Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ცვლილებები 2016 წლის ბიუჯეტში


წლის ბოლო თვეში ხელისუფლებას 2016 წლის ბიუჯეტში ცვლილებები შეაქვს. ცვლილებები ადასტურებს მთავრობის მიმართ ოპოზიციის მიერ წაყენებულ ბრალდებებს, რომ ხელისუფლებამ ვერ შეძლო პროექტების ნაწილის განხორციელება, ვერ აითვისა ფული და, შესაბამისად, ზოგიერთი ხარჯის შეკვეცა მოუხდა, მეორე მხრივ კი, საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამამ ბიუჯეტის უზარმაზარი რესურსი მოითხოვა.

სწორედ აქედან გამომდინარე, საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამას 2016 წლის ბიუჯეტის ფარგლებში 40 მილიონი ლარი დაემატება. როგორც ფინანსთა სამინისტრო განმარტავს, საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამისათვის 2016 წლის სახელმწიფო ბიუჯეტიდან 570.0 მლნ ლარი განისაზღვრა. მიმდინარე წელს მას მთავრობის სარეზერვო ფონდიდან დამატებით 35.0 მლნ ლარი გამოეყო და ბიუჯეტი 605 მლნ ლარს შეადგენს. 2016 წლის 11 თვის საკასო შესრულების მიხედვით, პროგრამის ფარგლებში ათვისებულია 600.0 მლნ ლარამდე. ეს 40-მილიონიანი დანაკლისი სხვა უწყებების ხარჯზე ანაზღაურდება. ცვლილებები შემდეგნაირად გამოყურება:

ცვლილებები 2016 წლის ბიუჯეტში
please wait

No media source currently available

0:00 0:03:59 0:00
გადმოწერა

საქართველოს პარლამენტი - ასიგნებები მცირდება 2.0 მლნ ლარით;
მთავრობის ადმინისტრაცია - ასიგნებები მცირდება 2.0 მლნ ლარით;
საქართველოს ფინანსთა სამინისტრო - ასიგნებები მცირდება 3.5 მლნ ლარით;
სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტრო - ასიგნებები მცირდება 9.0 მლნ ლარით;
საქართველოს თავდაცვის სამინისტრო - ასიგნებები, ჯამურად, იზრდება 80.4 მლნ ლარით და განისაზღვრება 750.4 მლნ ლარით, რაც ძირითადად გამოწვეულია კრედიტების ნაწილში 82.4 მლნ ლარის (პირდაპირი ჩარიცხვები) ასახვით;
განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო - ასიგნებები იზრდება 23.2 მლნ ლარით, მათ შორის “ათასწლეულის გამოწვევა საქართველოს“ გრანტის ფარგლებში ათვისების ტენდენციიდან გამომდინარე, პროგრამა მცირდება 16.8 მლნ ლარით. ჯამურად, სამინისტროს ასიგნებები განისაზღვრება 952.0 მლნ ლარით;
საქართველოს ენერგეტიკის სამინისტრო - ასიგნებები იზრდება 69.5 მლნ ლარით და განისაზღვრება 204.5 მლნ ლარით, რაც ძირითადად გამოწვეულია საინვესტიციო გრანტებითა და კრედიტებით განსახორციელებელი პროექტების ათვისების
ტენდენციით;
რეგიონალური განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო - ბიუჯეტის მთლიანი ასიგნება უცვლელი რჩება და კვლავაც განისაზღვრება 950.0 მლნ ლარით - ამასთან, საინვესტიციო გრანტებისა და კრედიტების წყაროებით დაფინანსებული პროექტების ფარგლებში ზუსტდება გეგმები, პროექტების ათვისების ტენდენციის გათვალისწინებით;
სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ დონორი ორგანიზაციების გრანტებისა და კრედიტების ფარგლებში დაგეგმილი ღონისძიებების ათვისების ტენდენციიდან გამომდინარე, სამინისტროს ასიგნებები მცირდება 10.3 მლ ლარით (მათ შორის, გრანტი -1.5 მლნ ლარით, ხოლო კრედიტი - 8.8 მლნ ლარით) და განისაზღვრება 311.1 მლნ ლარით;
საერთო-სახელმწიფოებრივ გადასახდელებში აისახება EBRD-ის დაფინანსების ფარგლებში თბილისის ავტობუსების შესყიდვაზე მიმართული სახსრები (გრანტი -2.0 მლნ ლარი და კრედიტი -14.8 მლნ ლარი), ასევე ზუსტდება ბათუმში კომუნალური ინფრასტრუქტურის დაწესებულებათა რეაბილიტაციის პროექტის დაფინანსება. ჯამურად, საერთო-სახელმწიფოებრივი გადასახდელების დონორების ნაწილი იზრდება 13.2 მლნ ლარით, ხოლო ბიუჯეტი განისაზღვრება 1 971.0 მლნ ლარით;
ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახური - ასიგნებები მცირდება 0.6 მლნ ლარით.

შესაბამისად, სოციალური ხარჯები კვლავ ინფრასტრუქტურული ხარჯების შემცირების გზით იქნება გასტუმრებული, რაც, არა გვგონია, ლარის კურსს დიდად წაადგეს.

XS
SM
MD
LG