Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ქართული ზღვის თევზი ევროკავშირის ბაზარზე გავა


ევროკავშირმა საქართველო დაამატა მესამე ქვეყნების იმ ჩამონათვალს, საიდანაც შესაძლებელია ევროპის ბაზარზე შავი ზღვის თევზისა და თევზის პროდუქტების შეტანა,- განაცხადეს სოფლის მეურნეობის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა და ევროკავშირის ელჩმა საქართველოში იანოშ ჰერმანმა მედიის წარმომადგენლებთან შეხვედრაზე. ევროკავშირთან ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმების საფუძველზე, მატყლისა და თაფლის შემდეგ, ქართული ზღვის თევზი მესამე ცხოველური პროდუქტია, რომელიც ევროკავშირის ბაზარზე გავა.

გადმოწერა

ქართული თევზის მწარმოებელი კომპანიები თევზისგან - ძირითადად ქაფშიასგან - თევზის ფქვილსა და თევზის ზეთს აწარმოებენ, ადგილობრივი ბაზრისთვის კი მცირე რაოდენობით ადამიანების საკვებად განკუთვნილი თევზის ცოცხალი სახით რეალიზაციასაც ახორციელებენ. ქართული თევზის ფქვილი, რომლისგანაც ძირითადად თევზის კომბინირებული საკვები მზადდება, პროტეინების მაღალი პროცენტული შემცველობით გამოირჩევა და მასზე საკმაოდ დიდი მოთხოვნა იყო, თუმცა აქამდე საქართველოში წარმოებული თევზის ფქვილი და ზეთი მხოლოდ თურქეთში იყიდებოდა, - განაცხადა სოფლის მეორნეობის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა სამინისტროში გამართულ ბრიფინგზე, - ახლა კი შესაძლებელი ხდება ქართული პროდუქტი ევროკავშირის ბაზარზე იქნეს გატანილი, რაც გაცილებით მეტ შემოსავალს მოუტანს თევზის მრეწველობას საქართველოში:

ყველაზე მნიშვნელოვანი ის არის, რომ ევროკავშირის ინსპექტორებს არ დასჭირდეთ საქართველოში ჩამოსვლა და ამ საწარმოების სათითაოდ ინსპექტირება და ეს ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ევროკავშირი აღიარებს საქართველოში არსებულ სურსათის უვნებლობის სისტემას და ენდობა...
ზურაბ ჩეკურაშვილი

„შავი ზღვის ქაფშიას და სხვა თანმდევ პროდუქტებს გააჩნია დიდი პოტენციალი ევროკავშირის ბაზარზე წვდომის. დაახლოებით, 30 მილიონ დოლარამდე ექსპორტი ხორციელდება თურქეთში და თურქეთი იყო საქართველოსთვის, ფაქტობრივად, ერთადერთი ბაზარი. დღეისათვის საშუალება გვექნება, რომ უფრო მაღალი მსყიდველობითი ღირებულების ბაზარზე - 500-მილიონიან ბაზარზე - გაგვიჩნდეს წვდომა. ეს ნიშნავს, რომ გაჩნდება ალტერნატივები, გაჩნდება დიდი სტიმული საქართველოში თევზჭერის განვითარებისთვის და მთლიანად ინდუსტრიის განვითარებისთვის“.

საქართველოდან ევროკავშირის ბაზარზე ზღვის თევზის ექსპორტის უფლება 5-მა კომპანიამ მოიპოვა. ქართულმა მხარემ ევროკომისიაში განაცხადი მესამე ქვეყნების სიაში საქართველოს შეყვანის მიზნით ჯერ კიდევ 2014 წელს წარადგინა. ამის საფუძველზე, სურსათის უვნებლობის სახელმწიფო კონტროლის სისტემის, ასევე, ევროკავშირში საექსპორტოდ განკუთვნილი თევზისა და თევზის პროდუქტების წარმოების ადგილზე აუდიტის განსახორციელებლად, საქართველოში ევროკომისიის ჯანმრთელობისა და სურსათის უვნებლობის გენერალური დირექტორატის (DG SANTE - Directorate General Health and Food Safety) სურსათისა და ვეტერინარიის ოფისის (FVO – Food and Veterinary office ) აუდიტორ-ინსპექტორები იმყოფებოდნენ. ქართული კანონმდებლობის ევროკავშირის კანონმდებლობასთან თავსებადობის უზრუნველყოფისა და ვეტერინარული კონტროლის ამაღლების შემდეგ შესაძლებელი გახდა საქართველოში წარმოებული თევზისა და მისი პროდუქტების ევროკავშირის ბაზარზე იმპორტირება, - განაცხადა სურსათის ეროვნული სააგენტოს უფროსმა ზურაბ ჩეკურაშვილმა:

„შემოწმება გაიარა ხუთმა საწარმომ საქართველოში, რომელთა სიაც გადაეგზავნება ევროკავშირს. ყველაზე მნიშვნელოვანი ის არის, რომ ევროკავშირის ინსპექტორებს არ დასჭირდეთ საქართველოში ჩამოსვლა და ამ საწარმოების სათითაოდ ინსპექტირება და ეს ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ევროკავშირი აღიარებს საქართველოში არსებულ სურსათის უვნებლობის სისტემას და ენდობა“.

სოფლის მეურნეობის სამინისტროში გამართულ ბრიფინგს ესწრებოდა ევროკავშირის ელჩი საქართველოში იანოშ ჰერმანი. მისი სიტყვებით, მომავალში სულ უფრო მეტ ქართულ სასოფლო-სამეურნეო პროდუქციას ექნება ევროკავშირის ბაზარზე მოხვედრის შესაძლებლობა:

იანოშ ჰერმანი
იანოშ ჰერმანი

„როდესაც ადრე მიღებულ გადაწყვეტილებაზე ვისაუბრეთ, რომელიც თაფლის გატანას შეეხებოდა, ჩვენ შევთანხმდით, რომ ეს ტკბილი სიახლე იყო, ეს სიახლე წინანდელივით ტკბილია, იმიტომ რომ საქართველოს კარგი პოტენციალი აქვს ევროკავშირში თევზის ექსპორტისა. მინდა გითხრათ, რომ ეს გადაწყვეტილება პროცესის ნაწილია და უფრო და უფრო მეტ ქართულ სასოფლო-სამეურნეო პროდუქტს გაეხსნება გზა ევროკავშირის ბაზრისკენ, რომელიც მსოფლიოს უდიდესი ბაზარია“.

როგორც ვებგვერდის „ევროპა საქართველოსთვის“ მკვლევარი ზურაბ მოდებაძე ამბობს, ევროკავშირის ბაზარზე თევზისა და მისი პროდუქტების მწარმოებელი ქართული საწარმოების გასვლა, ფინანსური მოგების გაზრდის გარდა, იმითაცაა მნიშვნელოვანი, რომ საქართველოს მიმართ ინტერესი და აქ ახალი საწარმოების გახსნის სურვილი უცხოელ ინვესტორებშიც იზრდება.

„ერთ-ერთი კომპანია 15 მილიონის ინვესტირებას გეგმავს და მოლაპარაკებები აქვს ლიცენზიანტებთან. ისინი აპირებენ აწარმოონ არა მხოლოდ იაფი პროდუქტები - თევზის ფქვილი და ზეთი, არამედ ადამიანების საკვებად გამოსადეგი თევზის ფილეც, რაც, მათი მტკიცებით, მეტ ღირებულებას შესძენდა ამ წარმოებას, თუ ეს საწარმო დაფუძნდებოდა საქართველოში ფრანგების, იტალიელებისა და ჩეხების მონაწილეობით. მათ ამის გარკვეული იმედიც აქვთ “, - განაცხადა ვებგვერდის „ევროპა საქართველოსთვის“ მკვლევარმა ზურაბ მოდებაძემ რადიო თავისუფლებასთან საუბარში.

  • 16x9 Image

    ნინო ხარაძე

    ახალი ამბების რედაქტორი. მუშაობს საშინაო და საგარეო პოლიტიკური საკითხების, კონფლიქტების, ადამიანის უფლებათა და უმცირესობების თემების გაშუქებაზე. მიჰყავდა პროგრამები „გენდერული ამბები“ და „გადაკვეთის წერტილი“. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2010 წლიდან. 

XS
SM
MD
LG