სულ მალე ადგილობრივ თვითმმართველობათა არჩევნების მეორე ტურიც ჩატარდება და ადგილობრივი ხელისუფლება უკვე სრულად დაკომპლექტდება. სწორედ ამის შემდეგ გახდება კვლავ ძალიან აქტუალური ქვეყნის რეალური ფისკალური დეცენტრალიზაციის მიღწევა, რაც ადგილობრივი თვითმმართველობის ახალი კოდექსის ერთ-ერთი მიზანია.
წინასწარი ინფორმაციით, იგეგმება ცვლილებები გათანაბრებითი ტრანსფერების მეთოდოლოგიაში, რათა თვითმმართველ ერთეულებს ეკონომიკური განვითარებისთვის მეტი ფინანსური შესაძლებლობა შეექმნათ.
არსებობს აზრი, რომ, დღეის მდგომარეობით, არსებული შემოსავლების განაწილების მოდელი ოპტიმალური არ არის. შეგახსენებთ, რომ დღეს თვითმმართველობის შემოსავლის წყაროა ცენტრალური ბიუჯეტიდან განხორციელებული ტრანსფერები, ასევე ადგილობრივი ქონების გადასახადი და მოსაკრებლები. ანუ, დღეის მდგომარეობით, ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულების ფისკალური დამოუკიდებლობის ხარისხი დაბალია და ისინი უმეტესად დამოკიდებულები არიან სახელმწიფო ბიუჯეტიდან განხორციელებულ გათანაბრებით, მიზნობრივ თუ სპეციალურ ტრანსფერებზე.
2014 წლის მაგალითზე მიმოვიხილოთ 12 თვითმმართველი ქალაქის ფისკალური დამოუკიდებლობის ხარისხი, კერძოდ, შევაფასოთ ადგილზე მობილიზებული გადასახადებისა და ცენტრალური ბიუჯეტიდან ჩარიცხული თანხის თანაფარდობა.
ანალიზი აჩვენებს, რომ ფისკალურად ყველაზე დამოუკიდებელია მცხეთა, სადაც შემოსავლების 71 პროცენტი ადგილზეა მიღებული - საწარმოთა ქონებაზე დაკისრებული გადასახადის, ჯარიმების, სანქციებისა და საურავების მობილიზების გზით.
ყველაზე ნაკლებად თვითკმარია ამბროლაური, რომელიც მთლიანად ბიუჯეტიდან გადარიცხულ ტრანსფერზეა დამოკიდებული. ადგილობრივ, ფაქტობრივად, არ ხდება შემოსავლების გენერირება, თუ არ ჩავთვლით მწირ მოსაკრებლებს ბუნებრივი რესურსებით სარგებლობისთვის.
ბათუმის შემოსავლების 70 პროცენტი ავტონომიური რესპუბლიკისა და ცენტრალური ბიუჯეტიდან მიღებული ტრანსფერებია. ადგილობრივი გადასახადების 38 პროცენტი საწარმოთა ქონების დაბეგვრიდან მიღებული შემოსავლებია, ხოლო 30 პროცენტი ადმინისტრაციული მოსაკრებლებიდან და გადასახდელებიდან, კერძოდ, სათამაშო ბიზნესიდან მოდის.
ოზურგეთის შემთხვევაში მთლიანი შემოსავლების მხოლოდ 18 პროცენტია ადგილობრივ აკრეფილი გადასახადები, რომელთა უმეტესობაც არასასოფლო-სამეურნეო მიწაზე და საწარმოებზე დარიცხული ქონების გადასახადია.
ქუთაისში ადგილობრივი შემოსავლები მთლიანი შემოსავლების 22 პროცენტია, ადგილზე გენერირებული შემოსავლების ერთი მესამედი ადმინისტრაციული მოსაკრებლები და გადასახდელებია, კერძოდ, სათამაშო ბიზნესი და დასუფთავების მოსაკრებლები.
თელავი შედარებით დამოუკიდებელია, ფისკალური თვალსაზრისით. მთლიანი შემოსავლების 29 პროცენტი ადგილზეა გენერირებული. ზუგდიდის ფისკალური დამოუკიდებლობის ხარისხი 17 პროცენტია, ახალციხის - 24 პროცენტი, რუსთავის - 30, თბილისის - 43. დედაქალაქში შემოსავლები ძირითადად მოდის სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლიდან, დასუფთავების გადასახადიდან და სანქციებიდან.
იმის გათვალისწინებით, რომ თვითმმართველი ერთეულის შემოსავლის ზრდასთან ერთად გათანაბრებითი ტრანსფერის ოდენობა კლებულობს, ეს კლავს ადგილზე ეკონომიკური აქტივობის წახალისების მოტივაციას. ამიტომ აუცილებელია გათანაბრებითი ტრანსფერის განახლებული მეთოდოლოგიის იმგვარად შემუშავება, რომ თვითმმართველობების დონეზე ეკონომიკური აქტივობა წახალისდეს.