გასული წლის სექტემბერში დაფუძნებული დღესასწაული „ზუგდიდობა“ წელს არ გაიმართება. ქალაქის მერიამ ეს გადაწყვეტილება მწირი ფინანსური რესურსებით ახსნა. ინფორმაციის გავრცელებას სოციალურ ქსელში მოქალაქეთა უკმაყოფილება მოჰყვა. პარალელურად, საკითხი მწვავე მსჯელობის საგანი გახდა ქალაქის საკრებულოს სხდომაზეც.
საბოლოოდ, უმრავლესობის გადაწყვეტილებით, „ზუგდიდობისთვის“ გასულ წელს ადგილობრივი ბიუჯეტიდან გამოყოფილი 70 ათასი ლარი სხვადასხვა მუხლებზე გადანაწილდა. საკითხს მხარი არ დაუჭირეს ეკონომიკისა და ურბანული განვითარების საკითხთა კომისიის თავმჯდომარე თენგიზ ქოჩუამ, საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის თავმჯდომარე თენგიზ ხარჩილავამ და პარტია „ევროპული საქართველოს“ წარმომადგენელმა ბათლომე შელიამ.
თენგიზ ქოჩუას განცხადებით, შარშან დაფუძნებული დღესასწაული, რომელსაც მაშინ ოპოზიციური პარტიებიც კი მიესალმნენ, წელსაც აუცილებლად უნდა გამართულიყო. მით უფრო, როგორც ეკონომიკისა და ურბანული განვითარების საკითხთა კომისიის თავმჯდომარე განმარტავს, ქალაქის ბიუჯეტში საამისოდ თანხა გათვლილი იყო, რაც სრულიად საკმარისი იქნებოდა დღესასწაულის ხარჯებისათვის:
„ბიუჯეტში თანხა ამისთვის რომ არ ყოფილიყო გათვალისწინებული, კიდევ სხვა საკითხია, მაგრამ, რეალურად, იყო გათვლილი და ის გადავიდა სხვა მუხლებში“, – განაცხადა თენგიზ ქოჩუამ.
შესაბამისად, მისთვის გაუგებარია უმრავლესობის არგუმენტი, რომ დღესასწაული საჭირო თანხების არქონის მიზეზით გაუქმდა. ეს არგუმენტი ასევე მიუღებელია საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის თავმჯდომარე თენგიზ ხარჩილავასთვისაც. მისი აზრით, რადგან ამ დღესასწაულის აღნიშვნას საფუძველი ჩაეყარა, წყვეტა არ უნდა ჰქონოდა
„თუნდაც ის ფაქტი, რომ შარშან „ზუგდიდობის“ დღესასწაულზე საპატიო ზუგდიდელობა მიენიჭა რამდენიმე პირს და რაღაც ღონისძიებები ჩატარდა, თუნდაც ეს რომ გაკეთებულიყო და ამისთვის გამიზნული 70 ათასი ლარი გამოყენებულიყო ამ მიმართულებით, არაფერი დაშავდებოდა“, – აღნიშნა თენგიზ ხარჩილავამ.
მიუხედავად იმისა, რომ მსგავს დღესასწაულებს „კომუნისტურ გადმონაშთს“ უწოდებს „ევროპული საქართველოს“ წარმომადგენელი ბათლომე შელია, მხარი არ დაუჭირა „ზუგდიდობისთვის“ გათვლილი თანხების სხვა მუხლებში გადანაწილებას და არც მის გაუქმებას იწონებს. ამბობს, რომ ეს დღესასწაული უნდა ჩატარებულიყო. ბათლომე შელიას სიტყვებითვე, გასულ წელს „ზუგდიდობის“ დაფუძნება, წლევანდელთან შედარებით, გაცილებით მასშტაბური არჩევნების წინა აქტივობა იყო.
„რადგან გადაწყვეტილება მიიღო ქალაქმა და განაცხადეს, რომ ყოველ წელიწადს აღინიშნებოდა ზუგდიდქალაქობა, უნდა აღნიშნულიყო. რა ჭკუას უნდა ემსახურებოდე, რომ ერთჯერადი მოხმარების პროდუქტივით გამოიყენო ეს თემა და შემდეგ მეორე წელს მოისროლო“, – განაცხადა ბათლომე შელიამ.
უმრავლესობაში განმარტავენ, რომ დღესასწაული არ გაუქმებულა და ის გაისად გაცილებით მასშტაბური იქნება. საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილის, თაზო ფაცაციას განცხადებით, გამოყოფილი თანხა, რეალურად, საკმარისი არ იყო გასული წლის მსგავსი დღესასწაულის მოსაწყობად:
„ოპონენტები მანამდე ამბობდნენ, რომ წინასაარჩევნოდ იყენებენ ამ ღონისძიებასო და მაგიტომ აკეთებენო და ახლა საერთოდ არ ვაკეთებთ ამ ღონისძიებას. გავაკეთებთ მომავალი წლისთვის და არც არავისთვის არ იქნება საქილიკო თემა, არც არჩევნები იქნება მაშინ. იქნება ნამდვილად ზუგდიდისთვის შესაფერისი დღესასწაული და ქალაქისთვის შესაფერისი დღეები“, – განაცხადა თაზო ფაცაციამ.
2016 წლის 10 სექტემბერს „ზუგდიდობის“ დღესასწაული პირველად ჩატარდა. მისი გამართვის გადაწყვეტილება ადგილობრივმა ხელისუფლებამ მიიღო. მაშინ დღესასწაულის მოსაწყობად ზუგდიდის მერიამ 50 ათასამდე ლარი დახარჯა.