14 ივლისს, ღამის 11 საათზე, საფრანგეთის საკურორტო ქალაქ ნიცაში ათობით ადამიანს თავს მაშინ დაესხნენ, როდესაც ისინი ბასტილიის დღეს, საფრანგეთის ეროვნულ დღესასწაულს აღნიშნავდნენ და საზეიმო ფოიერვერკებს უყურებდნენ. სატვირთო ავტომანქანა მთელი სიჩქარით შევარდა ხალხში, ორი კილომეტრი იარა და ბოლო მონაცემებით სულ ცოტა 84 ადამიანის სიცოცხლე შეიწირა. დაშავდა ასზე მეტი ადამიანი. პარიზსა და ნიცაში სახელმწიფო დროშები დაუშვეს - საფრანგეთში გლოვაა გამოცხადებული. საფრანგეთის პრეზიდენტმა ფრანსუა ოლანდმა მომხდარსტერორისტული აქტი უწოდა. მომხდარ ტრაგედიას ეხმაურებიან თბილისშიც - ამ დროისათვის ნაპოვნია ნიცაში მცხოვრები ოთხი ქართველიც, რომელთაც ოჯახის წევრებიტრაგედიის შემდეგ ეძებდნენ.
84 დაღუპული, მათ შორის 10 ბავშვი, 100-ზე მეტი დაშავებული, 18 კრიტიკულ მდგომარეობაში, დაშავებულთა შორის 2-დან 15 წლამდე 15 ბავშვი - ასეთია ნიცაში მომხდარი თავდასხმის შედეგების ამ დრომდე არსებული სტატისტიკა. მოკლულია თავდამსხმელიც. სააგენტო „როიტერმა“ გაავრცელა ცნობა, რომ ის, სავარაუდოდ, ნიცაში მცხოვრები 31 წლის ტუნისელია, რომლის ვინაობაც პოლიციისათვის ადრეც იყო ცნობილი მისი დანაშაულებრივი ქმედებების გამო. მისი საბუთები სატვირთო ავტომობილში იპოვეს, რომლითაც ის ხალხით სავსე სანაპირო ზოლში შეიჭრა. ამ ეტაპზე დაღუპულთა და დაშავებულთა შორის საქართველოს მოქალაქეების არსებობის შესახებ ინფორმაცია არ არსებობს. როგორც საქართველოს ელჩმა საფრანგეთში ეკა სირაძე-დელონემ უთხრა რადიო თავისუფლებას სატელეფონო ინტერვიუში, იპოვეს ნიცაში მყოფი ის ოთხი ქართველიც, რომელთაც ოჯახის წევრები ვერ უკავშირდებოდნენ. თავად ქალაქში კი, არა მხოლოდ შემთხვევის ადგილი, არამედ ქალაქის სხვა უბნებიც დაცარიელებულია და დადუმებულია, გვითხრა ეკა სირაძე დელონემ:
„ამ წუთამდე ქართველები არც დაშავებულებში და არც მსხვერპლთა შორის არ ფიქსირდებიან, თუმცა რადგან ყველა ადამიანი არ არის ამოცნობილი, ჯერ ამ თვალსაზრისით ბოლომდე თავს ვერ დავიმშვიდებთ. საფრანგეთში სულ 9000-მდე ქართველი ცხოვრობს, მათგან უმრავლესობა პარიზში. ასევე საკმაოდ დიდი რაოდენობა ქართველებისა ცხოვრობს ნიცასა და სტრასბურგში. თუმცა ზუსტი სტატისტიკა არ გვაქვს, რადგან მათი ნაწილი საგრანგეთში არალეგალურად იმყოფება და საელჩოს მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ მიმართავს, თუ მათ ეს სჭირდებათ“.
კრიტიკული კითხვები გაისმის, როგორც პოლიტიკოსებისგან, ისე ხალხისსგან. ნიცის მერი ხმამაღლა აკრიტიკებს სამართალდამცველებს და შინაგან საქმეთა მინისტრისგან მოითხოვს პასუხს. მოქალაქეებიც მოითხოვებ პასუხებს...ეკა სირაძე-დელონე
ეკა სირაძე-დელონე ამბობს, რომ განსხვავებით პარიზის ნოემბრის ტერაქტისგან, ამჯერად მეტი კრიტიკა გაისმის როგორც მოსახლეობის, ისე პოლიტიკოსების მხრიდან. ისმის კითხვა, იმ ფონზე, როდესაც „ისლამური სახელმწიფო ავრცელებდა ვიდეო მიმართვებს ევროპის საზღვაო კურორტებზე თავდასხმების შესახებ, როგორ მოხდა, რომ პოლიციამ ვერ დაიცვა უსაფრთხოება. როგორ გაეპარათ იარაღით სავსე სატვირთო ავტომობილი, რომელმაც ხალხში ორი კილომეტრის მანძილზე იარა და ის ვერავინ შეაჩერა:
„კრიტიკული კითხვები გაისმის, როგორც პოლიტიკოსებისგან, ისე ხალხისსგან. ნიცის მერი ხმამაღლა აკრიტიკებს სამართალდამცველებს და შინაგან საქმეთა მინისტრისგან მოითხოვს პასუხს. მოქალაქეებიც მოითხოვებ პასუხებს. და ეს არის განწყობა უკვე ძალიან განსხვავდება იმ განყობისგან , რომელიც იყო საფრანგეთში „შარლი ებდოს“ დროს თუ ნოემბერში მომხდარი ტერორისტული აქტების შემდეგ, როცა ყველა ამბობდა, რომ ერთად დგომა იყო საჭირო, როცა კრიტიკას ერიდებოდნენ და აცხადებდნენ, რომ გამოძიების დასრულებას უნდა დალოდებოდნენ და იმედი ჰქონდათ, რომ მათ კითხვევს პასუხები გაეცემოდა“.
ნიცაში მომხდარი თავდასხმის გამო საფრანგეთში საქართველოს საელჩომ საქართველოს მოქალაქეებისთვის ცხელი ხაზის ნომერიც გამოაქვეყნა, რომელზეც მათ შეუძლიათ დარეკონ - +337833186 89.
საქართველოში ნიცის ტრაგედიას ეხმაურებიან პოლიტიკოსები. საგარეო საქმეთა სამინისტრო მკაცრად გმობს საფრანგეთის რესპუბლიკის ეროვნული დღესასწაულის - „ბასტილიის აღების დღეს“, ქალაქ ნიცაში მშვიდობიან მოსახლეობაზე მომხდარ თავდასხმას, რომელსაც ათეულობით ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.
”შეძრწუნებულნი ვართ განხორციელებული ბარბაროსული თავდასხმის შედეგად დატრიალებული ტრაგედიის გამო და ამ უმძიმეს წუთებში, სოლიდარობას და მხარდაჭერას ვუცხადებთ ფრანგ ხალხსა და ხელისუფლებას. საქართველო მკაცრად გმობს მომხდარ ფაქტს. მიგვაჩნია, რომ აღნიშნული თავდასხმა წარმოადგენს სასტიკ გლობალურ დანაშაულს და მიმართულია მსოფლიოში მშვიდობის წინააღმდეგ”, - ვკითხულობთსაგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.
„ქართველი ხალხის სახელით ვუსამძიმრებ ფრანგ ხალხს, მათ გვერდით ვდგავართ, ვგრძნობთ და ვიზიარებთ მათ ტკივილს: - ასე გამოეხმაურა ნიცაში მომხდარ ტერორისტულ აქტს საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი.
„მომხდარი ნიშნავს იმას, რომ ყველანი ძალიან ფრთხილად უნდა ვიყოთ და ბუნებრივია, უნდა ამაღლდეს უსაფრთხოების ზომები და საზოგადოება უნდა იყოს დეტალურად ინფორმირებული რა ვითარებაში როგორ მოიქცეს. სამართალდამცველებიც აქტიურად უნდა იყვნენ ჩართული. საქართველო ამ თვალსაზრისით არის სახელმწიფო, რომლის უშიშროების სამსახურები ძალიან ეფექტურად მუშაობენ ამ მიმართულებით და დარწმუნებული ვარ მომავალშიც გაგრძელდება ეფექტური მუშაობა“, - აღნიშნა საქართველოს პრეზიდენტმა.
„არ შეიძლება ტერორისტული ქმედებების ასეთი ჯაჭვი დარჩეს, როგორც ამბავი, რომელზეც გაბრაზებული ლიდერები ცხელ გულზე განცხადებას გააკეთებენ, - განაცხადა „რესპუბლიკური პარტიის“ წევრმა თინა ხიდაშელმა. მისი თქმით, ტერორიზმმა ცინიკური და მასშტაბური ხასიათი მიიღო და საჭიროა მსოფლიოს გამოფხიზლება რეალური უსაფრთხოების თვალსაზრისით.
„აბსოლუტურად ნათელია, რომ პარიზის, ბრიუსელის, სტამბოლის ტერორისტული აქტების შემდეგ არათუ შემცირდა, გაცილებით უფრო ცინიკური და მაშტაბური ხასიათი მიიღო ტერორიზმის გამოვლინებამ ევროპაში. ჩვენ თურქეთში უამრავ ქალაქში ვნახეთ, ამ ბოლო პერიოდის განმავლობაში და გუშინ ნიცაში. დიახ, ევროპა ებრძვის ტერორიზმს, ბევრი ღონისძიება ხორციელდება ამისთვის, მაგრამ ჩვენ კვირიდან კვირამდე ვრწმუნდებით რომ ეს არასაკმარისია. იმ საფრთხის, რომლის წინაშეც დღეს სამყარო დგას, გამოწვევა აქვს უფრო დიდი ვიდრე ვხედავთ პასუხს“, - აღნიშნა თინა ხიდაშელმა.
ღრმა მწუხარებას გამოთქვამს და თანაგრძნობას უცხადებს დაღუპულთა ოჯახებს, ფრანგ ხალხს და საფრანგეთის მთავრობას საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილიც.
„შემაძრწუნებელია ტრაგედია, რომელიც საფრანგეთის ქალაქ ნიცაში მოხდა. წარმოუდგენელ სისასტიკეს უდანაშაულო ადამიანების, მათ შორის, ბავშვების სიცოცხლე ემსხვერპლა... ეს არის უდიდესი გამოწვევა მთელი ცივილიზებული მსოფლიოს წინაშე. მე მჯერა, რომ დემოკრატიული სამყარო საერთო ძალებით შეძლებს ამ ბოროტების დამარცხებას და მსოფლიოში მშვიდობა დაისადგურებს. ჩვენ დარწმუნებული ვართ, რომ თავისუფლების იდეა, რომელიც ბასტილიის დღეს უკავშირდება და რის გამოც გუშინ სასტიკად გაუსწორდნენ თავისუფალ მოქალაქეებს, უკვდავია და ის აუცილებლად გაიმარჯვებს“, - ნათქვამია პრემიერის სამძიმრის წერილში.
ნიცაში მომხდარ ტრაგედიას გამოეხმაურა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი. სამძიმრის წერილში ვკითხულობთ, რომ ნიცაში მომხდარი ამბავი კიდევ ერთი დასტურია იმისა, რომ ტერორიზმი თანამედროვეობის უდიდესი ბოროტებაა, რომელსაც მთელი ცივილიზებული სამყარო გაერთიანებული ძალებით უნდა ებრძოლოს.
საფრანგეთში სამდღიანი გლოვა გამოცხადდა. თბილისში კი, საფრანგეთის საელჩოსთან სოლიდარობის აქცია დაიგეგმა.