Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ევროსაბჭოს გენერალური მდივანი საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ


საქართველოს საგარეო საქმეთა მინაისტრის პირველი მოადგილე, დავით ზალკალიანი (მარცხნივ) და ევროპის საბჭოს გენერალური მდივანი ტიორბიორნ იაგლანდი სტრასბურგში. 2017 წ. 19 აპრილი.
საქართველოს საგარეო საქმეთა მინაისტრის პირველი მოადგილე, დავით ზალკალიანი (მარცხნივ) და ევროპის საბჭოს გენერალური მდივანი ტიორბიორნ იაგლანდი სტრასბურგში. 2017 წ. 19 აპრილი.

რუსეთის დესტრუქციული ქმედებები საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე, მოსკოვის მიერ უკანონო ხელშეკრულებების გაფორმება სოხუმსა და ცხინვალთან, ბარიერების აღმართვა ე.წ. ადმინისტრაციულ საზღვარზე და ადამიანის ფუნდამენტური უფლებების შელახვის ფაქტები - ეს ძირითადი აქცენტები გამოიკვეთა მორიგ კონსოლიდირებულ ანგარიშში („საქართველოში არსებულ კონფლიქტზე“), რომელიც ევროსაბჭოს გენერალურმა მდივანმა ტორბიორნ იაგლანდმა წარადგინა მინისტრთა კომიტეტის სხდომაზე, სტრასბურგში.

დოკუმენტი ასახავს პერიოდს 2016 წლის ოქტომბრიდან 2017 წლის მარტის ჩათვლით. 19 აპრილს, მინისტრთა მოადგილეების დონეზე ჩატარებული სხდომის ფარგლებში, გაიმართა დებატები, რომლის დროსაც რუსეთი უმცირესობაში აღმოჩნდა. რადიო თავისუფლება სტრასბურგში დაუკავშირდა საგარეო საქმეთა მინისტრის პირველ მოადგილეს, დავით ზალკალიანს, რომლის თქმითაც, მინისტრთა კომიტეტის სხდომაზე „უპრეცედენტო მხარდაჭერა“ გამოიხატა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მიმართ.

თავის მე-15 კონსოლიდირებულ ანგარიშში ევროსაბჭოს გენერალური მდივანი საგანგებოდ უსვამს ხაზს, მაგალითად, საოკუპაციო ხაზზე გადაადგილების თავისუფლების ხელყოფას და მეთვალყურეების ინფორმაციაზე დაყრდნობით აღნიშნავს, რომ ყოველთვიურად ცხინვალის რეგიონის მიმართულებით ადამიანთა უკანონოდ დაკავების, სულ მცირე, 10 ფაქტი ვლინდება, ხოლო ეს რიცხვი უფრო მაღალია აფხაზეთის მიმართულებით. ამავე კონტექსტში აღინიშნება ასევე სოხუმის მიერ საკონტროლო გამშვები პუნქტების დახურვა საოკუპაციო ხაზზე, რაც ასევე აძნელებს ადამიანების გადაადგილებას, ხოლო საოკუპაციო ხაზზე ბარიერების აღმართვის გამო ადგილობრივ მოსახლეობას წვდომა აღარ აქვს თავის სასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთებზე.

ანგარიშში ასახულია ასევე გალის რაიონის სკოლებში ქართული ენის აკრძალვისა და ადგილობრივთა მშობლიური ენის რუსული ენით ჩანაცვლების დაუძლეველი პრობლემა. ყურადღება გამახვილებულია დევნილების დაბრუნების დილემად ქცეულ საკითხზეც, რომლის წამოყენებასაც მუდმივად ცდილობს ქართული მხარე ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების ფორმატში.

ტორბიორნ იაგლანდის ანგარიშში არაერთხელ არის ნახსენები რუსეთის ფედერაცია და ცხადი ხდება, რომ ყველა დასახელებული პრობლემის და, მათ შორის, ოკუპირებულ ტერიტორიებზე ისტორიული და კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების განადგურების მიღმა სწორედ რუსეთის დესტრუქციული მიდგომები იგულისხმება. ანგარიშში ყურადღება მახვილდება ასევე რუსეთის მიერ საერთაშორისო სამართლის ნორმების უხეშ დარღვევაზე - ოკუპირებულ ტერიტორიებზე ჩატარებული ე.წ. არჩევნებისა და რეფერენდუმის გარდა, ტორბიორნ იაგლანდის ანგარიშის მე-16 პუნქტში ნახსენებია უკანონო ხელშეკრულებები და პროცესი, რომელსაც თბილისი ანექსიისკენ გადადგმულ ნაბიჯს უწოდებს:

„საქართველოს ხელისუფლება, ისევე როგორც საერთაშორისო თანამეგობრობის დიდი ნაწილი, გადაჭრით უარყოფდა რუსეთის ე.წ. ხელშეკრულებებზე დაფუძნებულ ურთიერთობებს აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთთან. შესაბამისად, საუბარია ე.წ. ხელშეკრულებაზე „მოკავშირეობისა და სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ“ და ე.წ. ხელშეკრულებაზე „მოკავშირეობისა და ინტეგრაციის შესახებ“. ორივე ამ ე.წ. ხელშეკრულებასთან დაკავშირებით პროცესები საანგარიშო პერიოდშიც განვითარდა. კერძოდ, 20016 წლის 22 ნოემბერს რუსეთის ხელისუფლებამ დაასრულა პროცედურები აფხაზეთში გაერთიანებული სამხედრო ჯგუფის შექმნისა, რომელშიც წარმოდგენილი იქნებიან რუსეთისა და აფხაზეთის სამხედროები. 2017 წლის 14 მარტს კი რუსეთის პრეზიდენტმა დაამტკიცა წინადადება სამხრეთ ოსეთის ცალკეული შეიარაღებული ნაწილების რუსეთის შეიარაღებული ძალების შემადგენლობაში გაერთიანების თაობაზე“.

ევროსაბჭოს მინისტრთა კომიტეტის სხდომაში მონაწილეობის მისაღებად სტრასბურგში საგანგებოდ ჩავიდა საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე დავით ზალკალიანი. რადიო თავისუფლება ტელეფონით დაუკავშირდა და მან ჩვენთან საუბრისას აღნიშნა, რომ ტორბიორნ იაგლანდის ანგარიშის მოსმენის შემდეგ გამართული დებატები იყო საკმაოდ მწვავე რუსეთისთვის და მონაწილეებმა გამოხატეს მტკიცე მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ:

„გამომსვლელთა რაოდენობა იყო ძალიან დიდი. ევროკავშირმა გააკეთა დამგმობი განცხადება რუსეთის ფედერაციის დესტრუქციულ ქმედებებთან დაკავშირებით. ასევე სუამის სახელით გაკეთდა განცხადება. ევროკავშირის განცხადების გარდა, 28 ქვეყანამ ინდივიდუალურად, ცალ-ცალკე შეაფასა რუსეთის უკანონო ქმედებები ოკუპირებულ ტერიტორიებზე. მათ მოუწოდეს რუსეთს, რომ დაუყოვნებლივ შეასრულოს ნაკისრი ვალდებულებები, ასევე პატივი სცეს საერთაშორისო სამართლის პრინციპებს და საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას; ასევე მისცეს საშუალება საერთაშორისო თანამეგობრობას ჰქონდეს წვდომა ოკუპირებულ ტერიტორიებზე“.

მართალია, ეს არ არის სავალდებულო ხასიათის, პირდაპირი მოქმედების დოკუმენტი და რუსეთი ისედაც უკვე დიდი ხანია აბსოლუტურად უგულებელყოფს ევროსაბჭოს შეფასებებს, მაგრამ, როგორც საერთაშორისო ურთიერთობათა სპეციალისტმა ზაზა შენგელიამ უთხრა რადიო თავისუფლებას, ეს არის დოკუმენტი, რომელსაც საერთაშორისო თანამეგობრობა აუცილებლად გაითვალისწინებს:

„ეს არის ნეიტრალური და სანდო წყაროს მიერ წარმოდგენილი ანგარიში, რომელიც აღწერს რეალურ სიტუაციას. ამ კონფლიქტებში ჩართული მხარეებისგან დამოუკიდებელი, ოკუპირებულ ტერიტორიებთან მიმართებით კომპეტენტური და ჩამოყალიბებული აზრი არის ეს და ის არის სანდო როგორც საერთაშორისო ორგანიზაციებისთვის, ასევე მედიასაშუალებებისთვის, დიპლომატებისთვის და ნებისმიერი ადამიანისთვის თუ ორგანიზაციისთვის, რომელიც შეიძლება დაინტერესდეს ამ სიტუაციით. აქედან გამომდინარე, ის დასკვნები და ის აქცენტები, რომლებიც არის დასმული ამ დოკუმენტში, - ენის შეზღუდვა, გადაადგილების შეზღუდვა, - წარმოადგენს ადამიანის ძირითადი უფლებების დარღვევას. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ეს არის ხაზგასმული ამ დოკუმენტში“.

ევროსაბჭოს გენერალური მდივნის, ტორბიორნ იაგლანდის, საქართველოსთან დაკავშირებული ანგარიში ასახავს პრობლემებს, რომლებთან მიმართებითაც არაერთხელ მოგვისმენია საერთაშორისო თანამეგობრობის შეშფოთება. როგორც დავით ზალკალიანმა უთხრა რადიო თავისუფლებას, 19 აპრილს ევროსაბჭოს მინისტრთა კომიტეტის ფორმატში გამართულ დებატებზე რუსეთი უმცირესობაში აღმოჩნდა. ასევე არავინ გაიზიარა რუსეთის პოზიცია, რომლის მიხედვითაც აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში საერთაშორისო ორგანიზაციების შესვლასა და ჰუმანიტარული მისიების მუშაობას ხელს უშლის კანონი „ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ“.

  • 16x9 Image

    ლელა კუნჭულია

    რადიო თავისუფლების ჟურნალისტი. ძირითადად მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს ეკონომიკისა და ადამიანის უფლებების თემებს. მუშაობდა პრაღაში, რადიო თავისუფლების სათავო ოფისში. სხვადასხვა დროს მიჰყავდა გადაცემები. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში დოკუმენტური ფილმისთვის "პანკისის სტიგმა".  რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2000 წლიდან.

XS
SM
MD
LG