წალენჯიხის სოფელ მუჟავში, ადმინისტრაციული საზღვრის საგუშაგოსთან, რიგითი ჯარისკაცის, ბექა რუსიას, გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობაში ბრალდებული დავით ჯალაღანია სასამართლომ დამნაშავედ ცნო.
არაფერი არ იყო ეს სამი წელი ამ ბავშვისთვის. მე ვერ წარმომიდგენია, როგორ შეიძლება მიუსაჯო სამი წელი მკვლელობისთვის...იზა რუსია
ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ მას სასჯელის ზომად 3 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა. მოსამართლე შოთა ბიჭიამ სხდომაზე განაცხადა, რომ ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები და მოწმეთა ჩვენებები ადასტურებს, რომ შსს-ს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის წვევამდელმა დავით ჯალაღანიამ 26 ოქტომბერს დანაშაული გაუფრთხილებლობით ჩაიდინა.
სასამართლოს გადაწყვეტილებით უკმაყოფილოა გარდაცვლილი ჯარისკაცის ოჯახი. ისინი ბრალდებულის ნათესავებს სასამართლო პროცესის დასრულების შემდეგ ფიზიკურად დაუპირისპირდნენ. ბექა რუსიას დედის, იზა რუსიას, განცხადებით, სასამართლოს გადაწყვეტილებას გაასაჩივრებენ, რადგან ეს არ იყო ცეცხლსასროლი იარაღიდან უნებლიეთ გასროლის შემთხვევა, არამედ ადგილი ჰქონდა მიზანმიმართულ მკვლელობას.
„არაფერი არ იყო ეს სამი წელი ამ ბავშვისთვის. მე ვერ წარმომიდგენია, როგორ შეიძლება მიუსაჯო სამი წელი მკვლელობისთვის. რა თქმა უნდა, გავასაჩივრებ, ამას შეკითხვა უნდა?! ალექსანდრე კვიჟინაძეა ყველაზე პირველად დასაჭერი და დასაკავებელი“, - ამბობს იზა რუსია.
გარდაცვლილის ოჯახმა მანამდეც არაერთხელ გააკეთა განცხადება, რომ ბექა რუსია უფრო მძიმე დანაშაულის დაფარვის გამო მოკლეს საგუშაგოზე. ამასთან, დაზარალებულები ითხოვენ საგუშაგოს უფროსის, ალექსანდრე კვიჟინაძის, დაკავებას, რადგან სწორედ მისი იარაღიდან მოხდა გასროლა.
რაც შეეხება გამოძიებას, რომელიც მიმდინარეობს სამეგრელო-ზემო სვანეთის საოლქო პროკურატურაში 333-ე მუხლის მესამე ნაწილით, მოცემულ საქმეზე ჩატარდა და ტარდება მთელი რიგი საგამოძიებო მოქმედებები...დავით პაპავა
თავის მხრივ, ბრალდების მხარე ირწმუნება, რომ წვევამდელმა დავით ჯალაღანიამ ალექსანდრე კვიჟინაძის კუთვნილი პისტოლეტი საცავიდან უნებართვოდ აიღო.
პარალელურად, პროკურორ დავით პაპავას განცხადებით, გრძელდება ძიება საგუშაგოს ხელმძღვანელი პირების ირგვლივ. საქმე ეხება ოჯახის მიერ გავრცელებულ ვიდეოკადრებს, სადაც ასახულია სამინისტროს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომლების მხრიდან სავარაუდო სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების ფაქტი. მასალაში ჩანს სამხედრო პირი, რომელიც ჯარისკაცს, სავარაუდოდ, ფიზიკურ შეურაცხყოფას აყენებს.
„რაც შეეხება გამოძიებას, რომელიც მიმდინარეობს სამეგრელო-ზემო სვანეთის საოლქო პროკურატურაში 333-ე მუხლის მესამე ნაწილით, მოცემულ საქმეზე ჩატარდა და ტარდება მთელი რიგი საგამოძიებო მოქმედებები. შესაბამისად, აღნიშნულ საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილება მიღებული არ არის“, - განაცხადა სასამართლოს ხდომის დასრულების შემდეგ პროკურორმა დავით პაპავამ.
რაც შეეხება ბრალდებულის ოჯახს, სასამართლოს გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით მათ დღეს ჟურნალისტებთან საკუთარი პოზიციის დაფიქსირება არ ისურვეს. დღეს საბოლოო სიტყვის უფლებით არ ისარგებლა არც დავით ჯალაღანიამ, რომელმაც გასულ სხდომებზე აღნიშნა, რომ თავს დამნაშავედ მიიჩნევს. მისი ადვოკატის სიტყვებით, გარდაცვლილი ბრალდებულის მეგობარი იყო და მომხდარის გამო სინანულთან ერთად მძიმე სულიერ ტკივილსაც განიცდის.
წალენჯიხის მუნიციპალიტეტში, მუჟავა-ლეკუხონას ადმინისტრაციული საზღვრის სიახლოვეს, თბილისის მიერ კონტროლირებად საგუშაგოსთან რიგითი ჯარისკაცი გასროლის შედეგად 26 ოქტომბერს გარდაიცვალა.