ავტორი: ირინა გურული
გუშინ საკმაოდ დიდი აჟიოტაჟი გამოიწვია ინფორმაციამ, რომ სტიქიის დროს დაზიანებული საკანალიზაციო მილიდან წყალი პირდაპირ მდინარე ვერეში ჩაედინება. თუმცა, რეალურად, შეშფოთების საფუძველი საზოგადოებას უკვე კარგა ხანია აქვს არამხოლოდ ამ ფაქტის გამო. კერძოდ:
ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის (OECD) 2004 წლის მონაცემების თანახმად, 2003 წლისთვის წყალარინის, ანუ კანალიზაციის წყლის, გამწმენდი საშუალებები მხოლოდ ქალაქებში თბილისსა და ხაშურში იყო, 2014 წლისთვის კი ბიოლოგიური გაწმენდის საწარმოები ქალაქებში ბათუმსა და საჩხერეშიც ამოქმედდა. დიდი ქალაქების ფარგლებს გარეთ მდგომარეობა კიდევ უფრო მძიმეა. სოფლად წყალარინების სისტემა არაა ხელმისაწვდომი. ეს მდგომარეობა, მეტ-ნაკლები სხვაობით, საქართველოს ყველა რეგიონში აღინიშნება. შესაბამისად, მრავალრიცხოვანი საკანალიზაციო ქსელი აგროვებს ჩამდინარ წყლებს და მათ კონცენტრირებას ახდენს, მაგრამ გაუწმენდავად უშვებს, რითაც აბინძურებს წყლის ობიექტებს.
ეკონომიკის სამინისტროს მიერ 2010 წელს ჩატარებულ სახლთმფლობელობათა შერჩევით აღწერაზე დაყრდნობითგამოქვეყნებულ კვლევაში კი აღნიშნულია, რომ ქალაქების მხოლოდ 78 და სოფლის მხოლოდ 4 პროცენტია მიერთებული საკანალიზაციო ქსელთან. მხოლოდ თბილისია თითქმის მთლიანად მიერთებული საკანალიზაციო სისტემას და აჭარის ნახევარზე მეტი. დანარჩენ რეგიონებში მიერთებულია 30 %–ზე ნაკლები, გურიასა და კახეთში 10 %; საკანალიზაციო შეკრებების 60 % აქ ორმოებია, რომლებსაც პერიოდულად ასუფთავებენ, ამოტუმბულ მასას კი პირდაპირ უშვებენ ადგილობრივ მდინარეებში.
მუნიციპალური ჩამდინარე წყლების გამწმენდი ნაგებობებიდან ჩაშვება გარემოზე ზემოქმედების ნებართვით რეგულირდება. გარემოსდაცვითი ორგანიზაციების 2012 წლის დასკვნის შესაბამისად, შეფასების პროცესში კონკრეტული გამწმენდი ობიექტისათვის უნდა დადგინდეს ჩაშვების ის დასაშვები ნორმები, რომლებიც დააკმაყოფილებს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ მავნე ნივთიერებების ჩაშვების ზღვრულად დასაშვებ ნორმებს და ზედაპირული წყლების ხარისხობრივ ნორმებს.
წყალარინების სისტემას ქვეყანაში პრაქტიკულად თავიდან შექმნა სჭირდება. გარდა ამისა, ჩამდინარე წყლების მნიშვნელოვანი ნაწილი საერთოდ არ უერთდება შემკრებ სისტემას და პირდაპირ ჩაედინება მდინარე მტკვარში.
დღეისთვის საქართველოს მასშტაბით წყალარინების სისტემის მართვის სისტემა შემდეგნაირად გამოიყურება: წყლის მართვის სფეროში მთავარი ორგანო გარემოს დაცვის სამინისტროა. სამინისტროს პრეროგატივაა წყლის დაცვა და მართვა, ასევე წყლის მონიტორინგი და, თავისი კომპეტენციის ფარგლებში, გარემოს დაცვის სახელმწიფო კონტროლის განხორციელება. ჯანმრთელობისა და სოციალური უზრუნველყოფის სამინისტრო ადგენს გარემოს ხარისხობრივ ნორმებს, მათ შორის, სასმელი, ზედაპირული, მიწისქვეშა და სანაპირო წყლებისათვის. სასმელი წყლის ხარისხის კონტროლი სოფლის მეურნეობის სამინისტროს პასუხისმგებლობაა. რეგიონალური განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო ახორციელებს რეგიონალური განვითარების პოლიტიკას. წყალკანალიზაციის სისტემებზე პასუხისმგებლობა საქართველოს ძირითად რეგიონებში რეგიონალური განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს დაქვემდებარებაში არსებულ “საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიას” აქვს,გარდა თბილისის, მცხეთისა და რუსთავისა, ასევე - აჭარისა; თბილისში, რუსთავსა და მცხეთაში მსგავს სერვისებს ახორციელებს კერძო კომპანია შპს “ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი”.საქართველოს ავტონომიური რესპუბლიკების ხელისუფლებისა და ადგილობრივ თვითმმართველობათა ორგანოები პასუხისმგებლები არიან მათ ტერიტორიაზე არსებული წყლის დაცვისა და გამოყენების კონტროლსა და რეგულირებაზე.
შესაბამისად, პასუხისმგებელი ბევრია, პრობლემები კი როდის მოგვარდება, არავინ იცის. 2013 წლის მაისში შემუშავდა ჩამდინარე წყლების მდგრადი განკარგვის პროექტი, რომელიც 6 მსხვილი ქალაქის საკანალიზაციო სისტემის მოწესრიგებას ითვალისწინებდა. დღეს წყალარინების სამუშაოების ძირითადი ნაწილი სწორედ ამ პროექტის მიხედვით მიმდინარეობს. ამ მიმართულებით დღეისათვის მოქმედებს საერთაშორისო პროექტები საქართველოს ბიუჯეტის თანადაფინანსებით.