიას.

XS
SM
MD
LG