ზუგდიდის ცენტრალურ ბიბლიოთეკაში სამი ნობელიანტი მწერლის რომანების ქართული თარგმანის პრეზენტაცია გაიმართა. წიგნები - გაბრიელ გარსია მარკესის „იცხოვრო, რომ მოჰყვე“, ჯონ სტეინბეკის „თაგვებსა და ადამიანებზე“ და მარიო ვარგას ლიოსას „ცუდი გოგოს ოინები“ - გამომცემლობა „არტანუჯის“ მთავარმა რედაქტორმა ზვიად კვარაცხელიამ წარადგინა. პრეზენტაციაში მონაწილეობა მიიღეს მთარგმნელებმა ლანა კალანდიამ და გვანცა ჯობავამ. მათ აუდიტორიას წიგნზე მუშაობის პროცესი აღუწერეს და ამ პროცესში მიღებული შთაბეჭდილება და განწყობა გაუზიარეს.
„ჩვენ წარმოგიდგინეთ ის ნობელიანტები, რომლებიც საქვეყნოდ ცნობილები არიან იმით, რომ ნობელის პრემია მიენიჭათ,და, უნდათ თუ არ უნდათ მათ მოწინააღმდეგეებს თუ ნობელის პრემიის კრიტიკოსებს, ისინი უკვე ისტორიის ნაწილი არიან. ამასთან, ისინი, როგორც მწერლებიც, არიან გამორჩეულები“, - აღნიშნა წიგნების წარდგენისას გამომცემლობის რედაქტორმა ზვიად კვარაცხელიამ.
ცნობილი კოლუმბიელი მწერლის გაბრიელ გარსია მარკესის „იცხოვრო, რომ მოჰყვე“ ქართულ ენაზე ლანა კალანდიამ თარგმნა. წიგნი ავტობიოგრაფიულია და მწერალი მკითხველს აცნობს არა მხოლოდ საკუთარ თავს, არამედ თავის ირგვლივ არსებულ სამყაროს, ადამიანებს, მათთან დაკავშირებულ მოვლენებს, ეპოქას, რომელშიც ცხოვრება მოუხდა. ლანა კალანდიას სიტყვებით, დიდი საჩუქარია, როცა ასეთი მწერალი მკითხველს თავის ავტობიოგრაფიას სთავაზობს, რადგან თავად ჰყვება ყველაფერს და არ უტოვებს შემდეგ თაობას ინტერპრეტაციის საშუალებას:
„ეს ის რომანია, რომელიც გამომცემლობამ შემომთავაზა, თარგმნეო და როცა წავიკითხე ის ესპანურ ენაზე, ვთქვი, რომ ამას მე ვერ ვთარგმნი-მეთქი. აქ იმდენი ძალადობა და ეროტიკაა, ვერ ვთარგმნი-მეთქი. მაგრამ ეს იყო პირველი შთაბეჭდილება. მერე მივხვდი, გავიაზრე, რომ ეს ყველაფერი იყო ზედაპირზე და ეს წიგნი იყო ძალიან მნიშვნელოვანი“.
ამერიკელი მწერალი ჯონ სტეინბეკი 1962 წლის ნობელის პრემიის ლაურეატია ლიტერატურის დარგში. ნოველა „თაგვებსა და ადამიანებზე“ ერთ-ერთი გამორჩეულია მის შემოქმედებაში. ქართულად ის გვანცა ჯობავამ თარგმნა. მისი სიტყვებით, დასანანია, რომ ეს წიგნი ქართულად მანამდე არ იყო გამოცემული:
„სათაურის მიმართ არის არაერთგვაროვანი დამოკიდებულება. ავტორს ის აღებული აქვს რობერტ ბენსის ლექსიდან. ეს ლექსი არის თაგვებზე და ადამიანებზე. „თაგვს, რომელსაც სორო დაუნგრია ჩემმა სახლისმა“ - ასეთი ლექსია. ზოგადად საუბარია იმაზე, რომ შეიძლება ჩარხი უკუღმა დატრიალდეს ... კაცი ბჭობდა და ღმერთი იცინოდაო - დაახლოებით, ასეთი შინაარსია და ძალიან რთულია იმის დადგენა, თუ როგორი ფორმით უნდა იყოს სათაური“.
მარიო ვარგას ლიოსას „ცუდი გოგოს ოინებში“ ადამიანების ცხოვრება მიმდინარე სოციალურ-პოლიტიკური პროცესების ფონზეა წარმოდგენილი. წიგნი ქართულად ლანა კალანდიამ თარგმნა:
„რეალურად ეს არის ქალის და კაცის ორმოცწლიანი ურთიერთობის შესახებ. ეს პერსონაჟები ერთმანეთს ყოველთვის ხვდებიან სხვა ქალაქში და სხვა ეპოქაში და იმ ქალაქში ყოველთვის არის რაღაც მნიშვნელოვანი სოციალური ან პოლიტიკური მოვლენა“.
ზუგდიდში აღნიშნული წიგნების პრეზენტაციაზე, რომელსაც ლიტერატურის მოყვარულები დაესწრნენ,სამივე ნობელიანტი მწერლის წიგნების ყიდვაც იყო შესაძლებელი.