Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

თურქეთი ადამიანის უფლებების დაცვის სფეროში რეფორმებს გაატარებს


რეჯეფ თაიფ ერდოანი
რეჯეფ თაიფ ერდოანი
თურქეთის პრემიერ-მინისტრმა რეჯეფ თაიფ ერდოანმა ადამიანის უფლებების დაცვის სფეროში ადრე დაპირებული რეფორმები გამოაცხადა. მან ანკარაში პრესკონფრენეციაზე თქვა, რომ ეს „ისტორიული მომენტია, მნიშვნელოვანი ნაბიჯი“.

ანკარაში გამართულ პრესკონფერენციაზე თურქეთის პრემიერმა გამოაცხადა, რომ შეთავაზებული რეფორმები არასახელმწიფო სკოლებში, თურქულის გარდა, სხვა ენებზე სწავლებასაც გულისხმობს:

„შარშან მოვამზადეთ ცვლილება, რომელმაც გზა გაუკვალა სკოლებში, თურქულის გარდა, სხვა ენებზე სწავლების შესაძლებლობას. ახლა არასახელმწიფო სკოლებში, თურქულის გარდა, სხვა ენებზე სწავლება შესაძლებელი გახდება“.

ერდოანმა ენის სფეროში სხვა ცვლილებაზეც ილაპარაკა, კერძოდ, იმაზე, რომ ქალაქებს უფლება მიეცემათ იწოდებოდნენ არა მხოლოდ თურქულად, არამედ ქურთულადაც. ასევე დაიშვება ქურთული ენისთვის მახასიათებელი სამი ასოს ხმარება, რაც დღემდე აკრძალული იყო. ერდოანის მიერ გამოცხადებული რეფორმები შეეხო პარლამენტს და პარტიებს, კერძოდ, ათპროცენტიან ზღუდეს. თურქეთმა, ამ რეფორმების ძალით, შეიძლება შეამციროს ან საერთოდ გააუქმოს პარლამენტში მოხვედრისთვის საჭირო ათპროცენტიანი ბარიერი პარტიებისთვის, იტყობინება ერდოანი და სხვა ცვლილებებს შორის ასახელებს შემდეგს: აღარ აიკრძალება სახელმწიფო უწყებებეში ისლამური თავსაფრით ქალების შესვლა. ახალი წესები არ შეეხება სამართლებრივ და სამხედრო უწყებებს:

„სახელმწიფო უწყებებში თანამშრომელთა ჩაცმულობის ნორმებს ვცვლით და ვაუქმებთ ქალის თავსაბურავის აკრძალვას. ახალი ნორმა ეხება იმ აკრძალვებს ქალებისა და მამაკაცების მიმართ, რომლებიც რელიგიისა და აღმსარებლობის თავისუფლების დარღვევასა და დისკრიმინაციას წარმოადგენს“.

რეფორმათა ამ რიგში ერდოანმა ასევე გამოაცხადა,რომ თურქეთი სახელმწიფოს მიერ ჩამორთმეულ ქონებას უბრუნებს სირიელ ქრისტიანებს:

მორ გაბრიელის მონასტრის ქონება დაუბრუნდება სამონასტრო ფონდს. სირიელ ქრისტიანებს უფლებები აღუდგებათ“.

რეჯეფ თაიფ ერდოანის მიერ გამოცხადებულ რეფორმებს მოჰყვა რეაქცია. პროქურთული მშვიდობისა და დემოკრატიის პარტიის თანათავმჯდომარე გიულთან ქისანა თვლის, რომ შეთავაზებული რეფორმები არაა საკმარისი, რომ ისინი სამშვიდობო პროცესის წინსვლას ვერ შეუწყობს სათანადოდ ხელს.
ბრიუსელში, ევროკავშირში, სადაც მოხვედრა თურქეთს უკვე დიდი ხანია სურს, გაფართოების კომისარმა შტეფან ფიულემ განაცხადა, რომ ერდოანის მიერ წარმოდგენილი რეფორმების პაკეტი „ბევრ მნიშვნელოვან სფეროში წინსვლის პერსპექტივას იძლევა“.

ევროპის საბჭოს წარმომადგენელმა პეტერ სტანომ განაცხადა, რომ საბჭო ყურადღებით მიადევნებს თვალყურს, როგორ განხორციელდება რეფორმები პრაქტიკაში. პრემიერის მიერ შეთავაზებული ეს რეფორმები პარლამენტმა საზაფხულო არდადეგებიდან დაბრუნების შემდეგ პირველ სხდომაზე, სამშაბათს, უნდა დაამტკიცოს.
  • 16x9 Image

    ოქროპირ რუხაძე

    ვიდეოპროექტის და პოდკასტის „შინ - უცხოეთში“ ავტორი. მუშაობს საერთაშორისო პოლიტიკის, კულტურის თემებზე. რადიო თავისუფლების პრაღის ბიუროს ჟურნალისტი 1996 წლიდან.

XS
SM
MD
LG